ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე: ასოციაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანი ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატის, დავით ჯანდიერის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარებას.
„ადვოკატ დავით ჯანდიერს არაერათი წელია ვიცნობ და წარმოუდგენლად მეჩვენება მისი ჩართულობა რაიმე კანონდარღვევაში. იმედს დავიტოვებ რომ დიდ გაუგებრობასთან გვაქვს საქმე“, – წერს დავით ასათიანი.
იურისტი, რომელიც 2017 წლიდან იკავებს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პოსტს, ასევე წერს:
„ასოციაცია მაქსიმალურად უზრუნველყოფს დავით ჯანდიერის სამართლებრივ და კოლეგიალურ მხარდაჭერას, რათა ადვოკატის უფლებები და პროფესიული საიდუმლოებისა და ადვოკატი-კლიენტის კონფიდენციალურობის პრინციპები სრულად იქნეს გარანტირებული“.
ჯანდიერი სუს-ში დაიბარეს
ს ყოფილი „პირადი ფინანსისტის“, პატიმრობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილის ერთ-ერთი ადვოკატი, დავით ჯანდიერი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაიბარეს.
„18:55 საათზე მოვიდნენ სუსის გამომძიებლები და დამიბარეს გამოკითხვაზე დღეს, 19:00 საათზე“, – დაწერა ჯანდიერმა ფეისბუკზე.
„ვუთხარი რომ თანახმა ვარ მაგისტრ მოსამართლესთან გამოვიკითხო, უბარლოდ შოკში ვარ“, – წერს იურისტი.
· სუს-ის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის სცემის ინსცენირება დაგეგმა.
· ამ საქმის გამო იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
· მათგან ერთი, „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
· მეორე, პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძეს 9 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს.
რის გამო იბარებენ მას
მცირე ხნით ადრე „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელევიზიამ, „პოსტივიმ“ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ადვოკატი ჯანდიერი იყო „შუამავალი“ გიორგი ბაჩიაშვილსა და პენიტენციური სამსახურის ყოფილ მაღალჩინოსანს, გია ქემოქლიძეს შორის.
პოსტივი დაუსახელებელ წყაროზე დაყრდნობით „არსებული ინფორმაციით“ წერდა იმასაც, რომ „ამ საქმესთან დაკავშირებით ჯანდიერი ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებთანაც კონტაქტობდა“.
ჯანდიერმა დაბარებამდე ორიოდე საათით ადრე „პოსტივის“ ამ ინფორმაციას „ბინძური და შეკვეთილი“ უწოდა, – „ცარიელი ტყუილი“, რომელიც „არაფერს ემსახურება, გარდა ჩემი დისკრედიტაციისა და პროფესიულ საქმიანობაზე ზეგავლენის მცდელობისა“.
ჯანდიერმა ეს, პირველ რიგში, გიორგი ბაჩიაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში განხილვის კონტექსტს დაუკავშირა.
„სირცხვილია ასეთი დონით ბრძოლა“, – დაწერა მან.
„ქართული ოცნების“ მოლაპარაკე თავების განვითარებული შეთქმულების თეორია „გლობალურის ომის პარტიაზე“ (როგორც მოგვიანებით უწოდეს, – „დიპ სტეიტზე“) გიორგი ბაჩიაშვილს ივანიშვილის წინააღმდეგ „დასავლეთის სპეცსამსახურების შეთქმულების“ აღსრულებაში ცენტრალურ ფიგურად ხატავს.