მირიან მირიანაშვილი – საქართველოს ხელისუფლების პრორუსული კურსი განწირულია, ივანიშვილს რამდენიმე თვეში მოუწევს საგარეო პოლიტიკური კურსის კორექტირება

4 ოქტომბრის სა და იმავე დღეს ქუჩის აქციების შედეგად საშინაო პოლიტიკაში განვითარებულ პროცესებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოს, მირიან მირიანაშვილს ესაუბრა.

 ბატონო მირიან, 4 ოქტომბრის არჩევნებისა და ქუჩაში განვითარებული პროცესებზე საუბარი და მსჯელობა ქართულ საზოგადოებაში კიდევ კარგა ხანს გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ დასკვნები უნდა გამოიტანონ და მომავალზე უნდა იფიქრონ, ამგვარ მცდელობას ჯერ ვერც ერთი მხრიდან ვერ ვხედავთ.

ხელუსუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცის „რევოლუციის მცდელობა ჩაშალა“, რომ სამართალდამცავები კიდევ ბევრ მოქალაქეს დააკავებენ იმის გამო რომ აქციებშიც და „პრეზიდენტის სასახლეზე“ შტურმში იღებდნენ მონაწილეობას.

ოპოზიციის ნაწილი 4 ოქტომბრის ქუჩის აქციებს „იაფფასიან პოლიტიკურ ავანტიურად“ აფასებს, მეორე ნაწილი „არარაციონალურად დაგეგმილს“. ქუჩაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხგაუცემელი კითხვები როგორც „რევოლუციის ორგანიზატორების“, ისე ხელისუფლების მიმართ მეტია, ვიდრე პასუხები.

როგორ შეაფასებდით 4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებსა და იმავე დღეს ქუჩაში განვითარებული მოვლენების შემდეგ საშინაო პოლიტიკაში არსებულ ვითარებას?

– არა ერთ ინტერვიუში, მათ შორის თქვენთანაც მითქვამს რომ არ ვიზიარებდი სპექტაკლური რევოლუციის იდეალებს, მიმაჩნდა რომ ეს ყველაფერი ფიასკოთი დასრულდებოდა. არანაირი წინაპირობა ე.წ. „მშვიდობიანი დამხობის“ სახეზე არ იყო.

ვხდებოდი რომ ოპოზიციის ორგანიზატორების საჯარო მინიშნებები თითქოს მათ ხელისუფლებიდან ვიღაცეები გადმოიბირეს და ისინი პროტესტანტების მხარეს გადმოვიდოდნენ, ეს იმდენად აბსურდული მოლოდინი იყო, ასემც რომ ყოფილიყო, რასაკვირველია, ხელისუფლებას გაუჩნდებოდა სურვილი მოეკვლია ვისი იმედით კეთდება ეს ყველაფერი.

ეს რომ არარეალური იყო, ცხადი იყო, მაგრამ, პრობლემა იმაშია რომ მიამიტობა და პოლიტიკური სიშტერე ოპოზიციას არც მანამდე აკლდა, ახლა უბრალოდ გაცილებით მაღალი დონე იყო ნაჩვენები. ვეჭვობ რომ გამოვლენილი სიშტერე შეუგნებელი ყოფილიყო. ყველაფერი გათამაშებულ კომბინაციას ჰგავდა. მათ ვინც ამაში მონაწილეობდნენ ვერც ორმაგ აგენტად მოვიაზრებ და ვერც მიამიტად და ვერც შტერად, რადგან 4 ოქტომბრის აქცია დავალებით ორგანიზებულს ჰგავდა.

ვერც იმას ვხდები ამ აქციით ხელისუფლებას რისი მიღწევა უნდოდა. ოპოზიციური ელექტორატის თვალში პოზიცია ისედაც დისკრედიტირებული იყო. ეს მთელი ამ 300-ზე მეტ დღიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას კარგად ჩანდა. საპროტესტო ელექტორატი ცდილობდა პოლიტიკისები აქციებს არ გაკარებოდნენ. ამაზე მეტი დისკრედიტაცია ოპოზიციის რა უნდა იყოს?

შესაძლოა, ხელისუფლებას აქცენტი ჰქონდა გარე კონტურზე. მაგრამ, აქაც გაუგებარია, თუ ეს უნდოდა, რისი მიღწევა უნდოდა? თუ იმის თქმა უნდოდა დასავლეთისთვის რომ – თქვენ ქვეყნის შიგნით დასაყრდენი არ გაქვთ, აქციების მიმდინარეობამ აჩვენა, რომ ეს ისედაც ცხადი იყო.

ხელისუფლება მანიაკალუარად ეჭიდავება ერთ დაშვებას, რომ დასავლეთი ხელისუფლებას რევოლუციას უწყობს ოპოზიციის ხელით და მაქსიმალურად ცდილობს ოპოზიცია გახადოს მართული და საზოგადოებისთვის დისკრედიტებული.

დასავლეთს და პირველ რიგში -ს უამრავი ბერკეტი აქვს იმისათვის, რომ მაინცადამაინც „სახალხო კრების“ კომიტეტის წევრებთან არ დაიკავოს საქმე. ამიტომ, ჩემთვის თავად მშვიდობიანი რევოლუციის იდეა თავიდანვე გაუგებარი იყო.

– მიუხედავად იმისა, რომ რუსული და კრემლისადმი ლოალურად განწყობილი ევროპული მედია „თბილისში ოპოზიციის ჩაშლილ რევოლუციაზე“ საუბრობს, პრემიერმა მ აშშ-ს და ევროპის ქვეყნებისაგან „თბილისში ჩაშლილი რევოლუციის“ დაგმობისკენ მოუწოდა, ამგვარი განცხადებები ჯერჯერობით, არ გაკეთებულა არც ევროპული ქვეყნებისა და აშშ-ს ადმინისტრაციის მხრიდან.

4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებითაც ეუთო/ოდერის განცხადებაც იმაზე მეტად კრიტიკული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

ოპოზიციის მტკიცებით 4 ოქტომრის არჩევნებზე ევროპიდან ჩამოსული დამკვირვებლების უმეტესობა სადმი და კრემლისადმი ლოალურად განწყობილი ადამიანები იყვნენ.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ დასავლელ პარტნიორებს არ დაუგმიათ თბილისში ჩაშლილი რევოლუცია? არ დაიჯერეს? თუ რა ხდება?

ან თუნდაც ის, თუ რა განცხადება გააკეთა ეუთო/ოდერმა 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით?

– ამ ყველაფერში უცნაურია ერთი რამ – რა ბერკეტი აქვს საქართველოს ხელისუფლებას დასავლელმა პარტნიორებმა დაგმონ თბილისში მომხდარი. მათ რომ დაიწყონ 4 ოქტომრის აქციის დაგმობა ეს რას მისცემს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას? ანუ, ვითხოვთ იმას რაც ჩვენ არაფერში წაგვადგება?

როგორც ჩანს, ხელისუფლების ქმედებებში მეტი ემოციაა და ნაკლები პოლიტიკური რაციონალიზმი. სინამდვილეში, ხელისუფლების პრობლემები 4 ოქტომბრის პროცესებს კი არ უკავშირდება, არამედ უფრო ღრმაა. ეგვიპტეში გამართულმა სამიტმა გვანახა, რომ მსოფლიოში გრძელდება ჩვენი ხელისუფლეის ტოტალური იგნორი.

რაც შეეხება ამ არჩევნების წარმატებულად ჩატარებას. ხელისუფლება, როგორც ჩანს, ელოდებოდა ამ არჩევნების შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობების ახალ ეტაპის დაწყებას და მისი ხელისუფლების ლეგიტიმაციას. თავიდანვე ცხადი იყო, რომ ეს არ მოხდებოდა. არ მოხდებოდა იმის გამო, რომ ამაზე გადაწყვეტილება აშშ-ს პოლიტიკურ ელიტას დიდი ხნის წინ აქვს მიღებული და ამავე თემაზე მათთან ევროპელებიც სოლიდარულები არიან.

ამ თვალსაზრით პრობლემა არის ასეთი – საქართველოში რუსეთუმე საინფორმაციო სისტემა მაქსიმალურად ნერგავს აზრს რომ ამერიკამ საქართველო გადასცა რუსეთს. ხელისუფლებაში არსებული წრეები ამ ნარატივის საფუძველზე მოქმედებენ. მათ რეალურად ჰგონიათ რომ ეს ყველაფერი ასეა. სინამდვილეში, რეალობა არის აბსოლუტურად საპირისპირო. ამის ნათელი ილუსტრაციაა დასავლეთის რეაქცია ამ არჩევნებზე.

აშშ-ს რუსეთთან გარიგება რომ ჰქონდეს დადებული, მაშინ აშშ-ც და ევროპელებიც ამ არჩევნებს აღიარებდნენ. რაკი ამას არ აკეთებენ, ამის მიზეზი ისაა, რომ აშშ-ს საქართველოსთან მიმართებაში ანტირუსული გეგმები აქვს და ამ რეალობიდან უნდა ამოვიდეთ ყველა- ხელისუფლებაც და საზოგადოებაც.

– ხელისუფლებამ არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ ქვეყანაში აკრედიტებული ელჩების მიმართ საკმაოდ კრიტიკული განცხადებებს აკეთებდა იმაზე, რომ „ელჩები საქართველოს „საშინაო საქმეებში ერევიან“, რითაც არღვევენ ვენის კონვენციას და ასე შემდეგ.

ფაქტია, რომ დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობას უცნაური ფორმა აქვს მიღებული. ხან ვამბობთ, რომ „მზად ვართ ყველასთან დავალაგოდ ურთიერთობები“, ხან ვამბობთ რომ „ტრამპსა და აშშ-ს დიფ სტეიტი მართავს“, ხან იმას რომ „ევროპა უნდა გამოსწორდეს“ და საქართველოს „ბოდიში უნდა მოუხადოს“.

როგორ შეაფასებდით დიპლომატიურ კორპუსთან ურთიერთობის იმ ფორმას, რომელიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს?

სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აღექვათ ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებს მათთან „საქართველოს ცალმხრივი მეგობრობის“ რეჟიმში ყოფნა?

– „ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში ყოფნა“, დიპლომატიამ არ იცის. „ცალმხრივი მეგობრობის“, „ცალმხრივი მოკავშირეობის“, ცალმხრივად პოლიტიკურ ალიანსში ყოფნა, წარმოუდგენელია.

საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება ელჩებისადმი, უცხოური დიპ.კორპუსისადმი და ზოგადად, დასავლელი ხელისუფლებებისადმი, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი, არის სუფთა ემოცია. აქ მე რაიმე პოლიტიკას ვერ ვხედავ, უბრალოდ, საქართველოს ხელისუფლების ცალკეულმა სპიკერებმა იციან, რომ უნდა აკეთონ ანტიდასავლური განცხადებები და ამით ხელისუფალს დაუდასტურონ ლოიალობა.

ეს გასაგებია, მაგრამ, მე ის ვერ გავიგე ამგვარი ანტიდასავლური განცხადებებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას რისი მიღწევა სურს? ანუ, კონკრეტულად რას ვითხოვთ დასავლეთისგან. შეიძლება ითქვას, რომ დასავლეთის მიმართ მოთხოვნებში საერთოდ არ არის. ძალიან მნიშვნელოვანი კითხვაა – რას ითხოვს საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში აშშ-ს ადმინისტრაციისგან? კერძოდ, რუბიოსგან, რომელიც ახლა ვაშინგტონში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღებია. ვიმეორებ, კონკრეტული მოთხოვნა არ ჩანს.

თუ ჩვენ გვინდა რომ აშშ-მ გაიგოს საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობა და ლოალური იყვნენ ჩვენი ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკისადმი, ეს ვერ იქნება. ამის საჯაროდ მოთხოვნაც საქართველოს ხელისუფლებას ეუხერხულება.

ამიტომ, იმას, რაც უნდა, ვერ ითხოვს, კორექტულობიდან გამომდინარე და ცდილობს დასავლეთი მიახვედროს ამაზე. ისინი დიდი ხანია მიხვედრილები არიან, მაგრამ, ამაზე პოზიტიური რეაქცია არ სურთ. დასავლეთს არ სურს საქართველო პერსპექტივაში პრორუსულ რეჟიმად განიხილოს.

– „ინტერპრესნიუსთან“ წინა ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი – „ივანიშვილი ცდილობს აიძულოს დასავლეთი მისთვის უსაფრთხოების დამატებითი გარანტიების მიცემის ფორმატზე გადავიდეს“.

რასაც ვხედავთ, ასე ჩანს – პეკინს საქართველოს დელეგაცია ჩინეთში გამართულ საერთაშორისო ღონისძიებაზე, სადაც ჩვენი მეზობლები, აზერბაიჯანი და სომხეთი იყვნენ მიწვეული, არ მიუწვევია. საქართველოს არც ვაშინგტონს არ მიწვევვია ეგვიპტეში ტრამპის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელშიც მონაწილოებას აშშ-ს პრეზიდენტი ტრამპი იღებს.

ევროკავშირთან, რომლის წევრი თითქოს უნდა გავხდეთ, ოფიციალურ თბილისს საკმაოზე მეტად დაძაბული ურთიერთოებები აქვს. გარდა ამისა, ხელისუფლება აგრძელებს ღიად ანტიამერიკულ და ანტიდასავლურ რიტორიკას.

წინა ინტერვიუშიასევე ამბობთ – „საქართველო, ეს „ქართულ ოცნებას“ უნდა თუ არ უნდა, რუსული გავლენის მიღმა რჩება“.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმას, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი პრაქტიკულად აიგნორირებენ საქართველოს ხელისუფლებას? სავარაუდოდ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

– მარტო ამერიკა და არც ბრიუსელი არ აიგნორებს. საქართველოს ხელისუფლების იგნორის პოლიტიკაში საკმაოდ აქტიურია ჩინეთიც. ეგვიპტის ხელისუფლების მიერ იყო ორგანიზებული სამშვიდობო სამიტი, რომელშიც ჩვენ არ მიგვიწვიეს და მიიწვიეს ფაშინიანი და ალიევი, რომლებსაც წინა აზიის კონფლიქტთან არაფერი საერთო არ აქვთ.

თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ებრაული დიასპორა საქართველოში საკმაოდ დიდი იყო, ქართველებსა და ებრაელებს შორის მშვიდობიან ურთიერთობას ყველაზე გრძელვადიანი ისტორია აქვთ, ჩვენც უნდა ვყოფილიყავით მისაწვევად მოაზრებული მშვიდობის სამიტზე, ვიდრე ფაშინიანი და ალიევი.

მაგრამ, როდესაც ასეთ სამიტების ორგანიზებას აკეთებენ, ეგვიპტის ხელისუფლებამაც იცის რომ ვინ მიიწვიონ და ვინ არა. საქმე ისაა, რომ ისინი ანგარიშს უწევენ დასავლეთისა და პირველ რიგში აშშ-ს აზრს. იმის გათვალისწინებით რომ ამ სამიტში ევროპელებს ნაკლები როლი ჰქონდათ, ვიდრე ამერიკელებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ეგვიპტელებმა ანგარიში ამერიკელებს გაუწიეს. ანუ, ამერიკელებმაც არ მოინდომეს საქართველოს სამშვიდობო სამიტზე ყოფნა.

ჩინელებსაც რომ არ უნდოდათ ჩვენი ჩინეთში გამართულ ფორუმზე ყოფნა. ჩინეთი საქართველოს რუსეთის სატელიტად არ მოიაზრებს. ასეთი საქართველო ჩინეთსაც არ სჭირდება.

ფაქტობრივად, ჩვენ ცალმხრივად ვიბრძვით იმისთვის, რომ რუსეთთან საქართველოს ურთიერთობები ევროპელებისთვის, ამერიკელებისთვის და აზიელებისთვის და მათ შორის ჩინური სამყაროსთვის მისაღები გავხადოთ. ეს არის განწირულის ბრძოლა, რადგან ამისთვის საქართველოს ხელისუფლებას საკმარისი რესურსები არ აქვს. საქართველოს ხელისუფლების სურვილების მიხედვით მსოფლიო და რეგიონული წესრიგს არავინ არ გადაწყვეტს. საქართველოს ხელისუფლების სურვილების გათვალისწინებით ეს ბრძოლა გაუგებარია.

როგორი ტექნიკური გამარჯვებებიც არ უნდა მოიპოვოს ხელისუფლებამ ქვეყნის შიგნით, როგორი რეალისტური სპექტაკლები არ უნდა ჩაატაროს „რევოლუციების“ სახით, როგორი წარმატებული საარჩევნო ადმინისტრციაც არ უნდა ჰყავდეს, საქართველოს ხელისუფლების პრორუსული პოლიტიკური კურსი განწირულია.

ამიტომ, მე მიმაჩნია და ღრმად ვარ დარწმუნებული იმაში რომ ივანიშვილს ადრე თუ გვიან, ვფიქრობ უფრო ადრე, რამდენიმე თვეში მოუწევს ამ პოლიტიკური კურსის კორექტირება. ეს კურსი ზღვარს მიადგა და შეუძლებელია მისი რეალიზება.

– საერთაშორისო ასპარეზზე საკმაოდ სერიოზული ამბები ხდება. საერთაშორისო მედია ყურადღებას ამახვილებს იმაზე რომ აშშ-ს პრეზიდენტმა ტრამპს -რუსეთის ომის მიმართ შეცვლილი აქვს ხედვები.

სულ უფრო ხმამაღლა ისმის მსჯელობები იმაზე, რომ ალასაკაზე ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე მიღწეულ შეთანხმებების პერსპექტივა ამოწურულია. თუ მანამდე ტრაპმი მზად იყო ეღიარებინა რუსეთის მიერ ოკუპირებული უკრაინის ტერიტორიები, ახლა ტრამპი პუტინს საკითხს ასე უყენებს – ან გადიხარ უკრაინის ტერიტორიებიდან, სხვა შემთხვევაში აშშ უკრაინას Tomahawk-ის სისტემის რაკეტებს მისცემს.

პუტინისადმი ტრამპის გამკაცრებულ ტონს, ზოგი აშშ-ში მოახლოებულ შუალედურ არჩევნებს უკავშირებს. მაგრამ, ფაქტი ისაა, როგორც ჩანს, ვერც პუტინმა და ვერც სი ძინპინმა ვერ შეძლეს ტრამპის შესაძლებლობების და უნარების გათვლა. ჩინეთშიც მოახლოებულია კომპარტიის მორიგი პლენუმი და შეძლებს თუ არა სი ძინპინი თავისი პოზიციების შენარჩუნებას, ამის თქმაც ჭირს.

საერთაშორისო ასპარეზზე მიმდინარე პროცესები, სავარაუდოდ, როგორ შეიძლება აისახოს საქართველოზე?

– მე არ ვთვლი რომ უკრაინის ომთან დაკავშირებით რუსეთთან და ჩინეთთან მიმართებაში ტრამპის დამოკიდებულებაში რამე შეიცვალა. ტრამპი აშშ-ს ახალი „რესპუბლიკური“ ადმინისტრაცია მზად იყვნენ უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის პრეტენზიები რაღაც დოზით დაეკმაყოფილებინად მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აშშ რუსეთს ჩინეთს ჩამოაშორებდა. თუ რუსეთი ჩინეთის სატელიტად რჩება, დასავლეთის პლატფორმაზე არ გადმოდის და ჩინეთს არ შორდება, მაშინ დასავლეთი და პირველ რიგში აშშ რუსეთს ვერაფერს ვერ მისცემს პრობლემების გარდა.

ეს პოზიცია აშშ-ს არა ერთ სტრატეგიულ დოკუმენტში იყო ასახული. მალე ერთი წელი გავა, რაც აშშ-ში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა და ასეა. ერთი დღეც რომ მოუსმინოთ აშშ-ს სენატში ამ თემაზე საგარეო კომიტეტის სხდომებზე რა განცხადებები კეთდება, თქვენთვის ყველაფერი ნათელი გახდება.

არაფერი არ შეცვლილა, უბრალოდ რუსეთი ტრამპის ადმინისტრციას აძლევდა იმედებს, რომ ადრე თუ გვიან ის დაშორდებოდა ჩინეთს. სიმამდვილეში მას ამის რესურსი არ ჰქონდა. რუსეთის მიმართ ტრამპის გამძაფრებული რიტორიკა იმას უკავშირდება, რომ პუტინმა ის ყალბ დისკუსიაში შეიტყუა.

დღევანდელი მდგომარეობით რუსეთი ჩინეთს ვერ დაშორდება. ომის წარამობაში იგი მთლიანადაა დამოკიდებული ჩინეთზე. ჩინეთზე რუსეთის დამოკიდებულების ხარისხი ყოველთვიურად იზრდება. რუსეთის ეკონომიკა სუსტდება და რუსეთის მიერ უკრაინაში ომის წარმოება ჩინეთზეა დამოკიდებული.

ტრამპი იძულებული ხცდება, ეს უფრო ადრე ხდება, ვიდრე ბევრს ეგონა, ტრამპმა რუსეთისადმი არა მარტო ტონი გაამკაცრა, არამედ, ძალიან სერიოზული ანტირუსული ნაბიჯები გადადგა და არა მარტო უკრაინაში. ეს ეხება საქართველოსაც. თუ რუსეთი ჩინეთს არ შორდება, მაშინ რუსეთს პოსტსაბჭოთა სივრცეში ფეხს ამოაკვეთინებენ, მათ შორის საქართველოდანაც. ეს არის უდავო ფაქტი. ვაშინგტონის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების იგნორი, ამ პოლიტიკის ნაწილია.

რაც შეეხება სი ძინპინის მომავალს. ბოლო 6-7 წელია ეს ძალიან სერიოზული და თვალსაჩინო პრობლემაა. სი ძინპინის ოპოზიცია ძალიან გააქტიურდა და ფაქტობრივად მათ ხელთ იგდეს ჩინეთის კომპარტიის გაზეთი „ჟინმინ ჟიბაო“. ჩინეთის კომპარტიის ეს გაზეთი პრაქტიკულად ყოველ დღე ლაპარაკობს სი ძინპინის „ცალკეულ შეცდომებზე“, მაგრამ, ჩინეთის ასეთ გამოცემაში ამის თქმაც, ძალიან ბევრს ნიშნავს.

საკმაოდ გააქტიურებულია ჩინეთის კომპარტიის ყოფილი გენმდივანი ხუძინ ტაუს ჯგუფი. ამბობენ, რომ ჩინეთის სამხედრო ძალების გენშტაბის უფროსი რამდენიმე დღეა მათ პოზიციებზე გადავიდა. თუ დაგეგმილ პლენუმზე სი ძინპინის საკითხი ვერ გადაწყდა, რაც იქნება, ის გრძელვადიანი მაინც ვერ იქნება. ეს კი, რუსეთისთვის დამატებითი პრობლემა იქნება.

სი ძინპინი პეკინში პუტინს ომში დახმარებას მხოლოდ 6 თვე დაპირდა. ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია. შიდაპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე მეტი დახმარება ჩინეთს რუსეთისთვის არ შეუძლია.

ერთი კვირის წინ რუსეთში მომავალი 3 წლის რუსეთის ბიუჯეტი დაამტკიცეს. მასში, დეკლარირებულია სამხედრო ხარჯების საკმაოდ დიდი კლება. დასავლეთისთვის და ჩინეთისთვის ესეც სიგნალია იმაზე, რომ მომავალი წლიდან რუსეთი აღარ აპირებს უკრაინაში ომის გაგრძელებას.

ჩინეთში ხელისუფლებას აქვს პრობლემები არა მხოლოდ პარტიულ პოლიტიკურ პლატფორმაზე. ბევრმა არ იცის, რომ ჩინეთში ხელისუფლებას ბოლო დროს სერიოზულად დაეძაბა ურთიერთობა ადგილობრივ 60 მილიონიან პროტესტანტულ მრევლთან. შესაძლოა, ბევრმა ჩვენში არ იცის, რომ დაახლოებით ამ რაოდენობის

ქრისტიანები არიან ჩინეთში. საგულისხმო ისაა, რომ ლამის მთელი ჩინეთის ეკონომიკა ამ პროტესტანტების ხელშია.

ჩინეთის ხელისუფლება ამ სოციუმთან ურთიერთობაში ძალიან მოწყვლადია. მათ უმრავლესობა ორმაგი მოქალაქეობა აქვს და მათ რომ ქუდი დაიხურონ და ქვეყნიდან წავიდნენ, ჩინეთის ეკონომიკა სერიოზულ კოლაფსში აღმოჩნდება. ამ სოციუმისთვის აშშ-თან და დასავლეთთან ურთიერთობების გაფუჭება არის „წითელი ხაზი.“ შესაბამისად, ჩინეთის ხელისუფლებისთვის ანტიამერიკული კურსი არის არა სტრატეგიული და გრძელვადიანი ვერ იქნება.

ასეთ ვითარებაში, საქართველოს ხელისუფლების იმედები რომ ის გრძელვადიანად რუსეთის ქოლგის ქვეშ იქნება, მთლად უცნაური ხდება. იმიტომ რომ რუსეთის რესურსები ამოწურვადია, რუსეთისთვის ჩინეთის დახმარების ვადა მცირდება ძალიან სწრაფად. მომავალი წლის გაზაფხულისთვის დასუსტებული რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა იმდენად თვალსაჩინო გახდება, უკრაინაში რომ რუსეთმა ომი დაასრულოს ტრამპის ზეწოლაც არ დასჭირდება.

– ეგვიპტეში „სამშვიდობო სამიტი“ გაიმართა. ტრამპმა არა ერთხელ განაცხადა – „მშვიდობა ძალით“. რამდენად რეალიზებადია ახლო აღმოსავლეთი ტრამპის სამშვიდებო გეგმა დრო გვიჩვენებს.

მაგრამ, ეს ძალიან ჰგავს იმას, რაც 2008 წელს რუსეთმა საქართველოში გააკეთა და მის მიერ საბრძოლო მოქმედებას, „ძალის გამოყენებით მშვიდობის დამყარების“ ოპერაცია უწოდა.

უკრაინაში რუსეთს ასეთი „სამშვიდობო“ ოპერაცია ხომ არ ელოდება?

– ეს მოულოდნელი არ უნდა იყოს. ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიაში ეს თეზისი ფიგურირებდა. ამით ის ხარკს უხდის ამერიკულ იმპერიალიზმს. ფაქტობრივად, ტრამპის დღევანდელი პოლიტიკა, „მშვიდობის მტრედად“ რომ უნდა თავი წარმოაჩინოს, არის ნაზავი ამერიკულ იმპერიალიზმთან. „ძალით მშვიდობის“ დამყარება საკმაოდ საინტერესო კომბინაციაა.

ახლა ცხადია – შემდეგი სამი წელი აშშ-ს საგარეო პოლიტიკის მთავარი ლოზინგი სწორედ „ძალით მშვიდობის“ დამყარება იქნება. პირველ რიგში ეს შეეხება რუსეთს. აშშ-მ ყველა კონფლიქტიდან თავი გაინთავისუფლა და კონცენტრირებული იქნება უკრაინაში და კავკასიაში რუსეთზე.

როცა უკრაინისთვის ამერიკული ტომოგავკების მიწოდებაზე საუბრობენ, მარტო ამ სისტემის რაკეტებზე არაა საუბარი. უნდა ვიცოდეთ, რომ აშშ-ს ამ სისტემის კოლოსალური რაიდენობის რაკეტები აქვს. ერთი ტრილიონი დოლარის სარაკეტო არსენელი აქვს. ეს არის მსოფლიოს სარაკეთო არსენალის 60%.

რუსეთი ახლა გარაჟებში აწყობილ დრონებს ვერ უძლებს, რამაც დაანგრია რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი ქარხნები და ახლა ისინი ამერიკური ტომოგავკების სამიზნე გახდნენ და გაგრძელდა რუსეთის ენერგეტიკის დანგრევა, ეს შესაძლოა, რუსეთის დემოგრაფიულ კატასტროფაში გადაიზარდოს. რუსეთში წელს 40-50 გრადუსიან ყინვას პროგნოზირებენ და ასეთ სიტუაციაში ეს რუსეთისთვის უმძიმესი პრობლემა იქნება.

რუსეთის ხელისუფლება უკვე იმ ზღვარზეა, ხელები აწიოს, მაგრამ ეს უნდა ისეთნაირად გააკეთონ, რომ მაქსიმალურად შეინარჩუნონ სახე. მიუხედავად იმისა, რომ მათ ტრამპი ღიად ლანძღავს და აბუჩად იდგებს, რუსეთის ხელისუფლება ვერ ბედავს ადეკვატური ენით მას პასუხი გასცეს.

მივადექით ზღვარს, რომლის იქეთაც, რუსეთისთვის სასარგებლო ჰორიზონტი არ ჩანს.

 

„ინტერპრესნიუსი“

კობა ბენდელიანი