„კანონიერი ქურდის“ ძმის, ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობაში ბრალდებულმა გელა უძილაურმა ბრალდების მხარისათვის ჩვენების მიცემაზე დღეს უარი თქვა, თუმცა პირობა დადო, რომ მომდევნო სხდომაზე თავისი ადვოკატების კითხვებს უპასუხებს.
დღევანდელ სხდომაზე გაირკვა ისიც, რომ ბრალდების მოთხოვნილი კიდევ ორი მოწმე ამბობს უარს ჩვენების მიცემაზე.
· ერთი, მამუკა ბაღდავაძე თავად ბრალდებულია მომიჯნავე საქმეში.
· მეორე მოწმე, ზურაბ ჯანიაშვილი კი არის ერთი ბრალდებულის, სანდრო წივწივაძის ძმა.
პროკურორი ამბობს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებს მოწმეებისადმი შესაძლო „მუქარაზე“ და ვერც სასამართლოში უძილაურის წინა სხდომებისას გამოცხადებულ ცრუ განგაშთან ხედავს საქმის შესაძლო კავშირს.
ბრალდებულის ადვოკატებმა უდავოდ მიიჩნიეს საქმის მთავარი გამომძიებლის მოპოვებული მტკიცებულებები, – შესაბამისად, დეტექტივი, რომელიც სასამართლოზე გამოცხადდა, აღარ დაუკითხავთ. ეს დიდ გამარჯვებად ჩათვალა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
განაჩენამდე დარჩენილია ორი სხდომა – უძილაურის გამოკითხვა და ბრალდებისა და დაცვის მხარეთა დასკვნითი სიტყვები. თუმცა გელა უძილაურის განაჩენის შემდეგ მკვლელობის დაგეგმვაში ბრალდებულთა პროცესი უნდა დაიწყოს.
მოკლედ: ჯანგველაძის მკვლელობა
· 2025 წლის 14 მარტს თბილისში, ილია ჭავჭავაძის გამზირზე, მოკლეს ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე – „კანონიერი ქურდის“, მერაბ „სოხუმსკის“ ძმა. მისი მძღოლი და ამავე დროს დაცვა გია ჩადუნელი დაჭრეს;
· სამ დღეში ჯანგველაძის მკვლელობისა და ჩადუნელის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ყოფილი სპეცრაზმელი გელა უძილაური.
· მოგვიანებით, მაისში მკვლელობის იარაღის „გასაღების“ ბრალდებით ვინმე სანდრო წივწივაძე დააკავეს, აგვისტოში კიდევ სამი ადამიანი და ორზე ძებნა გამოაცხადეს; ბოლოს ერთ-ერთი მათგანის დაცვის წევრიც – მას ბრალად ადვოკატზე „მუქარა“ წაუყენეს.
· პასუხისგებაში მიცემულთა შორის არიან ძმები დავით (დათუნა) და გიორგი მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე. დათუნა მიქაძე და გიორგი ჯოხაძე საზღვარგარეთ მიმალვაში არიან;
· სასამართლო განხილვებისას ერთ-ერთმა დეტექტივმა, – „ოპერატიულ ინფორმაციაზე“ დაყრდნობით, წყაროს გარეშე, – ასევე, მოკლულის მამიდაშვილმა, – ახსენეს ოთარ ფარცხალაძე და 2013 წელს მოკლული „კანონიერი ქურდის“, „დედ ჰასანის“ შვილიშვილი. თუმცა მკვლელობის შეკვეთის ბრალი ოფიციალურად ჯერ არავისთვის წაუყენებიათ;
· მკვლელობის შემდეგ, საქმის მიმდინარეობისას შეიცვალა საქმის პროკურორი; ასევე, შეიცვალა რამდენიმე ძალოვანი უწყების ხელმძღვანელი, რაც ოფიციალური განმარტებებისა და ასევე მედიაში გაჟღერებული სხვადასხვა ვერსიის თანახმად, საქმეს არ უკავშირდება, – თუმცა საქმეში პოლიტიკურ გავლენებზე ეჭვი რჩება.
„კილერობაში“ ბრალდებულის დუმილი და პირობა
ბრალდებული გელა უძილაური ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
მისი გამოკითხვა სასამართლოში დღეს ჰქონდა პროკურორ ლევან ვეფხვაძეს დაგეგმილი, თუმცა „კილერობაში“ ბრალდებულმა თქვა, რომ დღეს ამისთვის მზად არ იყო.
„მზად ვარ. ჩვენების მიცემას ვაპირებ“, – თქვა დღევანდელ სხდომაზე თავდაპირველად გელა უძილაურმა, თუმცა დასძინა, რომ სურს, არ შეაწყვეტინონ საუბარი; იქვე განაცხადა, რომ დღეს ჩვენებისთვის მზად არ იყო.
მის ადვოკატებსა და პროკურორს შორის მცირედი კამათისა და მოსამართლის მიერ მხარეების პოზიციის ჩამოსაყალიბებლად გამოცხადებული შესვენების შემდეგ, გაირკვა:
· გელა უძილაური არ აპირებს, ბრალდების მხარეს მისცეს ჩვენება. ის არ იქნება ბრალდების მხარის მოწმე. „არ სურს, პროკურორს მისცეს ჩვენება“, – განაცხადა მისმა ადვოკატმა;
· მაგრამ, ადვოკატის თქმითვე, ბრალდებული მომდევნო სხდომაზე – 13 ოქტომბერს – მისცემს ჩვენებას, როგორც დაცვის მხარის მოწმე;
· პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ სხდომის ბოლოს თქვა, რომ უძილაურს კითხვებს მაინც დაუსვამს.
ორი მოწმე არ გამოცხადდა – რატომ?
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ დღევანდელ სხდომაზე, ბრალდებულისა და მთავარი გამომძიებლის გარდა, ორი მოწმე გამოიძახა:
· ზურაბ ჯანიაშვილი – კიდევ ერთი დაკავებულის, სანდრო წივწივაძის ძმა. წივწივაძეს იარაღის „გასაღება“ ედება ბრალად;
· მამუკა ბაღდავაძე, – საქმეში ბრალდებული კიდევ ერთი კაცი, რომლის საქმე, მიქაძეებთან და ჯოხაძესთან ერთად არის ძირითადი საქმისგან გამოყოფილი. მას დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად – გიორგი ჯოხაძე მამუკა ბაღდავაძის დეიდაშვილის ბიძაშვილია.
მოსამართლემ ორივე მათგანის სახელით სასამართლოსთვის გაგზავნილი წერილები წაიკითხა.
ჯანიაშვილის წერილი 7 ოქტომბერსაა მიღებული და წერია, რომ მისი ძმა ზეწოლის ქვეშაა, უნდათ მისი ინფორმაციის წყაროდ გამოყენება. ის კი უარს ამბობს გამოცხადებაზე.
პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, ჯანიაშვილი აქამდე თანახმა იყო დისტანციურად დაკითხვაზე, ეს კი მისთვის სიახლეა.
უძილაურის ადვოკატმა მოითხოვა, რომ ჯანიაშვილი გამოცხადდეს სხდომაზე: „ჩვენ ეჭვი გვეპარება, ეს [წერილი] მისი დაწერილია საერთოდ თუ არა“, – თქვა ერთ-ერთმა მათგანმა.
„მოწმე თუ აპირებს, რომ არ მისცეს ჩვენება, მობრძანდეს და განაცხადოს სასამართლო პროცესზე. ფარული საგამოძიებო ქმედებაა ჩატარებული და მიღებულია გარკვეული შედეგი. ხომ უნდა მიეცეს საშუალება, რომ პასუხი გასცეს? იქნება და გვაძლევს რაიმე ჩვენებას. სასამართლოში გამოცხადდეს და ამის შემდეგ, იმის მიხედვით, რა პოზიცია გამოცხადდება [გადაწყვიტეთ]“, – თქვა ადვოკატმა.
მოსამართლემ თქვა, რომ მოწმე უნდა გამოცხადდეს სასამართლო დარბაზში და დააფიქსიროს პოზიცია და განმარტება მისცეს სასამართლოს. ხოლო რა ფორმით, ეს მხარეთა გადასაწყვეტია.
პროკურორის პოზიციით, აუცილებელი არ არის ამჯერად მისი გამოკითხვა, რადგან სანდრო წივწივაძის საქმის განხილვისას მას მაინც მოუწევს, კითხვებს უპასუხოს.
ჯანიაშვილის ძმა, სანდრო წივწივაძე იმ იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვისთვის და გასაღებისთვისაა ბრალდებული, რომლითაც ლევან ჯანგველაძე მოკლეს.
მამუკა ბაღდავაძეც უარს ამბობს
რაც შეეხება მამუკა ბაღდავაძეს: დღეს არც ის გამოცხადდა.
მოსამართლის თქმით, დღეს დილას შემოვიდა ოქმი, რომლის თანახმადაც ბაღდავაძემ უარი თქვა საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.
მამუკა ბაღდავაძე წინა, პირველ ოქტომბერს გამართულ სასამართლო სხდომაზეც იყო გამოძახებული.
პროკურორის განცხადებით, ის სასამართლოშიც იმყოფებოდა: „ფიზიკურად ვერ მოვახერხეთ დაკითხვა ტექნიკური პრობლემის გამო“.




