ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” საკანონმდებლო ინიციატივაზე. ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ კიდევ ერთხელ ამკაცრებს კანონებს დემონსტრანტებისთვის.
აქციებზე დადგენილი წესების დარღვევა ახლა უკვე სისხლის სამართლის წესითაც გახდება დასჯადი და ერთ ან ორ წლამდე პატიმრობა იქნება გათვალისწინებული.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების თანახმად, “ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის კოდექსებში ახალი ცვლილებების ინიცირება წარმოადგენს დემოკრატიული წესრიგის არსებითი საფუძვლის – მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პირდაპირ მორღვევას”. მათი განცხადებით, ამით “ხელისუფლება ცდილობს აკრძალოს პროტესტის ნებისმიერი ფორმა”.
“ინიცირებული რეგულაციები ქმნის ისეთ სამართლებრივ რეალობას, სადაც მოქალაქე შეიძლება სისხლის სამართლის წესით დაისაჯოს მხოლოდ იმიტომ, რომ მან ხმა ამოიღო”, რაც, განცხადებაზე ხელისმომწერების თქმით, “უცხოა დემოკრატიული სამყაროსათვის და პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციასთან და ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპულ კონვენციასთან”.
განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ ინიციატივა შეეხება არა მხოლოდ პოლიტიკურად აქტიურ ჯგუფებს, არამედ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, “რომელიც საჯაროდ მოითხოვს სამართლიანობას, აღშფოთდება კორუფციით, გააპროტესტებს უკანონო დაკავებას ან უსამართლო განაჩენს, მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურასა თუ შემწეობის სიმცირეს, შეეცდება დაიცვას ქალები ან ბავშვები ძალადობისგან, ხმას აიმაღლებს გარემოს დასაცავად და ა.შ.”
“ხელისუფლება ამ ცვლილებებით ყველას უგზავნის ერთსა და იმავე მუქარას: თუ ხმას ამოიღებ – დაგაპატიმრებ”.
შესაბამისად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, ინიციირებულ ცვლილებებს აფასებენ, “როგორც მშვიდობიანი პროტესტის აკრძალვის მცდელობას და კიდევ ერთ საფეხურად დემოკრატიული ინსტიტუტების დემონტაჟის პროცესში”.
ამ და “ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კიდევ ერთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიღებასაც მმართველი პარტია დაჩქარებული წესით აპირებს და რომელიც ყველა იმ პოლიტიკოსს შეეხება, რომელთა პარტიასაც საკონსტიტუციო სასამართლო გააუქმებს, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
“ტერორი საქართველოში ახალ სიმაღლეებს აღწევს! მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას და ყველა წევრის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვას მომავალში, ქუჩის მომიტინგეების წინააღმდეგ ადმინისტრაციული ბრალდებები სისხლის სამართლის პროცედურებით ჩანაცვლდა”, – დაწერა ზურაბიშვილმა X-ში.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ ორგანულ კანონში რიგი ცვლილებების შეტანის შესახებ, გუშინ, 13 ოქტომბერს, უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ.
ინიციირებული ცვლილებების მიხედვით, „კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პოლიტიკურ პარტიასთან დაკავშირებულ პირებს აეკრძალებათ პასიური საარჩევნო უფლება“. ისინი არა თუ ქვეყნის მართვაში ვერ მიიღებენ მონაწილეობას, არამედ ჩამოშორდებიან პარტიულ საქმიანობასაც.
კირცხალიას თქმით, ცვლილებებია დაგეგმილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში. კერძოდ, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილის მიერ სახის ნიღბით დაფარვის, ცრემლმდენი ან/და მომწამვლელი ნივთიერების ქონის, გზის გადაკეტვის ან დროებითი კონსტრუქციის მოწყობის პირველივე შემთხვევა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ სამართალდამრღვევი ორგანიზატორია, ადმინისტრაციულ პატიმრობას 20 დღემდე ვადით.
ირაკლი კირცხალიას თანახმად, იმგვარ შეკრებაში ან მანიფესტაციაში მონაწილეობა, რომელიც შსს-ს მოთხოვნით შეწყვეტას ექვემდებარება, პირველივე შემთხვევაში გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას 60 დღემდე ვადით. 60 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდება იმასაც, ვინც შეკრებისას იქონიებს იარაღს, პიროტექნიკას ან ისეთ საგანს, რომელიც გამოიყენება სხვათა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად. აკრძალული ქმედებების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ერთ წლამდე ვადით, ხოლო მესამე და ყოველი შემდეგი იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედება – ორ წლამდე ვადით.
“ოცნების” მიერ ინიციირებული ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსს ემატება ახალი მუხლი, რომლითაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ ადამიანს, რომელიც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელს მესამედ მიაყენებს შეურაცხყოფას ან არ დაემორჩილება მის კანონიერ განკარგულებას.
ფორუმი
