4 ოქტომბერს, თბილისში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის, გიორგი ჩხეიძის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს.
ადვოკატის თქმით, ვახტანგ ფიცხელაური ხვალ, სასამართლო პროცესზე დეტალურად ისაუბრებს მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასა და მუქარასთან დაკავშირებით.
“ვახტანგ ფიცხელაურს რამდენიმე წუთის წინ წარედგინა ბრალი. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად წარდგენილი აქვს ორი მუხლი: 225-ე მუხლის მეორე ნაწილი, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და მეორე მუხლი სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლი, რაც ითვალისწინებს განსაკუთრებული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას.
რაც შეეხება სისხლის სამართლის მასალებს, ამ ეტაპზე არ არის გადმოცემული აღნიშნული დოკუმენტები.
რაც შეეხება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციას, ის აღნიშნულ დოკუმენტზე მითითებულ ინფორმაციას კატეგორიულად ეწინააღმდეგება.
ხვალ, სასამართლო პროცესზე დეტალურად გადმოსცემს და სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასთან და მუქარასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბერს ათონელზე საპრეზიდენტო რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა.
კერძოდ, ბრალდება წარედგინათ: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, სერგო მეგრელიშვილს და დავით ჟღენტს. ცამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე) წარედგინათ.
