ანალიტიკურ ცენტრ Ember-ის ანგარიშის მიხედვით, 2025 წლის პირველ ნახევარში, ისტორიაში პირველად, განახლებადი ენერგიის წყაროებმა გლობალურად ქვანახშირის სადგურებზე მეტი ელექტროენერგია გამოიმუშავეს. დოკუმენტის მიხედვით, ეს ჩინეთსა და ინდოეთში მწვანე ინდუსტრიის სწრაფმა ზრდამ განაპირობა.
ჩინეთმა, რომელიც ელექტროენერგიის უმსხვილესი მომხმარებელია, ენერგიის გენერაციაში წიაღისეული საწვავის წილი 2%-ით შეამცირა, მზისა და ქარის გენერაცია კი, შესაბამისად, 43% და 16%-ით გაზარდა.
ინდოეთში ქარისა და მზის ენერგიის წარმოება, საშუალოდ, 30%-ით გაიზარდა, რის ფონზეც ქვანახშირის მოხმარება 3.1%-ით შემცირდა.
რაც შეეხება გლობალურ ბაზარს, იანვარ-ივნისის პერიოდში განახლებადი წყაროებიდან, როგორებიცაა ქარი და მზე, გლობალურად 5072 ტერავატ/საათი ელექტროენერგია დაგენერირდა. ამავე პერიოდში ქვანახშირის ელექტროსადგურების წარმოებამ 4896 ტერავატ/საათი შეადგინა.
2025 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიაზე გლობალური მოთხოვნა 2.6%-ით, 369 ტერავატ/საათამდე გაიზარდა, რის დასაკმაყოფილებლად სრულად საკმარისი იყო მზის ენერგიის წარმოების ზრდა 306 ტვ/სთ-მდე, ხოლო ქარის – 97 ტვ/სთ-მდე.
