“სტალინის პარანოიდალური ახირების გამო დაიჭირეს თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი” – რევაზ ბოჭორიშვილი

ცივილიზირებული, დემოკრატიული ქვეყნების ისტორიას არ ახსოვს ექიმები დაეპატიმრებინოთ, ბორკილებდადებული გაეტაცოთ საკუთარი ბინიდან, ღამით, პოლიტიკური შეხედულებებისა და აქტიური სამოქალაქო პოზიციის გამო. ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების პირობებში კი ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. თუნდაც სსრკს ისტორია გავიხსენოთ. სტალინის პარანოიდალური ახირების გამო და მისი პირდაპირი ბრძანებით დაიჭირეს მისივე პირადი მკურნალი ექიმი, უცნობილესი თერაპევტი, 70 წლის (!) აკადემიკოსი ვინოგრადოვი, რომელიც მალევე მთავარი ბრალდებული აღმოჩნდა სრულიად აბსურდული “ექიმების საქმისა“. სხვათაშორის, მათ იმდროინდელი “დიფ სტეიტის“ აგენტობა ბრალდებოდა. და ასევე თავად სტალინის ბრძანებით, მას ბორკილები დაადეს და მასზე ფიზიკურად ძალადობდნენ ჩეკისტები. ხოლო სულ რამოდენიმე თვეში, როდესაც აგონიაში მყოფი სოსელო საკუთარ ექსკრემენტებში სულს ღაფავდა, მარტოდ მარტო, ვერავინ გაბედა, მათ შორის ექიმებმა, მის ოთახში შეხედვაც კი, ყველას ეშინოდა მას არ დაბრალებოდა ბელადის სიკვდილი. ექიმების ტერორი, შანტაჟი, დაპატიმრება, ძალადობა მათზე ( შარშან დეკემბერში იყო მაგალითები) რეჟიმის აგონიის ნიშანია. ისტორია არ ცდება, “ექიმების საქმის“ ბოლომდე მიყვანა ვერ მოხერხდა, ტირანს მანამდე აღმოხდა სული. ჩემი სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა უწესიერეს ადამიანს, უანგარო პროფესიონალს, სამაგალითო მოქალაქესა და პატრიოტს, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილს.