ისრაელის მთავრობამ ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტას, ჰამასის ტყვეობაში მყოფთა გათავისუფლებას, პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას და ისრაელის ჯარების გაყვანას წინასწარ შეთანხმებულ ხაზზე.
ისრაელსა და ჰამასს შორის სამშვიდობო შეთანხმების ინიციატორმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს, ჯერ კიდევ ისრაელის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ მძევლების გათავისუფლება მოსალოდნელია მომავალი კვირის ორშაბათს, ან სამშაბათს.
ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა შეთანხმება 9 ოქტომბერს, ღამით დაამტკიცა. პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა და მადლობა გადაუხადა დონალდ ტრამპს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის ინფორმაციით, შეთანხმების პირობების შესრულება მინისტრთა კაბინეტში კენჭისყრიდან 24 საათის განმავლობაში დაიწყება.
კენჭისყრის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე ისრაელის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეთანხმებულია სია პალესტინელი პატიმრების, რომლებიც ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს ჰამასის მიერ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ. სიაშია 250 პირი, რომლებსაც სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი და ისრაელზე 2023 წლის 7 ოქტომბერს მომხდარი თავდასხმის შემდეგ დაპატიმრებული კიდევ 1700 პალესტინელი, რომლებსაც თავდასხმასთან უშუალო კავშირი არ ჰქონიათ. მედიასაშუალებების ცნობით, შეთანხმება ითვალისწინებს ისრაელის მიერ ღაზის სექტორისკენ გზის გახსნას ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 400 ავტომანქანისთვის.
შეთანხმებას მხარი არ დაუჭირეს ისრაელის მთავრობის ულტრამემარჯვენე წევრებმა, ეროვნული უსაფრთხოების და ფინანსთა მინისტრებმა, იტამარ ბენ-გვირმა და ბეცალელ სმოტრიჩმა. ბენ-გვირის განცხადებით, მძევლების მოსალოდნელი დაბრუნებით ბედნიერი არიან, მაგრამ უყურადღებოდ ვერ დატოვებენ ათასობით ტერორისტის, მათ შორის 250 მკვლელის მოსალოდნელ გათავისუფლებას.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ღაზის სექტორში ომის დასრულების გეგმა 2025 წლის სექტემბრის ბოლოს წარმოადგინა თეთრ სახლში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ.
6 ოქტომბერს ისრაელმა და ჰამასმა შეერთებული შტატების, ეგვიპტის, კატარის და თურქეთის წარმომადგენლების შუამავლობით ეგვიპტეში დაიწყეს მოლაპარაკების პირველი რაუნდი.
8 ოქტომბერს ღამით პრეზიდენტმა ტრამპმა გამოაცხადა, რომ ისრაელმა და ჰამასმა ხელი მოაწერეს სამშვიდობო გეგმის პირველ ფაზას. შეთანხმების მიღწევა დაადასტურეს ისრაელმა და ჰამასმაც და მათ შორის მოლაპარაკებების შუამავლებმა.
სხვადასხვა მედიასაშუალება ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მონიტორინგისთვის ახლო აღმოსავლეთში განთავსდება ამერიკელი სამხედროების 200-წევრიანი ჯგუფი. მის შემადგენლობაში იქნებიან ეგვიპტის, კატარის და თურქეთის სამხედროებიც.
