არჩილ გორდულაძე – ელინა ვალტონენთან დამატებითი შეხვედრა აზრს მოკლებულია – ავრცელებს აბსოლუტურ სიცრუეს და ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა

ელინა ვალტონენთან დამატებითი შეხვედრა, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია – მასთან ლაპარაკს და არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს, რადგან ავრცელებს აბსოლუტურ სიცრუეს და ცდილობს, რამენაირად გაამართლოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რაც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრის გაუქმებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, კატეგორიულად მიუღებელია ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევა და „ის დუმილი, თუ გაცხადებული მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ“.
„საგარეო საქმეთა მინისტრთან იყო შეხვედრა და ამ შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ პრესკონფერენციაზეც ვიხილეთ ჯერ როგორი სიცრუის კასკასი მოდიოდა კონკრეტული მინისტრისგან. ამავდროულად, ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ ვნახეთ, რომ გარედან დაფინანსებულ და დაორგანიზებულ აქციაზე მივიდა ის და ისეთი განცხადებები აკეთა, რომელიც პირდაპირ ერევა ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში. შესაბამისად, დამატებითი შეხვედრა, რა თქმა უნდა, აზრს მოკლებულია და ეს არის ერთ-ერთი დიპლომატიური ნაბიჯი გადადგმული, რომელიც უნდა გადადგას ღირსეული ქვეყნის ღირსეულმა პრემიერ-მინისტრმა. ვხედავთ, რომ ამ კონკრეტულ ადამიანთან ლაპარაკს და არგუმენტების გაცვლას აზრი არ აქვს, მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, იგი ავრცელებს აბსოლუტურ სიცრუეს და ცდილობს, ჩვენს ქვეყანაში რამენაირად გაამართლოს ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომლებიც 4 ოქტომბერს მიმდინარეობდა. სიტყვა არ დაუძრავს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ამავდროულად, ცდილობს, წაახალისოს ახალი კანონდარღვევები, ახალი დანაშაულები.
კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერ შემთხვევაში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ის დუმილი, თუ გაცხადებული მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია 4 ოქტომბრის მოვლენების მიმართ. როდესაც ადამიანი იკავებს მაღალ თანამდებობას, არის საგარეო საქმეთა მინისტრი და ჩვენს ქვეყანაში ამ შემთხვევაში წარმოდგენილია როგორც ეუთოს ხელმძღვანელი პირი და სიტყვასაც კი არ ახსენებს ქვეყნის გადატრიალების მცდელობაზე და იმ დანაშაულებრივ ქმედებებზე, რომელიც მთელმა მსოფლიომ იხილა ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებელია განხილული იყოს როგორც დუმილი, რომელიც მხარდაჭერას უცხადებს დანაშაულების ჩადენას ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ საქართველოში ვიზიტად მყოფ ეუთოს მოქმედ თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ელინა ვალტონენთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა.
„გუშინ, კანონსაწინააღმდეგო მიტინგში მონაწილეობისა და ცრუ განცხადებების გაკეთების გამო, პრემიერ-მინისტრმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა გააუქმა“, – ნათქვამია საქართველოს მთავრობის განცხადებაში.
შეგახსენებთ, გუშინ, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი მივიდა. ელინა ვალტონენი პროტესტის მონაწილეებს გაესაუბრა.