რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ღია წერილს ავრცელებენ და ბიძინა ივანიშვილს დახმარებას სთხოვენ.
ისინი ჯანდაცვის სამინისტროს კლინიკის რეაბილიტაციის პროცესის განზრახ გაჭიანურებაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თანამშრომლებს პროფესიული საქმიანობის შესრულება მუდმივი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის ქვეშ უწევთ.
ექიმები გამოთქვამენ ეჭვსაც, რომ ჯანდაცვის უწყების მხრიდან კლინიკის დისკრედიტაციის, ჩამოშლის და პარალიზების პროცესი მიზანმიმართულად მიმდინარეობს.
მათ მიერ გავრცელებულ ღია წერილს გთავაზობთ უცვლელად:
“პარტია “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ბატონო ბიძინა, მოგესალმებით და მოგმართავთ რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივი ღია წერილით. მოგეხსენებათ, რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი ნახევარსაუკუნოვანი ისტორიით ყოველთვის იყო და დღესაც რჩება ქვეყნის წამყვან სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სტრატეგიულ ცენტრად, რომლის კედლებში ცნობილ პროფესორ-მასწავლებელთა არაერთი თაობა აღიზარდა. რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი კოლექტივით ყოველთვის ერთგულად იდგა და დღესაც დგას სახელმწიფოს და ხალხის სადარაჯოზე. ისტორიულად კლინიკამ აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოსთვის ყველა მნიშვნელოვან პროცესში: 9 აპრილის მოვლენები, თბილისის სამოქალაქო, აფხაზეთის, სამაჩაბლოს და 2008 წლის აგვისტოს ომები. ამის ნათელი მაგალითია ბოლოდროინდელი კოვიდ პანდემიაც, რომელსაც კლინიკამ საკმაოდ წარმატებულად გაართვა თავი და „ფორს-მაჟორულ“ რეჟიმში დაახლოებით 40 000-ზე მეტ პაციენტს უმკურნალა, ლეტალობის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით. რესპუბლიკური საავადმყოფო აღმოსავლეთ საქართველოში ერთადერთი მრავალპროფილური სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც ყოველთვის იდგა სამედიცინო პროგრესის ავანგარდში. თქვენი უშუალო ჩართულობით და მხარდაჭერით დაიწყო რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების და რეკონსტრუქციის პროცესი. სწორედ რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2007 წელს გაიხსნა მაღალტექნოლოგიური აპარატურით და მაღალკვალიფიციური სპეციალისტებით დაკომპლექტებული მოზრდილთა პირველი „ემერჯენსი“(გადაუდებელი მედიცინის ცენტრი), რომელიც დღესაც აქტიურად ფუნქციონირებს. კლინიკის ბაზაზე აგრძელებს ფუნქცინირებს კრიტიკული მედიცინის, კრიტიკული კარდიოლოგიის, ქირურგიის, თერაპიის, ნევროლოგიის სამსახურები, ამბულატორია, ჰემოდიალიზის ცენტრი, საერთაშორისო სტანდარტების ლაბორატორია და მაღალტექნოლოგიური აპარატურით დაკომპლექტებული დიაგნოსტიკის დეპარტამენტი. საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ლოცვა-კურთხევით კლინიკის შენობაში, ევროპის მრავალი კლინიკის მსგავსად, 1992 წლიდან გახსნილია და დღემდე ფუნქციონირებს წმინდა მკურნალ პანტელეიმონის სახელობის ეკლესია (წერილს რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ერთად თან ახლავს მრევლის ხელმოწერებიც, სულ 774 ხელმოწერა). სამწუხაროდ, დღეს როგორც არასდროს, უმწვავესად დადგა რესპუბლიკური საავადმყოფოს და მისი 600-ზე მეტი თანამშრომლის, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის ყოფნა-არყოფნის საკითხი. რესპუბლიკური საავადმყოფოს გარშემო განვითარებული ბოლოდროინდელი (2023 წელი) მოვლენები საფუძვლიან ეჭვს ბადებს იმის თაობაზე, რომ ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სამედიცინო და სტრატეგიული სახელმწიფო კლინიკა არსებობის და ფუნქციონირების შეწყვეტის რისკის წინაშეა. მოგეხსენებათ რომ, სხვადასხვა მიზეზების გამო 2008 წელს კლინიკის სრული რეაბილიტაციის პროცესი შეჩერდა. 2012 წელს ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ კოლექტივს კლინიკის სრული რეაბილიტაციის იმედი მოგვეცა. 2020-2021 წლებში განახლდა კლინიკის ძირითად შენობაში სარემონტო სამუშაოები, რომელიც სამწუხაროდ 2022 წელს შეჩერდა. თითქმის ერთი წელი გავიდა რესპუბლიკური საავადმყოფოს „დანგრევის“ ყოველგვარ არგუმენტს მოკლებული განცხადების გაკეთების შემდეგ, რომელიც არ ემყარებოდა არანაირ ექსპერტულ დასკვნას. ეს მაშინ, როდესაც შენობის რეაბილიტაციის არაერთი პროექტი არსებობს, მათ შორის, „ქართუ ჯგუფის“ მიერ უახლესი სტანდარტის გათვალისწინებით წარმოდგენილი „ახალი რესპუბლიკურის“ მშენებლობის პროექტი ამავე ტერიტორიაზე, რომელიც სამწუხაროდ არ განხორციელდა. არ განხორციელდა 2021-2022 წლებში სახელმწიფო დაკვეთით და არცთუ მცირე საბიუჯეტო დანახარჯით შესრულებული პროექტიც. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან კოლექტივის არაერთი შეხვედრის მიუხედავად ვერ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა ჩვენ ძირითად მოთხოვნასთან დაკავშირებით: არსებულ ლოკაციაზე მუშაობის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელება სამედიცინო პერსონალის შენარჩუნებით. კლინიკის თანამშრომლებს გვიწევს პროფესიული საქმიანობა მუდმივი ფსიქოლოგიური და ემოციური ზეწოლის და ურთიერგამომრიცხავი ინფორმაციის პირობებში. დღეისათვის არაფერი კეთდება კლინიკის რეაბილიტაციის, განახლების, პაციენტსა და სამედიცინო პერსონალზე მორგებული ახალი სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნისთვის. რჩება შთაბეჭდილება, რომ მიზანმიმართულად მიმდინარეობს კლინიკის დისკრედიტაციის, ჩამოშლის და პარალიზების პროცესი. მსოფლიოში არსებობს არაერთი ძველი ისტორიული კლინიკის აღდგენის, განახლების და ახალ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის დიდი გამოცდილება სამედიცინო საქმიანობის უწყვეტ რეჟიმში განხორცილების პირობებში. ჩვენ შემთხვევაში, სამწუხაროდ, პრობლემის მოგვარებისთვის არჩეულია ჩვენთვის სრულიად გაუგებერი და მიუღებელი გზა: კლინიკის დახურვა და თანამშრომლების შემდგომი დასაქმების ბუნდოვანი პერსპექტივა. გაუგებარია ქალაქის ცენტრში მოქმედი სახელმწიფო კლინიკის პარალიზების მცდელობა და ქვეყნის მოსახლეობის დატოვება ამ მნიშვნელოვანი სამედიცინო და სტრატეგიული ცენტრის გარეშე. საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური, სტიქიური ტურბულენტობის და პანდემიების პირობებში, რომ არაფერი ვთქვათ აქ მომუშავე მაღალპროფესიული სამედიცინო კადრის გაუგებარ პერსპექტივაზე და, ზოგადად, რესპუბლიკური საავადმყოფოს, როგორც იდეის, კონცეფციის, გამოცდილების, ბრენდის მოშლასა და ნგრევაზე. თქვენმა პოლიტიკაში დაბრუნებამ, კოლექტივს მოგვცა იმედი, იმედი განახლების და რეაბილიტაციის. გთხოვთ, გაეცნოთ ამ რთულ ვითარებას და გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული ყველა საშუალება, რათა არ მოხდეს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული, ისტორიული, სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულების ფუნქციონირების შეფერხება და მოგვეცეს საშუალება გავაგრძელოთ პროფესიული საქმიანობა უწყვეტ რეჟიმში. თქვენი სურვილის შემთხვევაში მზად ვართ შეგხვდეთ, რათა უკეთ გაგაცნოთ საკითხის ნიუანსები. პატივისცემით, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლები,” – ნათქვამია წერილში.