დღეს საღამოს, 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ „წინასწარი პატიმრობა“ შეუფარდა საქართველოში მყოფ პოლონელ მესაზღვრეებზე ძალადობის ბრალდებით დაკავებულ სამ ადამიანს.
სასამართლო სხდომაზე სამივე დაკავებულმა განაცხადა, რომ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს. ბრალდებულები არიან საბა ჯანჯღავა, ედგარ გრიგორიანი და ამინ გურბანოვი.
მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილის კითხვაზე, თუ რას ნიშნავს ნაწილობრივ, ბრალდებულებმა უპასუხეს, რომ ძალადობის ფაქტს აღიარებენ, თუმცა თავდაცვა ამოძრავებთან.
მათი თქმით, პოლონეთის მოქალაქეები იყვნენ აგრესიულები და თავად იძალადეს პირველად.
პროკურატურა მათთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა.
სამიდან ორი ბრალდდბული მესამე კურსის სტუდენტია.
· პოლონური გამოცემის ცნობით, სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლები საქართველოში იმყოფებოდნენ, პოლონეთის ხელისუფლებისა და ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს, Frontex-ის მიერ ერთობლივად განხორციელებული დეპორტაციის მიზნით.
· პოლონეთიდან დეპორტირებულებს შორის იყვნენ საქართველოსა და პაკისტანის მოქალაქეები.
როგორც გამოცემას ეუბნება პოლონეთის სასაზღვრო დაცვის სამსახურის მეთაური ანდრეი იუჟვიაკი, „სასაზღვრო დაცვის ჯგუფს თბილისში თავს დაესხნენ. შედეგად ორი თანამშრომელი თავის არეში სერიოზული დაზიანებებით საავადმყოფოში გადაიყვანეს”, ორივე მათგანს ოპერაცია დასჭირდა.
თუმცა ინციდენტი მათს სამსახურეობრივ სტატუსს არ უკავშირდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიების ვერსიით, 8 ოქტომბერს, თბილისში, ბრალდებულებმა ფიზიკურად იძალადეს პოლონეთის ოთხ მოქალაქეზე.
აქედან ერთ-ერთმა ბრალდებულმა მეტალის საგნით თავის არეში რამდენჯერმე დარტყმით სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება მიაყენა ორ დაზარალებულს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულები 9 ოქტომბერს დააკავეს.
50-წამიან ვიდეომასალაში, რომელიც შსს-მ გაავრცელა, ჩანს ორი პოლონელი კაცი, რომლებიც იმჟამად სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებენ. ერთი მათგანი რესტორანთან მდგომ ახალგაზრდა კაცს ემშვიდობება, ამ დროს მათგან ერთ-ერთს აჩერებს ახალგაზრდა კაცი, რომელიც ჯერ ხელს ართმევს და გამოელაპარაკება. ისინი ერთმანეთს მხარზე ხელს ადებენ, რის შემდეგ ურთიერთობის დამწყები სახეში ურტყამს მუშტს.
მას შემდეგ, რაც ერთ-ერთი პოლონელი მესაზღვრე ძირს ეცემა, ძალადობის დაწყების ინიციატორი მეორე პოლონელის ცემას იწყებს – მასაც სახეში ურტყამს მუშტს. ასევე ძალადობს მესამე პოლონელზეც.
მათ გაშველებას რამდენიმე ადამიანი ცდილობდა.
კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ კაცს ხელში ბლაგვი საგანი უჭირავს და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, არტყამს პოლონელებს.
