აშშ-ს წინა ადმინისტრაციის პირობებში, კონკრეტული ორგანიზაციები ჩართულები იყვნენ საქართველოში ექსტრემისტული დაჯგუფებების დაფინანსებაში, ეს იყო, მათ შორის, USAID-ი და NED-ი, რომელიც აკრძალა პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
მისივე თქმით, ამის შემდეგ არსებობდა ეჭვები, რომ პროცესების გაგრძელება გადაიბარეს კონკრეტულმა სუბიექტებმა და ამაზე ხელისუფლება გულწრფელად ესაუბრება პარტნიორებს როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში.
ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ურთიერთობების გადატვირთვა და ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამართლიანობა იყოს უზრუნველყოფილი.
„არის ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ კონკრეტულმა სუბიექტებმა გადაიბარეს ის კონკრეტული პროცესები, რაც მანამდე იყო დაწყებული. ამაზე ჩვენ თუ ეჭვი გვაქვს, ჩვენ გულწრფელად ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს, როგორც აშშ-ში, ისე ევროკავშირში. არის კონკრეტული ორგანიზაციები, რომლებიც პირდაპირ არიან ჩართულები რევოლუციურ პროცესებში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვინდა ურთიერთობების გადატვირთვა და ურთიერთობების გადატვირთვისთვის მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს სამართლიანობა უზრუნველყოფილი. თუ სადმე ეჭვებია, ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და მივიღოთ შესაბამისი პასუხები. თინა ბოკუჩავა თუ გმობს, რა გაუჭირდა სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა, ან ევროკავშირს რა გაუჭირდა, რომ დაგმოს ხელისუფლების დამხობის მცდელობა?! – ასეთი დაგმობა იქნებოდა მკაფიო ნიშანი იმისა, რომ ემიჯნება სახელმწიფო დეპარტამენტი ხელისუფლების დამხობის მცდელობას და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ ძალადობით ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობას. ეს არის ჩვენი მოწოდება და ეს არის ჩვენი გულწრფელი სურვილი. ასეთი სამართლიანობა უზრუნველყოფდა ურთიერთობების ჯანსაღად გადატვირთვას, ამიტომ ჩვენ ხან საჯაროდ, ხან არასაჯაროდ, გულწრფელად ვსაუბრობთ ყველაფერთან დაკავშირებით,“- განაცხადა პრემიერმა.
