4 ოქტომბერი ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც კოლეგების დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა – ისინი საზოგადოებას ეუბნებოდნენ, რომ საღამოს 20:00 საათზე ივანიშვილი უკვე გაქცეული იქნებოდა. სამწუხაროდ, ისინი მოატყუეს,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, თორნიკე ართქმელაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ სტუმრობისას განაცხადა.
ართქმელაძის თქმით, 4 ოქტომბერს „თავიდანვე ტყუილი იყო, რომ ივანიშვილს 4 საათში გაუშვებდნენ“.
„როდესაც 4 ოქტომბერზე ვსაუბრობთ, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის გაშვებული შესაძლებლობა, როდესაც ჩემი კოლეგების დიდმა ნაწილმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი თქვა. 20%-იანი მერი ჰყავს დღეს ქალაქს, რა თქმა უნდა, არჩევნების საკითხთან მივდივართ. სერიოზული შეცდომა იყო. როდესაც ვსაუბრობთ, რომ ხვალ და ზეგ აღარ უნდა დავუშვათ შეცდომები, უნდა გავიაზროთ, სად იყო შეცდომები. დიდი ტყუილი ითქვა, რომ 4 ოქტომბერს დაიწყებდნენ და დაასრულებდნენ „ქართულ ოცნებას“. ერთ მხარეს ჩვენ ვეუბნებოდით, რომ გავაგრძელოთ ეს ბრძოლა 5 ოქტომბრიდან, რადგან თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლება ვერ დასრულდება. ვეუბნებოდით, რომ ეს არის გრძელვადიანი ბრძოლა, სადაც სტრატეგიულად სწორად უნდა ვიყოთ მომზადებულები და სწორი გათვლები უნდა გავაგრძელოთ. მეორე მხარე ეუბნებოდა, რომ ეს არ არის საჭირო და 4 ოქტომბერს, საღამოს 20:00 საათზე ივანიშვილი უკვე გაქცეული იქნება. მოქალაქეებმა, რომლებსაც სურთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს ივანიშვილი ხელისუფლებიდან, მათ ეს სამწუხაროდ დაიჯერეს, ისინი მოატყუეს. 4 საათში ვერანაირად ვერ მოხდებოდა ივანიშვილის გაშვება, ეს თავიდანვე ტყუილი იყო“,- განაცხადა ართქმელაძემ.
ამასთან, როგორც ართქმელაძემ “ლელოს“ სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, ისინი ყველა საკრებულოში „უკომპრომისო ბრძოლას“ აპირებენ.
„არჩევნებამდე ვამბობდით, რომ 64-ვე მუნიციპალიტეტში რომ მოიგოს ოპოზიციამ ყველა საკრებულო და ყველა მერი, 5 ოქტომბერს ხელისუფლებაში მაინც „ქართული ოცნება“ იქნება. ჩვენი მთავარი მიზანი იყო და რჩება, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან მშვიდობიანი გზებით მოვიშოროთ.
ვაპირებთ, რომ საკრებულოებში, სადაც ერთი და ორი წევრი გვყავს, მანდაც კი უკომპრომისოდ ვიბრძოლოთ. გამოვააშკარაოთ „ქართული ოცნების“ ის კორუფციული სქემები და გარიგებები, რაც არაერთი აქვს, სამწუხაროდ.
ვიქნებით ყველა იმ პროტესტში, რომლის მიზანიც ახალი საპარლამენტო არჩევნები და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება იქნება. ასეთი პროტესტიდან ჩვენ არსად არ წავსულვართ და რუსთაველზე გასვლის პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს, შემიძლია ესეც დაგიდასტუროთ. ჩვენ პრობლემა მოქალაქეებთან არ გვაქვს, ვინც არჩევნებზე არ მივიდა და შეცდა. პრობლემა გვაქვს იმ პოლიტიკურ ძალებთან, რომლებმაც ეს ადამიანები მწარედ მოატყუეს. ჩვენი მთავარი ძალა არის სიმართლე. არცერთ ეტაპზე ამ ადამიანებს არ მოვატყუებთ და ზედმეტ დაპირებებს არ მივცემთ, რასაც ვერ შევასრულებთ. დავპირდით, რომ ვიბრძოლებდით? ვიბრძოლეთ! ვპირდებით, რომ დღეს გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით? ამას გავაგრძელებთ და ბოლოს ივანიშვილს აუცილებლად გავუშვებთ“,- განაცხადა თორნიკე ართქმელაძემ.
