საქართველოს პარლამენტის დელეგაცია სლოვენიაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიურ სესიაში მონაწილეობს

11-13 ოქტომბერს, სლოვენიის დედაქალაქ ლიუბლიანაში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 71-ე წლიური სესია ჩატარდა, რომელშიც ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედმა დელეგაციამ ნიკოლოზ სამხარაძის (დელეგაციის ხელმძღვანელი), მარიამ ლაშხისა და ლევან მახაშვილის შემადგენლობით მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
ამავე ცნობით, სესიის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციის წევრებმა ასამბლეის კომიტეტების მიერ მომზადებული ანგარიშებისა და რეზოლუციების განხილვის პროცესში შესწორებები წარადგინეს, რომლებიც საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ პროგრესს, ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ოკუპირებულ რეგიონებს, ქვეყნის უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხებოდა.
პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ დელეგაციის წევრებმა განსაკუთრებული ყურადღება რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებაზე გაამახვილეს და შესწორებები შეიტანეს ასამბლეის რეზოლუციაში, რომელიც რუსეთის მიმართ ნატო-ს სამომავლო სტრატეგიას ეხება.
„პარლამენტის დელეგაციის წევრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს მტკიცე ერთგულება ალიანსის საერთო ღირებულებებისადმი და დღის წესრიგისადმი ასამბლეის ხელმძღვანელობასთან დისკუსიებისას.
ნატო-ს ასამბლეის პლენარულ სესიაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ასოცირებული სტატუსის კატეგორიიდან ახალ კატეგორიაში გადაინაცვლა – პარტნიორები ყოვლისმომცველი უსაფრთხოებისათვის. ამ კატეგორიაში აგრეთვე მოხვდნენ ევროპარლამენტი, უკრაინის რადა, ბოსნიის პარლამენტი, ავსტრიის პარლამენტი და ასე შემდეგ.
აღნიშნული ინსტიტუციური ცვლილებები ხელს შეუწყობს ნატო-ს პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო ორგანოებს შორის საპარლამენტო დიპლომატიის გაძლიერებას და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობის განმტკიცებას.
სესიის ბოლოს ასამბლეას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ მიმართა. მან ნატო-ს პრიორიტეტებსა და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსეთის საგარეო სამინისტროს წარმომადგენელი – სახელმწიფო დუმის არჩევნების წინ ყველაზე დიდ შეშფოთებას ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი და ჩეხეთი იწვევენ, სადაც კლინიკურმა რუსოფობიამ მმართველი ელიტის დიდი ნაწილი დააინფიცირა

ზურაბ ჯაფარიძე: სინამდვილეში გილაური არაფერ შუაშია, მას სხვა მიზნისთვის გლაგნიან ტალახში. ეს პლინტუს დაბლა ქცევა პირდაპირი გაგრძელებაა იმ ბოდვის თითქოს კოალიცია წინასაარჩევნოდ ხალხს ატყუებდა 4-იანი და 5-იანი ერთი და იგივეაო