თოვლი, ქარბუქი, ძლიერი ყინვა და შტორმი – 12 იანვარს დღის ბოლოდან ამინდი გაუარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 იანვარს დღის ბოლოდან 14 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, უმეტესად თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა.
ამასთან, 13 იანვარს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. ხოლო 14-15 იანვარს ღამის საათებში გაძლიერდება ყინვა. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურის -3, -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების (განსაკუთრებით ლიმონის) დაზიანება გამოიწვიოს.
როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.