„შეიძლება სავაჭრო მოლებში, ფეშენ-მაღაზიებში სიცარიელეა, მაგრამ ზოგიერთი პროდუქტის მაღაზიაში ან ბაზრობაზე, მეტი მომხმარებელი მოძრაობს“ – როგორც „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ყარალაშვილმა რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ისაუბრა, საცალო ვაჭრობის მიმართულებით წელს კლება შეინიშნება. მისი თქმით, დეფიციტია საქართველოში ორგანიზებული სავაჭრო სივრცეების მხრივაც.
„ბოლო 7-8 წელია, საქართველოში ორგანიზებული სავაჭრო სივრცეების დეფიციტია. საქართველო და კონკრეტულად თბილისი მკვეთრად ჩამორჩება თავის ანალოგ ქვეყნებს, ლატვიას, ლიეტუვას, რომელსაც მილიონიანი ქალაქები აქვს. თუ იქ ერთ სულ მოსახლეზე 1000 კვ.მ ორგანიზებული სავაჭრო სივრცე არსებობს, ჩვენთან მხოლოდ 400 კვ.მეტრია, ანუ თითქმის 2.5-ჯერ ნაკლები. ეს კი განაპირობებს იმას, რომ სავაჭრო ცენტრები თითქმის სრულად არის დატვირთული და ეს იჯარის სიმცირეზეც შეიმჩნევა.
მიზეზი ამ ყველაფრის არის ის, რომ ჩვენ აღარ ვაშენებთ, ანუ კომერციული სავაჭრო ცენტრები დღეს არ შენდება. ამ მიმართულებით ინვესტიცია ქვეყნის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ხდება – პატარა ქვეყანაა და სამომხმარებლო ბაზარი დაბალია, შესაბამისად, ახალი ბრენდების შემოდინებასაც დიდად ვერ ვხედავთ. თუ ახალი ბრენდი შემოდის, მას აქვს უკვე მოთხოვნა კონკრეტულ სივრცესა და ფართზე. ის მსხვილი კომპანია, რომელიც ჩვენს ბაზარზე უკვე არის, მათ უკვე ათვისებული აქვთ ის სივრცე, რომელიც სჭირდებათ და დღევანდელი სოციალურ-ეკონომიკურ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, განვითარებას და გაფართოებას დიდად არ გეგმავენ. ეს ყველაფერი საბოლოოდ ტანდემში მუშაობს და აისახება იმაზე, რომ ახალი სავაჭრო ცენტრების ინიცირება, რომელიც საკმაოდ მძიმე კაპიტალტევადი დარგია, საკმაოდ რთულია. ამას ემატება გაძვირებული საკრედიტო რესურსი და ფაქტობრივად, დღეს, 2-3 წლის განმავლობაში ფაიფლაინში რომ რამე იყოს, ასეთი პროექტი არ არსებობს“, – აღნიშნა ყარალაშვილმა.
მისი თქმით, კლებაა საცალო ვაჭრობის ყველა მიმართულებით, გარდა პირველადი მოთხოვნის პროდუქტებისა.
„რაც შეეხება საცალო ვაჭრობას, აქაც შეიძლება ვთქვათ, რომ პირველი და მეორე კვარტალი საკმაოდ სუსტი იყო და ამ მიმართულებით კლებაც შეინიშნებოდა. საუბარია თავის მოვლის, საყოფაცხოვრებო, ელექტრონიკის მიმართულებით, მაგრამ ზრდაა პირველადი მოხმარების მიმართულებაზე, საკვებზე და ა.შ. ამიტომ, დარგობრივად რომ მივუდგეთ ამ საკითხს, დავინახავთ, რომ შეიძლება, სავაჭრო მოლებში ფეშენ-მაღაზიებში სიცარიელეა, მაგრამ ზოგიერთი პროდუქტის მაღაზიაში ან ბაზრობაზე, მეტი მომხმარებელი მოძრაობს. ქცევა შეცვლილია, ქვეყანაში ტურბულენტური გარემოა და მოსახლეობა ნაკლებ თანხას ხარჯავს. ბევრმა რითეილერმა შეამცირა ახალი მარაგების შექმნა, ოპტიმიზაცია გააკეთა და გადავიდა უფრო მინიმალურ შეკვეთებზე.
საერთო ჯამში, ამ მიმართულებით, 9 თვის მონაცემებს თუ შევადარებთ, დაახლოებით 10%-იანი კლებაა. თუმცა წინაა წინასაახალწლო პერიოდი და რეალური სურათი მე-4 კვარტალი რომ დაიხურება, მაშინ გამოჩნდება“, – განაცხადა მან.
