პუტინი დაპატიმრების საერთაშორისო ორდერის მიუხედავად უპრობლემოდ ჩავიდა ტაჯიკეთში

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი სამდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ტაჯიკეთში, რომელმაც უარი თქვა პუტინის დაპატიმრების საერთაშორისო ვალდებულების შესრულებაზე.
ტაჯიკეთი 2000 წელს შეუერთდა რომის სტატუტს და შესაბამისად, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას აღიარებს. სასამართლოს მიერ გაცემულია პუტინის დაპატიმრების ორდერი და ტაჯიკეთის ხელისუფლება ვალდებული იყო გადაწყვეტილება აღესრულებინა, თუმცა ს პრეზიდენტი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში უპრობლემოდ ჩავიდა.
8 ოქტომბერს, საღამოს პუტინს დუშანბეს აეროპორტში დახვდა პირადად ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რაჰმონი, შემდეგ კი ბოტანიკურ ბაღში უმასპინძლა არაფორმალურ შეხვედრასა და ვახშამზე.
პუტინის და რაჰმონის ოფიციალური შეხვედრა დღეს, 9 ოქტომბერს გაიმართება. რუსეთის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს სამიტშიც „რუსეთი-ცენტრალური აზია”.
8 ოქტომბერს საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Human Rights Watch-მა ტაჯიკეთს მოუწოდა პუტინისთვის ქვეყანაში ჩასვლაზე უარი ეთქვა, ან ჩასვლის შემთხვევაში დაეპატიმრებინა. ორგანიზაციამ ეუთოსა და ევროკავშირსაც მიმართა, საერთაშორისო ვალდებულების შესასრულებლად დუშანბეზე ზეწოლა მოეხდინათ.
· 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები.
· სასამართლოს თანახმად, პუტინი და ლვოვა-ბელოვა, სავარაუდოდ, პასუხისმგებლები არიან ომის დანაშაულის ჩადენაზე – უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე.
ფორუმი