„სპეკულაცია იქნება. გამოძიებამ უნდა დაადგინოს“ – ასე პასუხობს „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია კითხვას, დაკავშირებულია თუ არა გიორგი ბაჩიაშვილის საქმესთან გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორის, დავით გოგობერიშვილის სავარაუდო თვითმკვლელობა.
კითხვაზე, თვითმკვლელობა შეიძლება თუ არა უკავშირდებოდეს გიორგი ბაჩიაშვილის საქმე, პაატა სალია პასუხობს:
„მე ვერ გეტყვით ახლა. ამის ასე დაკავშირება სპეკულაცია იქნება, მგონია. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად ჰქონდა ამას კავშირი იმ კონკრეტულ ეპიზოდთან, როდესაც პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა და შემდგომ ამას ჩვენი გამოძიების და დისციპლინური წარმოების ფარგლებში მოჰყვა ის, რომ რამდენიმე პირმა თავისი განცხადებით დატოვა სისტემა“, – თქვა სალიამ.
„პირველ რიგში, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოხდა. მართლაც შემზარავი ფაქტი იყო. წარმოუდგენელი ჩვემთვის, რადგან ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა“, – განაცხადა მან.
· სუს-ის ვერსიით, ბიძინა ივანიშვილის ყოფილმა „პირადმა ფინანსისტმა“, გიორგი ბაჩიაშვილმა ციხეში საკუთარი თავის სცემის ინსცენირება დაგეგმა.
· ამ საქმის გამო იუსტიციის სამინისტროს სისტემიდან ორი მაღალჩინოსანი გაათავისუფლეს.
· მათგან ერთი, „გლდანის ციხის“ ყოფილი დირექტორი, დავით გოგობერიშვილი, გუშინწინ, 7 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს.
· მეორე, პენიტენციური სამსახურის დირექტორის ყოფილი მოადგილე გიორგი ქემოკლიძეს დღეს, 9 ოქტომბერს ბრალი წაუყენეს.
გიორგი ქემოკლიძეს ედავებიან თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, ე.წ. კრიპტოვალუტის საქმეზე ბრალდებული გიორგი ბაჩიაშვილის ცემის იმიტაციას.
ბრალდებულმა გიორგი ქემოკლიძემ და გარდაცვლილმა დავით გოგობერიშვილმა თანამდებობა რამდენიმე თვის წინ, აგვისტოში დატოვეს. პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ მიზანი იყო „გამოძიებას ხელი არ შეშლოდა“.
ფორუმი
