ექიმი კობახიძის „ნულოვან თანაგრძნობაზე“: ზიზღისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს

ს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ექიმი ნათია ხარატი, „თავისუფლების მოედნის“ ერთ-ერთი ლიდერი. მას „ქართული ოცნების“ პრემიერის ახალ განცხადებაზე ვკითხეთ – ირაკლი კობახიძე „ნულოვან თანაგრძნობას“ აანონსებს.

რას ნიშნავს კობახიძის გზავნილი „ნულოვან თანაგრძნობაზე“? – ამ თემაზე ესაუბრა „ბათუმელები“ ნათია ხარატს.

  • ქალბატონო ნათია, როგორ აღიქვით „ოცნების“ პრემიერის გზავნილი „ნულოვან თანაგრძნობაზე“? „უცხოური აგენტები ვერ დაიმსახურებენ ვერავითარ თანაგრძნობას… ნული თანაგრძნობა ამ ადამიანების მიმართ“ – აცხადებს ირაკლი

ფლეშბექი მაქვს ამ ფრაზაზე, პირველ რიგში, „ნულოვან ტოლერანტობაზე“, რომელიც თქვა თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ნარკომომხმარებლებთან დაკავშირებით და ამაზე ატყდა მთელი ამბავი. დღესაც ახსენებენ ამ ფრაზას სააკაშვილს, რომელიც მან ახსენა რამდენიმე წლის წინ. მაშინ ამას მოჰყვა აღშფოთება.

„ოცნებისგან“ ერთი მეორეზე ბოროტი განცხადებები კეთდება – სიძულვილის გამღვივებელი. ეს ნულოვანი თანაგრძნობა მაგონებს ასევე 1937 წელს – უფრო და უფრო ვუახლოვდებით. ადამიანების ასე გამეტება და თავში დამიზნებით ნასროლი ტყვიები, მეტი სხვა რა უნდა იყოს?!

კობახიძის ეს ფრაზა აჩვენებს ჩემთვის იმას, როგორ ვერ აღიქვამს რეალობას. რა 100 და რა 150 კაცი? 150 000 და 150 ერთი და იგივეა? თუ 200 ათასი კაცის ხმით შეიძლება თბილისის მერი გახდე, რატომ ვერ შეიძლება ხედავდე 200 ათას კაცს, რომელიც ქუჩაში გამოდის? დღეს ამ პროტესტშია ნებისმიერი პროფესიის ადამიანი: ექიმი, მასწავლებელი, თუ საჯარო მოხელე და გვეუბნებიან, 15 სულელი დგასო.

  • კობახიძე ამ განცხადებით პროცესის უფრო მეტად რადიკალიზებას ცდილობს? არის ეს გზავნილი „ოცნების“ მხარდამჭერების მიმართ?

კობახიძე ცდილობს, რომ შეაშინოს და კიდევ უფრო გაყოს შუაზე მოსახლეობა. ჩემთვის ეს საგანგაშო სიგნალია – ძალიან მძიმედ აღსაქმელი.

„ოცნება“ ციფრებით მანიპულირებს და ზიზღისკენ, დაუნდობლობისკენ მოუწოდებენ მხარდამჭერებს.

შეადარონ მარტივად: რა მოუტანა ევროპამ საქართველოს და რა – რუსეთმა. ვისი ფულით ფინანსდებოდა არაერთი სასარგებლო პროექტი,  სამინისტროებიც კი, ვისი ფულით გაიყვანეს ბაქო-ჯეიჰანი?! ყველა მასშტაბური პროექტი საქართველოში მსოფლიო ბანკსა და ევროკავშირის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. თავად რა საშუალებებით დადიან ევროპაში აქეთ-იქით და ასწავლიან თავიანთ შვილებს? თვითონ მუშაობდნენ იმ NGO სექტორში წლების მანძილზე და ამ დროს ჩვენ გულწრფელი სულელები ვყოფილვართ თურმე, რომლებიც ამდენი დღეა ვართ საპროტესტო აქციაზე და ვითხოვთ ევროპულ მომავლის გადარჩენას.

  • რის მიღწევას ცდილობს ამ მეთოდით „ოცნება“, თქვენი აზრით?

თანაგრძნობის და სოლიდარობის გაქრობას, მაგრამ სოლიდარობა არ გაქრება. ეს განცხადებები შეურაცხყოფას აყენებს ადამიანებს, რომელიც ძალიან კარგად არის გარკვეული, რაშიც არის საქმე, იმის მიუხედავად, რომ ამდენი წელია პროპაგანდისტული ტელევიზიებით ჰიბრიდული ომი გრძელდება საქართველოში. სამწუხაროა, რომ ამას დიდი ხანი ვაიგნორებდით ყველა და სათანადო ყურადღებას არ ვაქცევდით.

ეს და სხვა მსგავსი ბოროტი გზავნილები არის გათვლილი იმ ადამიანებზე, რომლებმაც არ იციან, როგორ მოახერხონ საინფორმაციო წყაროების დივერსიფიცირება, ისინი მართლაც ინფორმაციულ ვაკუუმში არიან. ეს განცხადება არის ორიენტირებული სიძულვილზე და წარსულის მინიშნებაზე, რომ ამას ჰქონდეს გამოძახილი.

ირაკლი კობახიძეს სურს, რომ აქციებზე აღარ გამოუცხადონ სოლიდარობა, მაგალითად, ადამიანებს, როცა მათ ასისხლიანებენ და ეს ხდებოდა რამდენიმე თვის წინ, არ უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, რომ ვიღაც შველას ითხოვს, ეს ყველაფერი უნდა დავაიგნოროთ და ვიღაცას რომ ლოყა აეწვა თურმე ერთი პატარა სილის გაწვნით, ამაზე შევადგინოთ კრიმინალური საქმე.

ვრცლად