4 ოქტომბერს, თბილისში, განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე ბრალდებულების: თორნიკე მჭედლიშვილის, აბო ნავერიანისა და სერგო მეგრელიშვილის ადვოკატის დიმიტრი ვარდიაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ.
ადვოკატის თქმით, ბრალდებულები მზად არიან გამოძიებასთან ითანამშრომლონ.
“კატეგორიულად უარყოფენ ბრალს, რადგან ბრალის შინაარს არ ეთანხმებიან. ბრალი ედებათ სისხლის სამართლის კოდექსის 222-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასევე 225-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ბლოკადის მცდელობასა და ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ბრალდებულებმა ყველა შემთხვევა უარყვეს. შესაბამისად, მათ აქვთ სურვილი, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლონ და მიაწოდონ ობიექტური ინფორმაცია”, – განაცხადა ადვოკატმა.
საქართველოს პროკურატურამ 4 ოქტომბერს ათონელზე საპრეზიდენტო რეზიდენციასთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე ობიექტის ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობის, ასევე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ფაქტებზე 13 პირს ბრალდება წარუდგინა.
კერძოდ, ბრალდება წარედგინათ: ბექა მაჭავარიანს, ალექსანდრე გოგოლაძეს, ევა შაშიაშვილს, გიორგი რურუას, ვახტანგ ფიცხელაურს, დავით სტურუას, მანუჩარ მიქელაძეს, ალექსანდრე ხაბეიშვილს, კახაბერ მჟავანაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს, აბო ნავერიანს, სერგო მეგრელიშვილს და დავით ჟღენტს.ცამეტივე პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ორიდან ოთხ წლამდე) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ცხრა წლამდე) წარედგინათ.
