ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, სადაც თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია გამოკითხვისა და ხმის ნიმუშის აღების მიზნით იმყოფება, ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მივიდა.
აღსანიშნავია, რომ ახალაია უწყებაში დღეს ადვოკატის გარეშე მივიდა. ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის განმარტებით კი, მისთვის არავის დაურეკავს, რომ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისულიყო, თუმცა ვინაიდან ბაჩო ახალაიას გამოკითხვის პროცედურა გახანგრძლივდა, მიიღო გადაწყვეტილება უწყებაში მისულიყო.
„არავის დაურეკავს. ვინაიდან ეს სიტუაცია გაიწელა, მოვედი მხოლოდ იმიტომ, რომ შევიდე და გავარკვიო, რა სიტუაციაა. რეალურად კი, არც რაიმე ინფორმაცია მაქვს და არც ის, რომ იქ რაიმე ხდება“, – განაცხადა ველიჯანაშვილმა.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია სასწრაფო დახმარების ექიმები უწყებაში ბაჩო ახალაიას საჭიროების გამო გამოიძახეს თუ არა.
„სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ბაჩოს დასჭირდა, თუ სხვას, ვერ გეტყვით. რომ გამოვალ დეტალები მერე მეცოდინება ამ საკითხთან დაკავშირებით“, – განაცხადა მალხაზ ველიჯანაშვილმა.
თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია, რომელიც ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფება, შეუძლოდ გახდა, რის გამოც უწყებაში სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება გახდა საჭირო. „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს, რომ სასწრაფო დახმარების ექიმების ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში მისვლა თავდაცვის ყოფილი მინისტრის შეუძლოდ ყოფნას უკავშირდებოდა.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე 13:00 საათზე მივიდა და მას შემდეგ უწყებაში იმყოფება.შსს-ს ინფორმაციით, ბაჩო ახალაია უწყებაში ხმის ნიმუშის აღების მიზნით და მოწმის სახით გამოსაკითხად არის დაბარებული.
