ენერგეტიკის გლობალური ლანდშაფტი იცვლება, მზის ენერგია კი ამ ტრანსფორმაციის წამყვანი ძალაა. ერთ დროს ძვირად ღირებული და არასანდო რესურსი, დღეს მსოფლიოში ელექტროენერგიის ყველაზე ხელმისაწვდომი წყაროა: მზიან ქვეყნებში მზის ენერგიის ერთი ერთეულის წარმოება მხოლოდ 0.023 ევრო ჯდება.
2024 წლის ბოლოსთვის, მსოფლიოში მზის ენერგიის დადგმულმა სიმძლავრემ 2.2 ტერავატს გადააჭარბა, საიდანაც 600 გიგავატი მხოლოდ ერთ წელიწადში მიემატა, რაც ისტორიული შედეგია.
მზის ენერგიის ინდუსტრიის სწრაფ ზრდას ხელი მრავალმა ფაქტორმა შეუწყო. მათ შორისაა ბოლო ათწლეულში მზის მოდულების თითქმის 90%-ით გაიაფება, მკაცრი სამთავრობო პოლიტიკა და სუბსიდიები, კორპორაციების ემისიათა წმინდა ნულოვანი მიზნები და ინოვაციები მზის ენერგიის შენახვის, მოტივტივე ელექტროსადგურების და შენობაში ინტეგრირებული ფოტოელექტრული სისტემების ტექნოლოგიებში.
მიუხედავად იმისა, რომ “მზის რევოლუცია”, ფაქტობრივად, გლობალური მასშტაბისაა, ზოგიერთმა ქვეყანამ, დადგმული სიმძლავრითა და დაანონსებული პროექტებით, უფრო სწრაფად აუწყო ფეხი ინდუსტრიის განვითარების ტემპს, ვიდრე – დანარჩენებმა.
ერთ-ერთი ასეთი ქვეყანა იაპონიაა, სადაც მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 100 000 მეგავატს აღემატება. მიწის შეზღუდული ფართობის გათვალისწინებით, იაპონია მოტივტივე ელექტროსადგურების, მაღალეფექტური სახურავის პანელებისა და შენობაში ინტეგრირებული სისტემების წარმოებაში ლიდერობს. მიუხედავად იმისა, რომ ინდუსტრიის ზრდის ტემპი, წინა წლებთან შედარებით, შენელებულია, იაპონია კვლავ ტექნოლოგიურ ნოვატორად რჩება მზის ენერგიისა და ამ ენერგიის დასაწყობების სფეროში.
დადგმული სიმძლავრით ლიდერობს გერმანიაც, სადაც წლიურად 109 000 მეგავატი გენერირდება. გერმანიის ზრდა, ძირითადად, სახურავებზე დამონტაჟებული სისტემებით, კერძო კორპორაციებით და მთავრობის ძლიერი მხარდაჭერითაა განპირობებული. ენერგიის გამომუშავების დეცენტრალიზების მიზნის ფარგლებში, გასულ წელს გერმანიამ 16 000 მეგავატი სიმძლავრე დაიმატა, მიზნად კი, 2030 წლისთვის, დადგმული სიმძლავრის 215 000 მეგავატამდე გაზრდაა, რითაც გერმანია ევროპის უპირობო ლიდერია.
მზის ენერგიის გენერაციით მსოფლიოს მესამე უმსხვილესი ბაზარი ინდოეთია, რომელიც, გლობალურადაა ცნობილი, როგორც ინდუსტრიაში ყველაზე სწრაფად მზარდი სახელმწიფო. 2025 წლის ივლისისთვის, ინდოეთში მზის ენერგიის დადგმული სიმძლავრე 119 000 მეგავატს აღწევდა.
ქვეყნის ასეთი პროგრესი რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. მათ შორისაა მთავრობის მიერ 2024-2025 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული სქემა PMSG-ია, რომელიც მიზნად ისახავს 1 მილიონი ოჯახისთვის სახურავზე მზის პანელების მონტაჟსა და მათი უფასო ელექტროენერგიით მომარაგებას. ქვეყანამ გაზარდა პანელების ადგილობრივი წარმოებაც, რითაც იმპორტზე დამოკიდებულება მნიშვნელოვნად შეამცირა. ამასთან, გამოცხადებული და დაანონსებული პროექტები, ისევე როგორც 2030 წლისთვის დადგმული სიმძლავრის 500 000 მეგავატამდე გაზრდის ამბიციური გეგმა, ქვეყანაში მწვანე ინვესტიციების მოზიდვას უწყობს ხელს.
შთამბეჭდავ რიცხვებთან ერთად, ინდოეთს მასშტაბურ პროექტებსა და დეცენტრალიზებულ კერძო სისტემებს შორის ბალანსიც გამოარჩევს, რითაც მზის ენერგია ხელმისაწვდომია როგორც დიდი ინდუსტრიებისთვის, ასევე პატარა სოფლებისთვისაც. ფასების კლების, ინვესტორების ნდობისა და ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ინდოეთი გლობალურ მზის ენერგიის რეიტინგში მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.
ამ ბრძოლაში ინდოეთის კონკურენტი ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც დადგმული სიმძლავრე 236 000 მეგავატს აღწევს. ქვეყანაში მზის ენერგიის ბაზარი 46-ე პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მიერ ინიციირებული “ინფლაციის შემცირების აქტის” წყალობით გაიზარდა. აღნიშნული დოკუმენტი მხარს უჭერს მზის ენერგიის გენერაციის ზრდას და გრძელვადიან საგადასახადო შეღავათებს უზრუნველყოფს.
მზის ენერგიის წარმოებისა და დასაწყობების პროექტებში ისეთი მნიშვნელოვანი შტატები ლიდერობენ, როგორებიცაა კალიფორნია, ტეხასი, ნევადა და ფლორიდა. მოსალოდნელია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში, მომდევნო წლების განმავლობაში, დადგმული სიმძლავრე 300 000 მეგავატს მიაღწევს, რითაც ქვეყანა “მზის გლობალური ელექტროსადგურის” ტიტულს შეინარჩუნებს.
თუმცა ინდუსტრიის უპირობო ლიდერად ჩინეთი რჩება, რომელმაც გასულ წელს სრულ სიმძლავრეებს ამერიკის გენერაციაზე მეტი, 277 000 მეგავატი შემატა და 890 000 მეგავატამდე გაზარდა.
ჩინეთი მზის ენერგიის ბაზარზე შიდა მონღოლეთსა და სინძიანგში მოქმედი მასობრივი ელექტროსადგურებით , დაბალფასიანი წარმოებითა და მთავრობის მიერ მხარდაჭერილი პოლიტიკით დომინირებს.
ამასთან, ქვეყანა დიდ ინვესტიციას დებს ენერგიის შენახვასა და ულტრამაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებში ქსელის სტაბილიზაციის მიზნით. ქვეყანამ უკვე გადააჭარბა განახლებადი ენერგიის მიზანს, რომელიც 2030 წლისთვის განსაზღვრა.
ჩინეთი მსოფლიოში მზის ყველაზე მასშტაბური ელექტროსადგურების რაოდენობითაც ლიდერობს. ტოპ 10 უმსხვილესი პროექტიდან, 5 სწორედ ამ ქვეყანაში განხორციელდა. ამ რეიტინგის მოწინავე პოზიციებზე აზიასთან ერთად, სპარსეთის ყურისა და აფრიკის ქვეყნებს ვხვდებით.
მსოფლიოში მზის უდიდესი ელექტროსადგური ჩინეთში, სინძიანში მდებარეობს. მისი დადგმული სიმძლავრე 5 000 მეგავატია. ეს უზარმაზარი ელექტროსადგური ქსელს 2024 წლის 3 ივნისს შეუერთდა და მას იმდენი ენერგიის გამომუშავება შეუძლია, რომ თეორიულად, ლუქსემბურგის ან პაპუა-ახალი გვინეის ზომის ქვეყანას მთელი წლის განმავლობაში ეყოფა.
რეიტინგში მეორე ადგილზე 2 800 მეგავატის სიმძლავრის ელექტროსადგურია, რომელიც ასევე ჩინეთში, გოლმუდში მდებარეობს. ეს უჩვეულოდ შთამბეჭდავი პროექტია, სადაც სუფთა ენერგიის გამომუშავებაზე თითქმის შვიდი მილიონი მზის პანელი მუშაობს. ჩინეთს გოლმუდის მზის პარკთან დაკავშირებით დიდი ამბიციები აქვს – იმედოვნებს, რომ მომდევნო 5-6 წლის განმავლობაში მისი სიმძლავრე 16 000 მეგავატს მიაღწევს.
ბადლას ელექტროსადგური ინდოეთში მდებარეობს, 2 700 მეგავატ ენერგიას გამოიმუშავებს და 56 კვადრატულ კილომეტრს, ანუ თითქმის მანჰეტენის ზომის ტერიტორიას იკავებს. ელექტროსადგური თავისი მდებარეობითაც გამორჩეულია, რაჯასტანის რეგიონი საშუალოდ კვადრატულ მეტრზე დღეში მზისგან 7.57 კილოვატ/საათ დასხივებას იღებს, წელიწადში 300 მზიანი დღე კი იდეალურია ელექტროენერგიის გენერაციისთვის.
არაბთა გაერთიანებული საამიროები, რომლებიც ნავთობის უზარმაზარი მარაგებით არის ცნობილი, მსოფლიოში სიდიდით მესამე მზის ელექტროსადგურსაც მართავს. მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმის მზის ელექტროსადგური 214 კვადრატულ კილომეტრზეა გაშენებული და 2 620 მეგავატს გამოიმუშავებს, 5 000 მეგავატამდე გაზრდის პერსპექტივით.
ელექტროსადგური ენერგიით უკვე ამარაგებს 270 000 სახლს და ყოველწლიურად დაახლოებით 1.4 მილიონი ტონა CO2-ის გამოყოფას ამცირებს, რაც კარგია მაჩვენებელია, მაგრამ, იმის გათვალისწინებით, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ერთ სულ მოსახლეზე გამონაბოლქვის მაჩვენებელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია, ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი.
რეიტინგის ხუთეულს ინდოეთი პავაგადას ელექტროსადგურით ხურავს. 53 კვადრატულ კილომეტრზე გაშენებულ პარკს 2 000-ზე მეტი მეგავატის დადგმული სიმძლავრე აქვს. 2 მილიარდი დოლარის ღირებულების ელექტროსადგური იმ 20 მილიარდიანი დაფინანსების მნიშვნელოვან ნაწილს წადმოადგენს, რომელიც ინდოეთმა 2024 წლამდე განახლებადი ენერგიის განვითარებაზე დახარჯა.
თუმცა ერთია, რამდენს ხარჯავენ ქვეყნები მზის ელექტროსადგურების ინფრასტრუქტურის განვითარებაში და აბსულუტურად სხვაა, თუ რეალურად რა წილი უჭირავს მზის ენერგიას ელექტროენერგიის სრულ მოხმარებაში. ამ შემთხვევაში, ინდუსტრიის ლიდერები რეიტინგის ათეულს მიღმა რჩებიან და მოწინავე პოზიციებს ევროპულ ქვეყნებს უთმობენ.
ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს 2024 წლის მონაცემებით, სრულ მოხმარებაში მზის ენერგიის წილი ყველაზე მაღალი – თითქმის 28% საბერძნეთშია. მეორე ადგილზეა ნიდერლანდები, 25.5%-ით, მესამეზე ესპანეთი – 24%-ით, მეოთხე და მეხუთე ადგილებს, 20-20%-ით, უნგრეთი და ჩილე ინაწილებენ.
bm.ge
