დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით “ეროვნული კრების” წევრები, მურთაზ ზოდელავასა და პაატა ბურჭულაძის გამოკითხვა დასრულდა.
ადვოკატების, ბექა ბასილაიასა და ლაშა თუთბერიძის განმარტებით, სუს-მა ორივე დაკავებულს კითხვები ძირითადად ტყეში აღმოჩენილ საბრძოლო მასალასთან დაკავშირებით დაუსვეს.
ირკვევა, რომ “ეროვნული კრების” წევრებს აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ პირ, ბექა ჭულუხიძესთან შემხებლობაზეც დაუსვეს კითხვები.
მათივე თქმით, დაკავებულები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ.
“ჩვენ ფორმალურად ვიყავით დაბარებული სუს-ის მიერ, მათი ვერსიით, ამოღებული იარაღის საქმეზე, რომელზეც ჩვენ არავითარი ინფორმაცია არ გვაქვს. მე პირადად მგონია, რომ ისევ სუს-ის მოგონილი საკითხია, ისევე როგორც ბევრი წლის წინ საბურავების საკითხი.
ამის გამო, ჩვენ ჩვენების მიცემაზე თანხმობა განვაცხადეთ და ვთქვით, რომ თავისუფლად შეგვეძლო გვეთანამშრომლა გამოძიებასთან. გამოძიებას ვუპასუხეთ ყველა იმ კითხვაზე, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს, თუმცა ჰქონდა მცდელობებს ადგილი, რომ პაატა ბურჭულაძისთვის დაესვათ კითხვები იმ საქმესთან, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს ამ საკითხთან და ეხება იმ საქმეს, სადაც მას აქვს ბრალდებულის სტატუსი. ამ კითხვებზე პასუხი რა თქმა უნდა მათ ვერ მიიღეს და შემოვიფარგლეთ მხოლოდ იარაღის საკითხებთან დაკავშირებული ცნობით.
იკითხეს, იცნობ თუ არა ბრალდებულს, ჰქონია თუ არა მასთან კავშირი, იცოდა თუ არა ბურჭულაძემ ჩამარხული იარაღის შესახებ…
ჩემი აზრით მათ ძალიან კარგად იცოდნენ, რომ ამ კითხვებზე პასუხი მათთვის სარგებლის მომტანი არ იქნებოდა. მათი რეალური მიზანი იყო, “მოეტყუებინათ” ბურჭულაძე ჩვენების მისაცემად”, – განაცხადა პაატა ბურჭულაძის ადვოკატმა, ლაშა თუთბერიძემ ჟურნალისტებთან.
“ეროვნული კრების” წევრები პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე, პაატა მანჯგალაძე და ირაკლი ნადირაძე 4 ოქტომბერს დააკავეს.
მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
