გასულ ღამეს და დღეს დილით განგაშის სიგნალი უკრაინის ყველა ოლქში ჩაირთო, მიზეზი, მორიგი მასობრივი სარაკეტო იერიში იყო. რუსეთის სამხედრო აეროდრომებიდან 10-ზე მეტი ბომბდამშენი აფრინდა, საიდანაც სხვადასხვა ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. კონკრეტული შეტევის შედეგად მიღებული ზიანი უკრაინის თავდაცვის ძალების გენშტაბს ამ ეტაპზე არ დაუზუსტებია.
დანაკარგების მიუხედავად, საოკუპაციო ძალა გაჩერებას არ აპირებს და ბოლო პერიოდში ცდილობს წნეხი როგორც ფრონტის ხაზზე, ასევე სიღრმეში, სარაკეტო იერიშებით გაზარდოს. უკრაინის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა აღიარებს, რომ მდგომარეობა გართულდა და მუდმივად ითხოვს დამატებით შეიარაღებას. ეს იყო მთავარი საკითხი დღეს უკრაინისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზეც. დმიტრო კულებამ ფრანგ კოლეგას მადლობა გადაუხადა გამბედაობისთვის, რადგან სარაკეტო იერიშებს არ შეუშინდა და კიევში ვიზიტის გეგმები არ შეცვალა. პრესკონფერენციაზე კულებამ ყურადღება გაამახვილა იმ საკითხზეც, თუ როგორ ცდილობს რუსეთი სანქციების მიუხედავად დასავლური ტექნოლოგიები სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენოს.
დამატებითი სამხედრო დახმარების მიწოდების აუცილებლობაში კოლეგების დარწმუნებას ცდილობს უკრაინის პრეზიდენტი. ამ მიზნით ზელენსკი გასული დღეების განმავლობაში ბალტიის სამივე სახელმწიფოს ეწვია, ამის შემდეგ უკვე კიევში უმასპინძლა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრს, რომლის ფარგლებში რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მოხდა. ხელი მოეწერა უსაფრთხოების ახალ ხელშეკრულებას, ასევე გაფორმდა გადაწყვეტილებები სამხედრო დაფინანსების 2.5 მლრდ გირვანქა სტერლინგამდე გაზრდის, სამხედრო თვითმფრინავების, უპილოტო აპარატების და სხვა ტიპის შეიარაღების შესყიდვის შესახებ.
რიში სუნაკთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე და იმ მოლოდინთან დაკავშირებითაც ისაუბრა, რომელიც ამერიკისგან სამხედრო დახმარების კუთხით აქვს.
შეიარაღებას, რომელიც უკრაინას თავდაცვისთვის ჭირდება, გრძელი ნუსხაა, თუმცა დღეს მთავარი აქცენტი ავიაციაზე კეთდება. “როიტერისთვის” მიცემულ ინტერვიუში სახმელეთო ჯარების მეთაურმა კონკრეტული მოდელიც დაასახელა, რომლის მიღებაც შეერთებული შტატებისგან სურთ.
უკრაინის თავდაცვის შესაძლებლობის ზრდაზე საუბრის პარალელურად, სამხედრო შესაძლებლობების დემონსტრირებას ახდენს რუსეთი. ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის მინისტრი დღეს ერთ-ერთ სამხედრო საწარმოს ეწვია.
რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დაახლოებით ერთ თვეში ორი წელი შესრულდება. ამ დროის განმავლობაში, გაეროს მონაცემებით, უკრაინაში 10 000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. არსებობს მყარი ვარაუდები, რომ ეს კონფლიქტი არათუ 2024 წელს, არამედ 2025-შიც არ დასრულდება. როგორ შეიცვლება ახლო მომავალში ბალანსი, რთულად პროგნოზირებადია, თუმცა ყველა ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოთქვამენ მოსაზრებას, რომ მიმდინარე წელი ომის ბედისთვის გარდამტეხი იქნება.