კობახიძესა და პაპუაშვილს პირი რომ აქვთ ღია: „ვაიმე, გადატრიალებას გვიპირებდნენო“, გადატრიალება იქნებოდა მაშინ, ივანიშვილის სახლი რომ აეღოთ, პარლამენტი რომ აეღოთ, კობახიძე რომ ტყვედ აეყვანათ, ტანსაცმელშემოხეული რუსთაველზე რომ ჩამოეტარებინათ და ქალებს თმებით ეთრიათ , – ამის შესახებ „სტრატეგიული ანალიზის ცენტრის“ დამფუძნებელმა გიორგი რუხაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
რუხაძის თქმით, როდესაც ხელისუფლების დამხობა ხდება, იქ ძალაუფლების ცენტრებს უტევენ.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ეს არ იყო ხელისუფლების დამხობის მცდელობა პირდაპირი გაგებით. ძალაუფლების ცენტრი საერთოდ არ არის იმ სასახლეში, სადაც ადამიანების ნაწილი ცდილობდა შესვლას. როდესაც ხელისუფლების დამხობაზე საუბრობ, მაშინ ძალაუფლების ცენტრები უნდა აიღო, ეს ადამიანები უნდა გაანეიტრალო და შემდეგ უკვე უნდა დაიწყო ძალაუფლების გადაბარება. მსგავსი ჩვენ არაფერი გვინახავს. წარმოიდგინეთ, იმ სასახლეში, სადაც ყაველაშვილი ზის, რომელიც არის ჩვეულებრივი თოჯინა, რომ შესულიყვნენ და ძალოვნებს არანაირი წინააღმდეგობა არ გაეწიათ, ამით რა შეიცვლებოდა, ხელისუფლება შეიცვლებოდა? ივანიშვილი გაიქცეოდა სახლიდან თუ კობახიძე გადადგებოდა?
პირები რომ აქვთ ღია კობახიძესა და პაპუაშვილს: ” ვაიმე, გადატრიალებას გვიპირებდნენო, გადატრიალება იქნებოდა მაშინ, ივანიშვილის სახლი რომ აეღოთ, პარლამენტი რომ აეღოთ, კობახიძე რომ ტყვედ აეყვანათ, ტანსაცმელშემოხეული რუსთაველზე რომ ჩამოეტარებინათ და ქალებს თმებით ეთრიათ, ეგ იქნებოდა გადატრიალება. ის რაც იყო, არც გადატრიალება იყო და არც დამხობის მცდელობა“, – განაცხადა რუხაძემ.
წამყვანის კითხვაზე, რა საფუძველი შეიძლება ჰქონდეს 4 ოქტომბრის მოვლენების ბრიუსელზე გადაბრალებასა და გარე ჩარევებზე საუბარს, რაზეც „ქართული ოცნება“ აპელირებს, რუხაძემ უპასუხა, რომ ეს არის „ქართული ოცნების“ ამომრჩევლისთვის გათვლილი განცხადებები.
მისივე თქმით, ირაკლი კობახიძე არა მარტო დიპლომატიურ ზღვარს, არამედ ზრდილობის ზღვარსაც გადადის.
„ამას სიმართლესთან რომ კავშირი არ აქვს, დიდი IQ ამას არ სჭირდება, ჩვენნაირი ადამიანები ამას მარტივად ხვდებიან. ეს არის მოფიქრებული ტვინგამორეცხილი სეგმენტისთვის, რომელიც „ქართულ ოცნებას“ საკუთარ მხარდამჭერად მიაჩნია და რამხელა შეურაცხყოფაა, წარმოიდგინეთ, ეგეთ სისულელეს რომ გაჯერებენ, რომ ბრიუსელსა და ვაშინგტონში დაგეგმეს თურმე გადატრიალება, აქ ამის აღმსრულებლები ყოფილან ბატონი პაატა ბურჭულაძე და კიდევ სხვები, სხვა შენობა ვერ იპოვეს ასაღებად და და ორბელიანების სასახლეს დაეტაკნენ. დამერწმუნეთ, თუ ვაშინგტონსა და ბრიუსელში თუ რამე მსგავსს დაგეგმავენ, იმას აღასრულებენ კიდეც, მაგრამ დემოკრატიული სამყარო სწორედ იმიტომ არის მიმზიდველი საქართველოსთვის, რომ ასეთ რაღაცებს რუსეთში გეგმავენ. ბრიუსელსა და ვაშინგტონში ელოდებიან, არჩევნები ჩატარდეს ქვეყანაში დემოკრატიულ, თავისუფალ და სამართლიან გარემოში. კობახიძე არა მარტო დიპლომატიურ ზღვარს გადადის, არამედ ზრდილობის ზღვარსაც გადადის“, – განაცხადა რუხაძემ.
ანალიტიკოსმა სახელმწიფო დეპარტამენტში საქართველოს ელჩის დაბარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ დაბარებას წინ მამუკა მდინარაძის განცხადებაც უძღოდა, რომელმაც აშშ რევოლუციის დაფინანსებაში დაადანაშაულა.
„ტალიაშვილთან შეხვედრა შემთხვევით კი არ მოხდა, მანამდე მდინარაძე გამოვიდა და თქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში ბანგკოკის საელჩოდან აფინანსებს რევოლუციას და ჩინეთის წინააღმდეგ ოპერაციებსო. ჩინეთის ხსენებამ აუნთო მწვანე, შესაბამისად, დაიბარეს და საყვედურიც მიატყეპეს. ალბათ უთხრეს, ეგ სისულელეები მეორეჯერ არ გაიმეოროო.
სინამდვილეში, რაც მდინარაძეს ჰგონია, რომ აღმოაჩინა, არაფერი არ არის. ბანგკოკში არის აშშ-ის ყველაზე დიდი ფინანსური კვანძი, რომლიდანაც ევრაზიის ფინანსური ოპერაციები იმართება, შესაბამისად, აქ საელჩოს, მის კონტრაქტორებს, ყველა დანარჩენს ფულს საბოლოო ჯამში იქიდან ურიცხავენ, გათბობის ფული იქნება, ხელფასი იქნება თუ რაც იქნება. ეს ახალი ამბავი კი არ არის, 25 წელია, ასე ხდება.
იმის ნაცვლად, რომ ესენი რასაც ელოდნენ, რომ ვაშინგტონიდან წამოვიდოდა რაღაც სიგნალები მოლაპარაკებაზე, პირიქით, დაიბარეს ქალბატონი ტალიაშვილი, კარგად „გაიტყლაშუნეს“ და ამიტომ იყო გაბრაზებული კობახიძე“, – განაცხადა გიორგი რუხაძემ.
