კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან – “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
80 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი – პარტიული აკრძალვები და შეზღუდული საარჩევო უფლებები
ევროპა რუსეთის მხრიდან ღრმა დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს – პოლონეთის საგარეო მინისტრის განგაში
* * *
კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან – “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”
“კრემლი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდაზე კვლავ უარს აცხადებს და ამბობს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს. ერთის მხრივ ის 2022 წლის მარტიდან ევროპული საბჭოდანაა გარიცხული სამხედრო აგრესიის გამო, თუმცა, მეორეს მხრივ ანალიტიკოსები ამბობენ, რომ არც ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით გადაიხდის დაკისრებულ მილიონებს, რადგან ეს ავტომატურად ნიშნავს აღიაროს, რომ დამნაშავეა. “რუსეთი საქართველოსთვის კომპენსაციის გადახდის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს”, – განაცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე. დამატებით კითხვაზე, კომპენსაციის გადახდა რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დათბობას ხელს შეუწყობდა თუ არა, პესკოვმა უპასუხა, რომ “ეს ცალკე საკითხია”. 2022 წლის 16 მარტს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესიის გამო, რუსეთი ევროსაბჭოდან გარიცხეს. ამავე წლის 16 სექტემბრიდან ის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მხარეს აღარ წარმოადგენს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით კრემლში აცხადებენ, რომ საქართველოს კომპენსაციას არ გადაუხდიან – “ეს მილიონები არსად არ გაქრება, რუსეთს მისი გადახდა მოუწევს”.
“თავად რუსეთის ხელისუფლებაც პერიოდულად აცხადებს, რომ მისი გარიცხვის შემდეგ მიღებულ გადაწყვეტილებებს არ ასრულებს, თუმცა, არც მანამდე ასრულებდა. მაგალითად, 2019 წლის 31 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ რუსეთს 10 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა 2006 წელს ქვეყნიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციისას ადამიანის უფლებათა დარღვევისთვის. თანხის გადახდის ვადად სასამართლომ 2019 წლის 30 აპრილი განსაზღვრა, თუმცა რუსეთი დღემდე არ ასრულებს ამ ვალდებულებას. შავი ზღვის უნივერსიტეტის პროფესორი და ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე აცხადებს. რომ რუსეთი არც ერთ შემთხვევაში თავისი ნებით კომპენსაციას არ გადაიხდის, რადგან ამით ავტომატურად აღიარებს რომ დამნაშავეა. ანალიტიკოსი გია აბაშიძე მიიჩნევს, რომ ეს თანხები არსად არ წავა, აკუმულირდება და შესაბამის დროს რუსეთი მაინც გადაიხდის ამ კომპენსაციას”, – აღნიშნავს გამოცემა.
“რუსეთი კომპენსაციას არ გადაიხდის, რადგან ამით გამოუვა, რომ ის დამნაშავეა ომში და აქედან გამომდინარე, ის დანაშაულს არ აღიარებს. ე.წ. ურთიერთობის დათბობის კუთხით იქ სავიჟო რეჟიმი გააუქმა და დათბობის მიზნითაც არ გადაიხდის კომპენსაციას. შესაძლებელია ევროპამ გზა გამოძებნოს ჩვენთვის ამ თანხის ანაზღაურების მიზნით. ვიცით, რომ რუსეთს 300 მილიარდი დოლარი აქვს გაყინული, საქართველოს რომ პრინციპული ხელისუფლება ჰყავდეს, საერთაშორისო სამართლის პრინციპების უხეშად დამრღვევ ქვეყანას თანხის გადახდას მოსთხოვდა, ან ბოლობოლო ევროკავშირს სთხოვდა, რომ თავის დროზე რუსეთს რომ ეკუთვნოდა, იმ თანხა მოეცათ, მაგრამ ბუნებრივია საქართველოს ხელისუფლება ახლა ამას არ მოითხოვს”, – დაასკვნის გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ნიკა ჩიტაძე.
“სტრასბურგის ბოლო გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ე.წ. რუსული მთავრობა, ანუ “ქართული ოცნების” ეროვნული ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ინტერესების ბოლომდე დასაცავად იბრძვის ყველა საერთაშორისო სასამართლო ინსტანციაში. ეს პროცესი არ გაჩერდება, იმის მიუხედავად, თუ როგორი წინაღობები შეხვდება მას ოკუპანტი რუსეთისგან, ან რა უსირცხვილო კრიტიკა ექნება შიდა ნაცაქტორებისგან. რაც შეეხება თანხების გადახდას, ეს საკომპენსაციო მილიონები არსად არ გაქრება. ამ თანხების ე.წ. დაწვა არ მოხდება, აკუმულირდება და როდესაც ამის დიპლომატიურ-პოლიტიკური შესაძლებლობა იქნება, რუსეთს, რასაკვირველია, მისი გადახდა მოუწევს ქართველი ხალხისთვის და არა საქართველოს მთავრობისთვის. ეს არის ქართველი საზოგადოებისთვის მინიმალური კომპენსაცია რა ზარალიც მათ მოგვაყენეს სააკაშვილის თანაოკუპაციის წყალობით 2008 წელს. იმის ძალიან უბადრუკი მტკიცება, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლება ცდილობს კრემლის პოლიტიკა გაატაროს, ეს ფული უნდა დაბლოკოს და ა.შ. ისეთივე სამარცხვინო და უსუსურია, როგორც შარშამდელ არჩევნებში ე.წ. გაჟონილი ბიულეტენები და წელს, ე.წ. გადახერხილი ღობე პრეზიდენტის რეზიდენციაში”, – ამტკიცებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია აბაშიძე.
“საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 14 ოქტომბრის განცხადებაში ნათქვამია, რომ კომპენსაციის თაობაზე სტრასბურგის სასამართლომ (“საქართველო რუსეთის წინააღმდეგ”, საქმის IV ფაზა) გადაწყვეტილება 2025 წლის 14 ოქტომბერს გამოაცხადა, რომლის მიხედვით, სასამართლომ გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია და მტკიცებულებები. შედეგად, რუსეთის ფედერაციას საქართველოს დაზარალებული 29 000-ზე მეტი მოქალაქის სასარგებლოდ 253 018 000 ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. სამინისტროსვე ცნობით, ამ საქმეზე 2024 წლის 9 აპრილს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლითაც რუსეთს დაეკისრა სრული პასუხისმგებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმების, მკვლელობებისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის ფონზე მიმდინარეობს”, – განაგრძობს გამოცემა.
“დღევანდელი გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ მოგებული ისტორიული საქმეების ლოგიკური გაგრძელებაა. “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)” ე.წ. დეპორტირებულების საქმეში, რომელიც რუსეთიდან ქართველების მასობრივ გაძევებას უკავშირდებოდა, სტრასბურგის სასამართლომ ეთნიკური ქართველების მასობრივი დეპორტაციისა და მათ მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო რუსეთის ფედერაციას 10 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დააკისრა. ასევე, საზოგადოებისათვის ცნობილია გადაწყვეტილება “საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ე.წ. 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, რომლითაც აგვისტოს ომისა და შემდგომ პერიოდში საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი მასობრივი დარღვევებისთვის რუსეთის ფედერაციას 130 მილიონამდე ევროს გადახდის ვალდებულება დაეკისრა. “მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია აღარ არის ევროპის საბჭოს წევრი, მას რჩება გადაწყვეტილებების აღსრულების სამართლებრივი ვალდებულება და ყველა გადაცილებულ დღეზე შესაბამისი ჯარიმა ეკისრება”, – ნათქვამია ინფორმაციაში”, – დასძენს გამოცემა.
80 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი – პარტიული აკრძალვები და შეზღუდული საარჩევო უფლებები
“პარლამენტმა 80-ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ. ოპოზიცია ხელისუფლებას ავტორიტარიზმში ადანაშაულებს, მმართველი გუნდი კი აცხადებს, რომ კანონპროექტი საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად ქვეყნის ინტერესებს იცავს. “ქართული ოცნების” კანონის პროექტი პლენარულ სხდომაზე დაჩქარებული წესით გავიდა. მანამდე საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა. საკანონმდებლო ცვლილებებით, კონკრეტული პარტია თუ იკრძალება, მის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ პასიური საარჩევნო უფლებით, ანუ მათ აღარ შეეძლებათ, იყვნენ არჩეული, მაგალითად – საქართველოს პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, მათ შეეზღუდებათ კონსტიტუციაში დასახელებული ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ, გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე, ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით 80 ხმა და არც ერთი წინააღმდეგი – პარტიული აკრძალვები და შეზღუდული საარჩევო უფლებები.
“ამ ცვლილებების ამოქმედების შემდეგ და მას შემდეგ, რაც “ქართული ოცნების” გუნდი საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს და მოითხოვს როგორც კონკრეტული პარტიების აკრძალვას, ასევე მათთან დაკავშირებული პირებისთვის ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების შეზღუდვას, ჩვენს პოლიტიკაში ჩართული აგენტურა დასრულდება. ეს სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციასთან, ისე სტრასბურგის საერთაშორისო სასამართლოს პრაქტიკასთან. ამავდროულად, ევროპის არაერთ ქვეყანაში არაერთი პარტიაა აკრძალული და არაერთ პირს აქვს შეზღუდული პოლიტიკური აქტივობა,” – აღნიშნა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ. ამასთან, პარტიას, რომელიც ასეთ პირებს საკუთარ რიგებში გააწევრიანებს, “სისხლის სამართლის კოდექსით” გათვალისწინებული პასუხისმგებლობა – ჯარიმა დაეკისრება. გარდა ამისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა ფინანსურ-ეკონომიკურ დანაშაულზე გასამართლებულ პირებთან დაკავშირებით მომზადებულ ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტსაც”, – აღნიშნავს გამოცემა.
“როგორც კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, ცვლილების თანახმად, მსჯავრდებულს საქართველოდან გასვლა აეკრძალება არა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, არამედ იმპერატიულად, თუკი ამისთვის სამი წინაპირობა იარსებებს. “პირველი პირობის თანახმად, მსჯავრდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ ისეთ ეკონომიკურ და ფინანსურ დანაშაულებზე, როგორიც არის: თაღლითობა, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა, ნივთის დაზიანება, განადგურება, ქონების გადამალვა, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, გულგრილობა და ა.შ. მეორე პირობის თანახმად, მსჯავრდებული უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი. კიდევ ერთი აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ დაზარალებული კომპენსაციის გადახდის უზრუნველსაყოფად წერილობით არ უნდა აცხადებდეს უარს მსჯავრდებულისთვის საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე”, – განაცხადა ჭეიშვილმა. საინტერესოა ისიც, რომ პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში ორი ახალი მოსამართლე აირჩია. უმრავლესობის მხარდაჭერით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ლევან ნემსაძე და მიხეილ ჯინჯოლია გახდნენ”, – განაგრძობს გამოცემა.
“შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” ინიციატივით ცვლილებები “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანულ კანონში, “საარჩევნო კოდექსსა” და “სისხლის სამართლის კოდექსში” ხორციელდება. აღნიშნულ კანონებში დაგეგმილ ცვლილებებს მიმდინარე კვირას მეორე და მესამე მოსმენით მიიღებენ. გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ ეს კანონპროექტები “ოცნებას” ავტორიტარიზმთან უფრო აახლოვებს, ეს პროცესი კი იმ ოპოზიციონერებმა დააჩქარეს, რომლებიც 4 ოქტომბერს ქუჩაში გამოსვლის მოწოდებებს აჟღერებდნენ. პარტია “გახარია საქართველოსთვის” პოლიტსაბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის თქმით, რეჟიმი ყველაფერს გააკეთებს, რომ საკუთარი ძალაუფლება, მათ შორის კანონმდებლობით გააძლიეროს. “პოლიტიკური პროცესის მხოლოდ ქუჩის იმედად დატოვება, შემდეგ არჩევნების ბოიკოტი, რასაც მოჰყვა უკვე მშვიდობიანი დამხობა – მთელი ეს პროცესი არ მუშაობდა “ოცნების” საწინააღმდეგოდ და, როგორც აღმოჩნდა, მუშაობდა “ოცნების” სასარგებლოდ. ჩვენ ვამბობდით იმასაც, რომ ამ 4 ოქტომბრის ე.წ. მშვიდობიან დამხობას „ოცნება”, რა თქმა უნდა, გამოიყენებდა საკუთარი ავტოკრატიული რეჟიმის გასაძლიერებლად. ეს ასეც მოხდა”, – განაცხადა შარაშიძემ, რომლის აზრით, “ეს კანონპროექტები, ეს ყველაფერი არის იმ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შედეგი”, – დასძენს გამოცემა.
“ეს არის იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების საქმიანობის შედეგი, რომლებიც ადამიანებს 4 ოქტომბერს რუსთაველზე გამოსვლისკენ, ე.წ. მშვიდობიან დამხობაში მონაწილეობისკენ და არჩევნების ბოიკოტისკენ მოუწოდებდნენ. ამას ჰყავს თავისი კონკრეტული პასუხისმგებელი პირები ოპოზიციაში, თუნდაც ამ პარტიებმა და პოლიტიკოსებმა კეთილი ინებონ, გამობრძანდნენ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ”, – მიიჩნევს შარაშიძე. ნაცმოძარობაში კი აცხადებენ, რომ “რეჟიმს არ სჭირდება დამატებითი მოტივაცია რეპრესიებისთვის, ისედაც იმავეს იზამდა”. “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანი წითლიძის თქმით, “ეს ჯერ კიდევ აპრილში დაგვიანონსა ბიძინა ივანიშვილმა, მერე არაერთხელ გაიმეორა კობახიძემ. 4 ოქტომბრის მოწოდება ათონელზე არალეგიტიმური არ ყოფილა – “შეჭრა” არ ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უფლებას, თვითონ აიღონ ძალაუფლება ხელში. გაიქცა რომელიმე ლიდერი დაიმალა?” – წერს სოციალურ ქსელში წითლიძე, რომლის აზრით, მათ “საკუთარი თავგანწირვით ანახეს ის, როგორ უნდა ბრძოლა და სად არის რეჟიმის დამარცხების გზა”, – წერს სტატიის ავტორი.
“მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ “ოცნება” ხალხისთვის მიცემულ პირობას ასრულებს: “რეალურად, ქვეყანაში არანაირი ოპოზიციური ხმა არ არსებობს. ხმა, რომელიც ისმის და ქმედებები, რომელსაც ვხედავთ, არ არის ოპოზიცია, ესენი არიან ქვეყნის დესტრუქციისთვის მოქმედი ძალები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. მისივე თქმით, “შესრულდება “ქართული ოცნების” დაპირება – ქვეყანა გათავისუფლდება იმ პოლიტიკოსებისგან, რომლებიც ქვეყნის ჯაყჯაყით არიან დაკავებული და სურვილი აქვთ, ხელისუფლებაში აგენტურა იყოს. მათი დავალება კი ქვეყანას ომში გადაჩეხავს”, – დასძენს სტატიის ავტორი.
ევროპა რუსეთის მხრიდან ღრმა დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს – პოლონეთის საგარეო მინისტრის
“პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, ევროპა რუსეთის მხრიდან რეგიონის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს. სიკორსკიმ ევროპულ ქვეყნებს მოუწოდა, შეინარჩუნონ კურსი უკრაინის მხარდაჭერის საკითხში და იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი უკრაინას შორ მანძილზე მოქმედ “ტომაჰავკის” რაკეტებს გადასცემს რუსეთის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების გასაძლიერებლად. “დრონების კედლის” ინიციატივის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, სიკორსკიმ აღნიშნა რომ რუსეთს, სამწუხაროდ, შეუძლია “ევროპაში ღრმად შეაღწიოს”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ევროპა რუსეთის მხრიდან ღრმა დარტყმებისთვის მზად უნდა იყოს – პოლონეთის საგარეო მინისტრის განგაში / მაისაია: “ჩემი თვალით ვნახე, მდგომარეობა მართლაც საგანგაშოა”.
“მზად უნდა ვიყოთ ამის წინააღმდეგ საბრძოლველად და ამიტომ ვფიქრობ, რომ დრონებისა და დრონების საწინააღმდეგო შესაძლებლობების არშექმნა უპასუხისმგებლო იქნება”, – აღნიშნა სიკორსკიმ. მან ევროპას მოუწოდა, რომ უკრაინის მხარდაჭერა კიდევ სამი წლის განმავლობაში დაგეგმოს. “უკრაინელები ამ ომს სამ წელზე გეგმავენ, რაც გონივრულია. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ პუტინი, რომ მზად ვართ, ეს კურსი სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შევინარჩუნოთ”, – აღნიშნა სიკორსკიმ. საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის გეოპოლიტიკური კვლევების ხელმძღვანელი, ვახტანგ მაისაია სიკორსკის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ სავარაუდოდ, რუსეთი ჰიბრიდული ომიდან, სამხედროზე გადადის. როგორც მან აღნიშნა, თავად იყო პოლონეთ-ბელორუსიის საზღვარზე და ნახა იქ არსებული ვითარება”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე პირადად ვიყავი ბელორუსიისა და პოლონეთის საზღვარზე, დღეს ჩამოვედი და ვნახე, რომ სიტუაცია მართლაც საგანგაშოა. ფაქტობრივად, რუსეთი პირდაპირ ახორციელებს ჰიბრიდულ ომს პოლონეთისა და ლიტვის წინააღმდეგ. როგორც ჩანს, საუბარია იმაზე, რომ შესაძლოა რუსებმა გამოიყენონ შემტევი დრონები. ამ ეტაპზე რუსეთმა გამოიყენა სადაზვერვო დრონები, რომლის მეშვეობითაც ისინი ახორციელებდნენ აღმოსავლეთ-ცენტრალური ევროპის, ნატოს წევრი სახელმწიფოების სივრცეების შებღალვას – დანია, პოლონეთი, რუმინეთი, ლიეტუვა და ლატვია. ესტონეთში საერთოდ თანამედროვე ავიაგამანადგურებლებით შეიჭრნენ და ესტონეთის თავზე ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ნებივრობდნენ”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ მაისაია.
“როგორც ჩანს, რუსეთი ჰიბრიდული და ფსიქოლოგიური ომიდან, სამხედროზე გადადის. სავარაუდოდ, ამას გულისხმობდა სიკორსკი. სამწუხაროდ, ამას მეც ვიზიარებ, რადგან ჩემი თვალით ვნახე. სხვათა შორის, აღნიშნულ საზღვარზე ჩანან რუსი “ვაგნერის” სამხედრო ჯგუფის წარმომადგენლები და როცა ვცადე მათი გადაღება, იარაღი მომიშვირეს და ჰაერში გაისროლეს – ჩემს თვალწინ დავაფიქსირე აგრესიულად განწყობილი “ვაგნერის” სამი სამხედრო” – დასძენს ვახტანგ მაისაია.
