სათბურში ბოსტნეულის წარმოებისას 50-65% სათბურის გათბობაზე მოდის

სათბურში ბოსტნეულის წარმოებისას, გასათვალისწინებლია ის ფაქტი, რომ დანახარჯების 50-65 % მოდის სათბურის გათბობაზე.
სათბურის გათბობის ხარჯები დამოკიდებულია უამრავ ფაქტორზე — თვით სათბურის კონსტრუქციაზე, საფარველ მასალაზე, გარემო კლიმატურ პირობებზე, საწვავ მასალაზე და ა. შ.
კულტივირებული ნაგებობის გასათბობად იყენებენ სითბოს მიღების შემდეგ ხერხებს:
· სითბური ეფექტი, რომელიც მიიღწევა მზის რადიაციის ხარჯზე;
· ორგანული ნივთიერების აერობული ბაქტერიების დაშლით (ბიოლოგიური გათბობა);
· სათბობი მასალების დაწვით (გათბობის ტექნიკური სახეები _ წყლით, ჰაერით, გაზის პირდაპირი დაწვით);
· გეოთერმული წყლების გამოყენება (გათბობის ტექნიკური სახეები – წყლით და კალორიფერით);
· ელექტროენერგიის ტრანსფორმაცია.
სათბურის გათბობის სისტემები
განასხვავებენ ტექნიკური გათბობის სისტემებს – თბოგამტარებით და მის გარეშე. თბოგამტარებად იწოდება მოძრავი სითხეები ან გაზისებრი არეები, რომლებიც გამოიყენება აერმიმოცვლისთვის. წყლით გათბობისას თბომატარებლად გვევლინება წყალი, საჰაერო გათბობისას (კალორიფერული) კი – ჰაერი.
ოპტიკური გამოსხივება უფასო ენერგიის მიღების წყაროა. ის მონაწილეობს ტემპერატურული ბალანსის შექმნაში, როგორც გაუთბობელ, ასევე გათბობად სათბურებში, ამიტომ მის ეფექტურ გამოყენებას დიდი მნიშვნელობა აქვს.
პირველ რიგში უნდა შეირჩეს მაღალი კოეფიციენტის (80-90%) შუქგამტარი მასალა. სათბურის კონსტრუქციის მიერ დაჩრდილვა არ უნდა აღემატებოდეს შუშის სათბურებისთვის 25%-ს, ხოლო ცელოფნით გადახურული სათბურებისთვის – 15%-ს. სახურავის მიერ სპექტრის ხილული ნაწილის გატარების კოეფიციენტი არ უნდა ჩამოუვარდებოდეს 60-70%-ს. დიდი მნიშვნელობა აქვს სახურავისა და გვერდების დახრასაც.
ბიოგათბობას მიმართავენ ნაკელის, საყოფაცხოვრებო ნაგავისა და სხვა ორგანული მასალების გამოყენებით, თუმცა საწარმოო სათბურებში მას არ იყენებენ, შრომატევადობისა და ნაკლები ეფექტურობის გამო.
ტექნიკური გათბობის სისტემებიდან სათბურებში უპირატესად იყენებენ წყლით, ელექტროენერგიით და ჰაერით (კალორიფრებით) გათბობას.
წყლით გათბობის შემთხვევაში წყლის მიწოდება ხდება თვითდინებით ან იძულებით (ტუმბოს დახმარებით). წყალი ცხელდება საქვაბეში, რომელიც მუშაობს მყარ ან თხევად საწვავზე. ზოგიერთი სასათბურე კომპლექსი მიბმულია საწარმოზე, რომელსაც ნარჩენი სახით გააჩნია ცხელი წყალი.
იძულებითი გათბობის სისტემას გააჩნია რიგი უპირატესობანი: წყლის დიდი სიჩქარით მოძრაობის გამო მცირდება მილის დიამეტრი; გათბობის სისტემაში წყლის ნელი გაცივების გამო, სათბურის ტემპერატურა იცვლება თანდათანობით, რის გამოც იგი გაცილებით სტაბილურია, რაც გამორიცხავს მცენარეებზე ტემპერატურული შოკის ეფექტს.
თანამედროვე სათბურებში ყველაზე მეტად გავრცელებულია კალორიფერული სისტემით გათბობა. კალორიფერი ეწოდება დანადგარს, რომელიც განკუთვნილია მასში გამავალი ჰაერის ნაკადის გასათბობად.
ცხელი წყლით, დაბალი და მაღალი წნევის ორთქლით, ცხელი გაზებით ან ელექტროენერგიით გამთბარი ჰაერი, მძლავრი ვენტილატორის საშუალებით გაიტყორცნება სათბურის სივრცეში.
ჰაერის გასათბობად ფართოდ გამოიყენება აგრეთვე სითბური გენერატორები, რომლებშიც იწვება ბუნებრივი გაზი ან თხევადი საწვავი.
გათბობის ამ სახეს (კალორიფერული) გააჩნია მთელი რიგი უპირატესობანი წყლით გათბობასთან შედარებით, მნიშვნელოვნად მცირდება რკინა-მასალის ხარჯი, იზრდება მარგი ქმედების კოეფიციენტი, იზოგება გათბობაზე დახარჯული ენერგია, მიიღწევა სითბოს უფრო თანაბარი განაწილება.
იმის გამო, რომ ჰაერით გათბობა დამოკიდებულია ელექტროენერგიაზე ავარიული შემთხვევებისთვის, გათვალისწინებული უნდა იქნეს სათადარიგო ენერგიის წყაროც.
სითბოს დანაკარგების თავიდან აცილების მიზნით, მიმართავენ სხვადასხვა მეთოდების – ჰაერით გაბერილი ორმაგი პოლიეთილენის ფირის (ოპტიმალური დაშორება პოლიეთილენის ფირებს შორის 2-5 სმ-ია), ორფენიანი პოლიკარბონატის ან პოლიაკრილამიდის გამოყენებას.
ასეთ სათბურებში ტემპერატურული რეჟიმი უმჯობესდება, თუმცა 10-20%-ით მცირდება სინათლის შეღწევის ინტენსივობა.
ვრცლად იხილეთ: agrokavkaz.ge