ოსკაროსანი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა
ოსკარის მფლობელი მსახიობი დაიან კიტონი 79 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ჰოლივუდის ვარსკვლავის ოჯახი ადასტურებს.
მსახიობის გარდაცვალების მიზეზი და სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
დაიან კიტონმა პოპულარობა ჯერ კიდევ 1970-იან წლებში, ცნობილ ფილმებში – „ნათლია“, „ენი ჰოლი“, „სიყვარული წესების გარეშე“ და „პირველი ცოლების კლუბში“ შესრულებული როლებით მოიპოვა.
ოსკარზე ოთხჯერ ნომინირებულ მსახიობს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდო, როგორც საუკეთესო ქალ მსახიობს, 1978 წელს ფილმში – „ენი ჰოლი“ შესრულებული როლისთვის გადაეცა.
კულტურის კრიტიკოსები აღნიშნავდნენ კიტონის უნიკალურ იმიჯს – მის თვითირონიას, კომედიის ნიჭს და ჩაცმის გამორჩეულ სტილს, ის, როგორც წესი, ჩნდებოდა ქუდით, ყელიანი სვიტერით ან კაცის ჰალსტუხით.
2017 წელს დაიან კიტონს ამერიკის კინოინსტიტუტმა მიანიჭა ჯილდო სამსახიობო მიღწევებისთვის ცხოვრების განმავლობაში.
