„შუა დერეფანში მთლიანი ტვირთბრუნვა მატებით არ გამოირჩეოდა“ – ირაკლი ნემსაძე

საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარის, ირაკლი ნემსაძის ინფორმაციით, შუა დერეფანში წლის ჭრილში, მთლიანი ტვირთბრუნვა, რაც საზღვაო და სახმელეთო ხაზით განხორციელებული ტვირთების გადაზიდვას მოიცავს მატებით არ გამოირჩეოდა.
როგორც ირაკლი ნემსაძე გადაცემა “ბიზნესპარტნიორში” აცხადებს, აღნიშნული მიმართულებით მცირედი მატებაა, რაც მოლოდინებთან შედარებით დაბალი მაჩვენებელია.
მისივე თქმით, შესაძლოა, ტვირთმფლობელები და დაინტერესებული სუბიექტები ალტერნატიულ მარშრუტებს ეძებენ.
“შუა დერეფანზე საუბარი რამდენიმე წელია აქტიურ ფაზაშია, მაგრამ საუბრები გაცილებით ინტენსიურად ტარდება, ვიდრე ქმედითი ნაბიჯები. აღნიშნულ დერეფანში წლიდან წლამდე მატებაა, მაგრამ 2025 წელი გამონაკლისი გახლდათ, ანუ პირველი ზრდის ტემპის აღარ გვქონდა. ამ მიმართულებით ხარვეზები გვაქვს, რამაც ტვირთმფლობელები და დამკვეთები აიძულა ფიქრი ალტერნატიულ გზებზე დაეწყოთ.
ყველაფერი კომპლექსური საკითხია ჩამონათვალი შეიძლება, საკმაოდ ბევრი იყოს – ინფრასტრუქტურული დაბრკოლებები, სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე მოლოდინები, კასპიის ზღვის დაყოვნება და ა.შ. შესაბამისად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზღვაო საკონტეინერო მიმართულებით შეიძლება, მცირედი ზრდა გვაქვს, ასევე სახმელეთო გადაზიდვების მიმართულებით იმავე მცირე ზრდაა. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ზრდას რისი მოლოდინიც გვქონდა არ აჩვენებს. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მაღალი გამტარიანობისთვის, მგონი, ამ ნაწილში მცირედით იმ სტანდარტებს ჩამოვრჩებით, რაც საჭიროა მსგავსი რაოდენობის ტვირთის გადაზიდვებისთვის”, – აღნიშნავს ირაკლი ნემსაძე.
საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ჩინეთის შესახებაც საუბრობს და აღნიშნავს, რომ შუა დერეფნის სარგებლობით ჩინური მხარე ახლა უფრო დაინტერესებულია.
“რასაც ვამჩნევთ, შუა დერეფნის სარგებლობით ჩინური მხარე უფრო დაინტერესებულია, სამწუხაროდ, მსგავსი ინტერესი ევროპული ქვეყნებისგან ჯერ არ შეგვიმჩნევია, თუმცა გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენთან ურთიერთობას გააღრმავებენ – უფრო მეტ ტვირთს მომართავენ”, – აცხადებს ირაკლი ნემსაძე.
ცნობისთვის, “შუა დერეფანი” წარმოადგენს აზიასა და ევროპას შორის დამაკავშირებელ სატრანსპორტო და სავაჭრო მარშრუტს, რომელიც რეგიონის რიგ ქვეყნებში გადის. მარშრუტი იწყება ჩინეთიდან და გადის ცენტრალური აზიის ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა ყაზახეთი, უზბეკეთი და თურქმენეთი, შემდეგ კასპიის ზღვაზე, აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, ვიდრე ევროპას მიაღწევს.
შუა დერეფანი უზრუნველყოფს გადაადგილებას სახმელეთო გზაზე, რომელიც აზიის აღმოსავლეთ რეგიონებს, მათ შორის, ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს უფრო გრძელი საზღვაო გზების გვერდის ავლით.
წყარო: ბიზნესპარტნიორი