ეუთო/ოდირი: მოვუწოდებთ მთავრობას პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლებას

ეუთო/ოდირი 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში შეშფოთებას გამოთქვამს ძალადობრივი პროცესების გამო.
ასევე მოუწოდებს “ოცნების” ხელისუფლებას, პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას და აცხადებს, რომ მან უნდა უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოებამ თავისი საქმიანობა თავისუფლად და უსაფრთხოდ განახორციელოს.
“საქართველოში მშვიდობიან მომიტინგეებს კვლავ აკავებენ, აპატიმრებენ და აჯარიმებენ თავიანთი უფლებების რეალიზების გამო. ხელისუფლებას ეკისრება ვალდებულება, შეასრულოს ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებები ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ასევე საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლების პატივისცემა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო საზოგადოება და ადამიანის უფლებათა დამცველები არ გახდნენ სამიზნე და მათი ხმა იყოს გაგონილი, რადგან მათი საქმიანობა გადამწყვეტია დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისთვის”, – განაცხადა ODIHR-ის დირექტორმა, მარია თელალიანმა.
ეუთო/ოდირში ხაზს უსვამენ, რომ ბოლოდროინდელი კანონმდებლობა, რომელიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობას, კვლავ აფერხებს მათ უფლებებს გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.
“როგორც ODIHR-მა შარშან სამართლებრივ მიმოხილვაში აღნიშნა, ე.წ. „უცხოელი აგენტების კანონი“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს და უნდა გაუქმდეს”, – წერია განცხადებაში.
ინსტიტუტი ასევე წერს, რომ აქციის მონაწილეების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და აქტივისტების დაკავება, ბოლო პერიოდში, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს
“საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება, პატივი სცეს და დაიცვას მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლება თავისი საერთაშორისო და ეუთოს ადამიანის უფლებათა ვალდებულებების შესაბამისად. მშვიდობიანი მომიტინგეების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაკავება ბოლო თვეებში, მშვიდობიან შეკრებებში მონაწილეობისთვის დიდი ჯარიმების დაკისრებასთან ერთად, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს. ზოგადი წესის მიხედვით, სამართალდამცავებმა თავი უნდა აარიდონ საჯარო შეკრებების დროს ძალის გამოყენებას და ხელი შეუწყონ მათ დიალოგითა და კომუნიკაციით. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ძალა გამოიყენება, ის ყოველთვის უნდა იყოს კანონის შესაბამისი, აუცილებელი და სიტუაციის საჭიროებების პროპორციული”, – წერს ინსტიტუტი.
ეუთო/ოდირი კიდევ ერთხელ გამოთქვამს მწუხარებას “ოცნების” ხელისუფლების მიერ არჩევნებზე დაკვირვების შესახებ საჭირო მოსაწვევის დაგვიანებით გაგზავნის შესახებ.
განცხადებაში მკაფიოდაა აღნიშნული, რომ ამ ფაქტმა არ მისცა საშუალება ინსტიტუტს, განეხორციელებინა “სანდო და შინაარსიანი დაკვირვება” არჩევნებზე.
“ODIHR ასევე იმეორებს სინანულს იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ ადგილობრივ არჩევნებზე დასაკვირვებლად გაგზავნილი მოსაწვევი გაცემულ იქნა არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში, რამაც არ დატოვა საკმარისი დრო სანდო და შინაარსიანი დაკვირვებისთვის ODIHR-ის დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად. ამან ქვეყნის მოქალაქეებსა და ინსტიტუტებს მიუკერძოებელი, გამჭვირვალე და ყოვლისმომცველი შეფასების შესაძლებლობა მოაკლო.
ეუთოს ყველა წევრმა სახელმწიფომ ხაზი გაუსვა სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელობას დემოკრატიისთვის და აიღო ვალდებულება, უზრუნველყოს აუცილებელი სივრცე შინაარსიანი და თანაბარი პოლიტიკური მონაწილეობისთვის. თავისი მანდატის შესაბამისად, ODIHR მზადყოფნას გამოთქვამს, ჩაერთოს საქართველოსთან და მხარი დაუჭიროს ქვეყანას ეუთოს წინაშე აღებული ვალდებულებების შესრულებაში კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების უფლების პატივისცემასთან დაკავშირებით”, – აცხადებენ ეუთო/ოდირში.