ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე ელინა ვალტონენი საქართველოში ვიზიტით ჩამოვა

ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი 13-15 ოქტომბერს აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია“ ავრცელებს.
გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე მთავრობის მაღალი დონის წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.
დღის წესრიგში, სხვა საკითხებთან ერთად, შედის სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესის პროგრესი, განსაკუთრებული ყურადღება კი ეუთო-ს მინსკის პროცესის დასრულებასა და მასთან დაკავშირებულ სტრუქტურებს დაეთმობა.
განცხადების თანახმად, საქართველოში შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, ძირითადი აქცენტით ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად.
„ფინეთი, როგორც ეუთო-ს 2025 წლის თავმჯდომარე, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას. ეს პრიორიტეტი ვიზიტის განმავლობაში ხაზგასმული იქნება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
პირველი არხი