გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება

„ქართული ოცნების“ აკრძალვასაც აპირებენ ?! იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ 95% დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამა თუ იმ ეტაპზე. თვითლიკვიდაციასაც აცხადებენ, თუ რანაირად ხდება ეს ყველაფერი? მე რომ სიას გადავუგზავნი „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული რამდენი პერსონაა, აკრძალავენ „ქართულ ოცნებასაც“? – ეს ორი ძალა სიამის ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. „ქართულ ოცნებას“ ხომ ახალი არაფერი მოუგონია, ბიძინას ძალიან მოსწონდა მიშას სისტემა, წაართვა და ახლა აუმჯობესებს, – ასე გამოეხმაურა პოლიტოლოგი , კონკრეტული პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო სარჩელის მომზადებას და იმ პოლიტიკოსებთან მიმართებაში მთელი რიგი შეზღუდვის შემოღებას, რომლის პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვასაც საკონსტიტუციო სასამართლო დააკანონებს.
ხუხაშვილის განმარტებით, ამგვარი ცვლილებების მიზანია ქვეყანაში დამკვიდრდეს რუსული ტიპის ე.წ. სუვერენული დემოკრატია, რომელიც რეალურად გულისხმობს ავტორიტარიზმს. ხუხაშვილის განმარტებით, როდესაც ხელისუფლება საუბრობს პოლიტიკური სივრცის გაჯანსაღებაზე, გულისხმობს საბჭოთა კავშირის პირობებში არსებულ მდგომარეობას, როდესაც პოლიტიკა კვდება.
„საერთოდ, რეჟიმებს ახასიათებთ ერთგვარი პოლიტიკური ბულიმია – ვერ გაჩერდება რეჟიმი, სულ უფრო და უფრო მეტი ძალაუფლება უნდა წაიღოს, მეტად უნდა აკონტროლოს სიტუაცია და მისი იდეალია აბსოლუტური ძალაუფლება. ავტორიტარიზმი ვერასდროს გაძღება ძალაუფლებით.
ერთი მხრივ, თუ ორპოლუსიანობა დაირღვევა, რაც „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა, ეს სახელმწიფო ინტერესებშია და კარგია, პოლიტიკურ სივრცეს გახსნის, ერთგვარად. მეორე მხრივ, პარტიის აკრძალვა ასეთი ფორმით, წარმოუდგენელი რაღაცაა. კი, ბატონო, შენ შეგიძლია პოლიტიკური ვერდიქტი გამოუტანა პარტიას, მაგრამ ამის სამართლებრივში გადატანა ასეთი ტრაგიკომიკური ფორმით… მე დავუსვამ „ქართულ ოცნებას“ კითხვას, „ქართული ოცნების“ აკრძალვასაც აპირებენ, შესაბამისად?! იმიტომ, რომ „ქართული ოცნების“ 95% დაკავშირებულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ამა თუ იმ ეტაპზე. მათ ყველას ჰქონდა კავშირი „ნაციონალურ მოძრაობასთან“. თვითლიკვიდაციასაც აცხადებენ, თუ რანაირად ხდება ეს ყველაფერი? მე რომ სიას გადავუგზავნი „ქართულ ოცნებაში“ „ნაციონალური მოძრაობიდან“ წამოსული რამდენი პერსონაა, აკრძალავენ „ქართულ ოცნებასაც“? თქვენ გგონიათ უფრო მოკლე სია იქნება, ვიდრე „კოალიცია ცვლილებებისთვის“? ჩვენ პრობლემა გვაქვს „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზთან, ეს ორი ძალა სიამის ტყუპებივით ჰგავს ერთმანეთს. „ქართულ ოცნებას“ ხომ ახალი არაფერი მოუგონია, უბრალოდ, გააუმჯობესა თავისი მოსაზრებით სისტემა ბიძინამ. ბიძინას ძალიან მოსწონდა მიშას სისტემა, წაართვა და ახლა აუმჯობესებს.
მე არ მომწონს „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობ – რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, აქამდე ეს ხელისუფლება იქნებოდა შეცვლილი, „ნაციონალური მოძრაობა“ ეხმარება ამ ხელისუფლებას ძალაუფლების შენარჩუნებაში, 4 ოქტომბერსაც დაეხმარა მშვენივრად, მაგრამ როდესაც მისი აკრძალვით სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით ?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება, პოლიტიკა რომ აღარ არსებობს, არსებობს ერთპარტიული სისტემა, ამაზე ლაპარაკობენ. აქ არ არის საუბარი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ შეტევაზე, აქ არის მთლიანად საზოგადოებრივ- პოლიტიკური ცხოვრების მონოპოლიზაციის ამოცანა,“ – განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება 4 ოქტომბრის მოვლენებს, პოლიტოლოგი მიიჩნევს, რომ ის ხელისუფლების მხრიდან იყო სტიმულირებული, რომელშიც ოპოზიციის მხრიდან მონაწილეობდნენ პროვოკატორები. ამასთან, ხუხაშვილის შეფასებით, ხელისუფლებას სურდა ამ მოვლენების იმგვარად გაბუქება, რომ სახელმწიფო გადატრიალების საქმე „შეეკერათ“, თუმცა ბოლომდე საკუთარი სიმხდალის გამო ვერ წავიდნენ.
„რა თქმა უნდა, ეს იყო ხელისუფლების მხრიდან პროვოცირებული თუ სტიმულირებული მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელშიც მონაწილეობდნენ ოპოზიციის მხრიდან პროვოკატორები. დარწმუნებული ვარ, რომ პროვოკატორები ამ საქმეში იყვნენ, სასარგებლო ბრიყვები მონაწილეობდნენ და ფსევდოსპონსორები მონაწილეობდნენ, ვინც ფულს იხდიდა ამაში და სავარაუდოდ, ეს იყო ხელისუფლების ფული, ვიღაც გამტარის მეშვეობით. ზოგიერთმა ადამიანმა სხვა ადამიანების ბედით ითამაშა – შენ როდესაც შენს თავზე ხარ პასუხისმგებელი და პირადი თავგანწირვის მაგალითს გვაჩვენებ, ეს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ შენ რომ ხრამში ხტები და 50 ადამიანს, რომლებისთვისაც არც გიკითხავს, თან გადაიყოლებ, შენ აღარ ხარ გმირი, სხვა რაღაც გქვია ამ შემთხვევაში. სევდიანი სურათია! მეტი „რაციოა“ შემოსატანი, არ შეიძლება მხოლოდ ემოციით პოლიტიკის მართვა.
„ქართულ ოცნებას“ ჰქონდა ჩანაფიქრი, რომ ეს თემა გაებუქებინათ და მართლა სახელმწიფო გადატრიალების საქმე შეეკერათ, მაგრამ ვერ კერავენ, იმიტომ, რომ ოპერაცია კარგად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ ბოლომდე ვერ წავიდნენ – თუ მაინც და მაინც სახელმწიფო გადატრიალება გინდა, აჩვენე დანგრეული შენობა, დამწვარი შენობა, შიგნით შესული ვიღაცები რაღაცას რომ ლეწავენ. ეს ვერ აჩვენეს, იმიტომ, რომ ესენიც ხომ მხდალები არიან?“ – განაცხადა ხუხაშვილმა.