შსს: 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ ერთი ადამიანი დავაკავეთ

ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს.

აღნიშნულ საქმეზე ჯამში 36 ადამიანია დაკავებული. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

“შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა კიდევ ერთი პირი გ.კ. დააკავეს. სამართალდამცველები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.