ნომერი „4“ წაგვართვეს წინასაარჩევნოდ და არც ამის გამო შეცვლილა რამე ჩვენს პოლიტიკურ საქმიანობაში და ახლა პარტიის სახელით ლაპარაკს თუ აგვიკრძალავენ, არც ეს შეცვლის არაფერს, ახლა როგორც ვლაპარაკობ, ისე ვილაპარაკებ აკრძალვის მერე, – ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ წევრი, დავით მჟავანაძე პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერას, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
როგორც მან„პალიტრანიუსის” გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, არჩევნებში მონაწილეობა და პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა აქამდეც შეზღუდული იყო და ამიტომ, ვერ ხედვას, რომ ამ კანონის შემოღება დრამატულად რამეს ცვლის იმიტომ, რომ არჩევნები აღარ ტარდება.
„პასიურ საარჩევნო უფლებას გვართმევენ, ე.ი. არჩევნებში მონაწილეობა არ შეგვეძლება, პოლიტიკური პარტიის სახელით აქტიურობა და ლაპარაკი არ შეგვეძლება – ესაა მთავარი მსუსხავი ეფექტი, რაც ჩანს, რომ ამ კანონს ექნება. ამას შეიძლება ისიც მოაყოლონ, რომ შეიძლება უნივერსიტეტშიც ვეღარ ასწავლო, შეიძლება ქვეყნიდან ვეღარ გახვიდე. როგორ გაამკაცრებენ, ეს ყველაფერი გამოჩნდება, მაგრამ ამ გადმოსახედიდან, გულწრფელად რომ გითხრათ, ამას ასე არ ვხედავ, რომ ამ კანონის შემოღება დრამატულად რამეს ცვლის ჩვენთვის, ან ამით დავასრულებთ პოლიტიკურ საქმიანობას, სახლში წავალთ და იქიდან აღარ გამოვალთ. არჩევნებში მონაწილეობა და პასიური საარჩევნო უფლებით სარგებლობა აქამდეც შეზღუდული იყო იმიტომ, რომ არჩევნები აღარ ტარდება. ბოლო არჩევნები ისეთი იყო, რომ მეორე არჩევნებში მონაწილეობა არც მივიღეთ. ამ უფლებით ისედაც არ ვსარგებლობთ.
თუ გაზაფხულზე არჩევნებს დანიშნავენ იმ პირობებში, რომ პოლიტიკური პარტიების უმეტესობა აკრძალული იქნება (ჩვენი ოთხივე პოლიტიკური ლიდერი ციხეშია და თუ ისევ ციხეში რჩება), თუ მედია დახურა (ფარას კანონი, მედიების კანონი ყველა გასაუქმებელია) , ზემოდან პარტიებსაც კრძალავს და არჩევნებში მონაწილეობის უფლებას არ აძლევს, პატიმრებსაც ციხეში ტოვებს, ეს არჩევნები როგორ იქნება? კიდევ უფრო უარესი იქნება, ვიდრე 4 ოქტომბრის არჩევნები იყო ან 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები იყო“, – განაცხადა დავით მჟავანაძემ.
პარლამენტმა 80-ხმით ერთხმად, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის გათვალისწინებით, კონკრეტულ პირებს პარტიული საქმიანობა, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების უფლება და არჩევნებში მონაწილეობა აეკრძალებათ.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით კონკრეტული პარტია აიკრძალება, აკრძალული პარტიის წევრებს და მასთან დაკავშირებულ პირებს არ ექნებათ შესაძლებლობა პასიური საარჩევნო უფლებით ისარგებლონ – მათ აღარ შეეძლებათ იყვნენ არჩეული პარლამენტსა და მუნიციპალიტეტებში. ამავდროულად, შეეზღუდებათ კონსტიტუციური ორგანოების ხელმძღვანელი თანამდებობების დაკავების უფლება, ვეღარ შეძლებენ გახდნენ სხვა პარტიის წევრები. ასევე ვერ გახდებიან სხვა პარტიების შემომწირველები.




