პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულ 3 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვისთვის სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ტერორისტულ ორგანიზაცია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ შესაძლო კავშირში მყოფი პირები მათ საცხოვრებელ სახლებში მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდნენ ცეცხლსასროლ იარაღებს, ფეთქებად ნივთიერებას, დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალას და სამხედრო აღჭურვილობას. ჩხრეკის შედეგად ასევე ამოღებულია დროშა ტერორისტული ორგანიზაციის სიმბოლიკით.
დაკავებულებს ბრალდება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენის და შენახვის ფაქტზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
გამოძიება გრძელდება უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, რაც სასჯელის სახედ და ზომად 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.