აშშ უკრაინას რუსეთში სამიზნეების დაბომბვაში უკვე რამდენიმე თვეა, ეხმარება – ამის შესახებ აღნიშნულია „ფაინენშელ თაიმსის“ სტატიაში.
გამოცემის თანახმად, უკრაინამ შეარჩია სამიზნეები შორ მანძილზე დარტყმებისთვის, შემდეგ კი ვაშინგტონმა მიაწოდა სადაზვერვო ინფორმაცია ამ ობიექტების შესახებ. გამოცემა წერს, რომ აშშ-ის დახმარების მიზანია, დაასუსტოს რუსეთის ეკონომიკა და აიძულოს ვლადიმერ პუტინი, დაჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან.
ამერიკულმა დაზვერვამ კიევს გაუზიარა ინფორმაცია, რამაც მას რუსეთის მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმის საშუალება მისცა, მათ შორის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რომლებიც ფრონტის ხაზის მიღმა მდებარეობს.
როგორც ინფორმირებულმა წყაროებმა „ფაინენშელ თაიმსს“ განუცხადეს, ამერიკული დაზვერვა კიევს მარშრუტების, სიმაღლეების, დროისა და მისიის გადაწყვეტილებების დაგეგმვაში ეხმარება, რაც საშუალებას აძლევს უკრაინულ შორ მანძილზე მოქმედ დრონებს, რომლებიც ერთჯერადი თავდასხმებისთვისაა განკუთვნილი, თავი აარიდონ რუსეთის საჰაერო თავდაცვას.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მხარდაჭერა ზაფხულის შუა რიცხვებიდან გაიზარდა. ეს ცვლილება დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ივლისში გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ მოხდა.
