რუსეთის ვოლგოგრადის ოლქში, „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელ ქარხანაზე“ დრონებით იერიში მიიტანეს, რის გამოც ქარხანაში ხანძარი გაჩნდა, – ამის შესახებ უკრაინული მედია ადგილობრივი მოსახლეობისა და ვოლგოგრადის ოლქის გუბერნატორ ანდრეი ბოჩაროვის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
გუბერნატორის თქმით, „ჩამოვარდნილი უპილოტო საფრენი აპარატების ნამსხვრევებმა კოტოვსკის რაიონში, საწვავ-ენერგეტიკის ობიექტებში ხანძარი გამოიწვია“.
ადგილობრივი საზოგადოებრივი ჯგუფები და თვითმხილველები იუწყებიან, რომ თავდასხმის სამიზნე „ლუკოილ-კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა“ იყო.
უკრაინული მედია წერს, რომ კორობკოვსკის გაზის გადამამუშავებელი ქარხანა რუსეთის სამხრეთ ფედერალურ ოლქში ბუნებრივი აირის გადამამუშავებელი უდიდესი ობიექტია. მისი წარმოების სიმძლავრე წელიწადში 450 მილიონი კუბური მეტრი გაზის ნედლეულია. ქარხნის წარმოების მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით თხევადი აირები და ბენზინი, ექსპორტისთვისაა განკუთვნილი.
