ბექა ხალიბეგაშვილი: პროცესის გასაგრძელებლად საჭიროა ახალი ოპოზიცია, ახალი ხედვა

„2019 წლიდან ქუჩაში ვდგავარ. ნამახვანჰესის აქციების თანამონაწილეც ვარ და ყველა იმ პროტესტის, რაც ბოლო წლებში ქვეყანაში მიმდინარეობდა.

ხშირად ვარ რუსთაველზე და მჯერა, რომ გავიმარჯვებთ, სხვანაირად არც ვუყურებ ამ პროცესს“- ამბობს 33 წლის ბექა ხალიბეგაშვილი.

სამართალმცოდნე ბექა ხალიბეგაშვილს „ბათუმელები“  ახალი ოპოზიციური ძალების გაჩენის შესაძლებლობასა და საჭიროებაზე ესაუბრა.

  • ბექა, საზოგადოების დაკვეთა, გაჩნდეს ახალი ოპოზიცია, ახალგაზრდების ჩართულობით, დაფუძნებული მკაფიო ღირებულებებსა და პრინციპებზე, ისევ არსებობს. თქვენ როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე, ახალგაზრდა კაცი, როგორ უყურებთ პოლიტიკაში ახალი ძალების გამოჩენას და რამდენად შესაძლებელია ეს არსებული რეჟიმის პირობებში?

ამ ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად რასაც ვითხოვ, არის ის, რომ მედიაში გაჩნდეს ახალი სადებატო სივრცეები და ეთერები მუდმივად არ დაეთმოთ იმ პოლიტიკურ სახეებს, ვისგანაც ვერასდროს ვისმენთ სიახლეს.

ფაქტია, რომ დღეს არსებული პოლიტიკური ოპოზიცია ძალადაკარგულია და ვერ ახერხებს ცვლილებებს. თუმცა ასეთ მდგომარეობებს მიჩვეულია ჩვენი საზოგადოება, რადგან ასე ხდებოდა 2012 წლამდეც, როცა ოპოზიცია ვერ ახერხებდა ხელისუფლების ცვლილებას, სანამ არ გამოჩნდა ივანიშვილი და თავად არ შემოიკრიბა მაშინდელი ოპოზიცია პოლიტიკური მრავალფეროვნების მოსაჩვენებლად.

დღეს ოპოზიციური პარტიების პრობლემა არის ის, რომ ერთ ადამიანზე არიან დამოკიდებული და თუ ლიდერი ციხეშია, პარტიებს არაფრის გაკეთება შეუძლიათ. ამიტომ, ეს ორ-სამკაციანი პარტიების ამბავიც უნდა დასრულდეს. არ შეიძლება ერთ ადამიანზე იყოს პარტიული პოლიტიკა დამოკიდებული. ეს ხდება მაშინ, როცა ადამიანები არანაირი იდეის გარშემო არ ერთიანდებიან.

როცა ხაზარაძე გამოჩნდა პოლიტიკაში, მის გარშემო ადამიანები შეიკრიბნენ ფულის და არა იდეის გამო. არაერთ ადამიანს ვიცნობ, ვინც ხაზარაძესთან რაღაც პარტიულ კავშირშია და არანაირი იდეური კვეთა არ აქვს.

გახარია გამოჩნდა და გარკვეული ადამიანები მხოლოდ იმიტომ შემოიკრიბა, რომ ყოფილი პრემიერი იყო, თორემ ვინ არის გახარია და რა პოლიტიკური ხედვები აქვს, ან რა ხედვის ადამიანები ჰყავს პარტიაში, არ იციან.

პარტიას ლიდერი ჰყავს ციხეში და პარტიის წევრმა არ იცის რაზე ილაპარაკოს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ეს ადამიანები რაიმე კონკრეტული იდეოლოგიით არ არიან გაერთიანებული, არ აქვთ განვითარების, პოლიტიკური პროცესის გეგმა. ღირებულებებსა და სწორ პარტიულ ხედვებზე დაფუძნებულმა ოპოზიციამ იცის როგორ მოიქცეს, თუ ლიდერი ქვეყნიდან გადის, პატიმრობაშია და ასე შემდეგ, იციან, როგორ აგრძელებენ გზას.

  • თქვენ ფიქრობთ, რომ პარტია, რომელსაც ლიდერის გარეშე არანაირი ქმედება არ შეუძლია, ის არ არის რეალურად პარტია? ამას ამბობთ?

დიახ. მე ვამბობ, რომ პარტია, რომელსაც ერთი დაჭერილი ლიდერის გამო წარმოდგენა არ აქვს რა გააკეთოს, არ არის სტრუქტურულად, იდეურად ერთ ორგანიზმად ჩამოყალიბებული. პარტია ხომ არ არის სამეგობრო, საძმაკაცო და ნაყიდი ხალხი შემოიკრიბო და შენ თუ რამე დაგემართა, დანარჩენებმა არ იციან რა მოიმოქმედონ.

გასაგებია, რომ ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით არსებობს ლიდერის კულტი, მაგრამ ლიდერს ყოველთვის ჰყავს გუნდი, ხომ?! რომელსაც უზიარებ გეგმას, აძლევ მიმართულებას.

რუსთაველზე დგომის დროს პარტიების ბევრი წევრი გავიცანი და რა იდეის გარშემოა გაერთიანებული, არ იციან. „საქართველოსთვის ვიბრძვი“, „მინდა კარგი ცხოვრება“, – გეტყვის, მაგრამ ამას ნებისმიერი აქტივისტი იტყვის. რა ნაბიჯები უნდა გადავდგათ და როგორ უნდა მივიდეთ რაღაც კონკრეტულ შედეგამდე, ამაზე პასუხები არ აქვთ. განათლების სისტემა იქნება, კულტურა თუ ეკონომიკა, არაფერზე მიდის განხილვა. ამიტომ გაჩნდა ეს სადღეგრძელოები, რაც მხოლოდ მოტივაციას ემსახურება და არა შედეგს.

  • ნათლად ვხედავთ, რომ „ოცნების“ რეპრესიები ყოველდღიურად იზრდება ქვეყანაში. დაანონსებულია დაპატიმრებები, ხორციელდება ტერორი ყველა მიმართულებით. ამ მოცემულობაში რამდენად გჯერათ ისეთი ოპოზიციის დაბადების, რომელიც შეძლებს ხალხის ნდობის მოპოვებას და მიტაცებული სახელმწიფოს ს გზით დაბრუნებას?          

„ოცნების“ ხელისუფლება, , პროტესტში მყოფ ხალხს სწორედ დღეს არსებული ოპოზიციის სახელით აშავებს. ამაზე მუშაობს პროპაგანდა, რადგან საზოგადოებაში ნდობადაკარგული ოპოზიციის სახეები გვყავს და „ოცნების“ ბევრი მხარდამჭერიც ამას იმიზეზებს, რომ აი, სხვა არ არის არავინ და იმიტომ უჭერს „ოცნებას“ მხარს.

  • მაგრამ ფაქტია, რომ ახალი ძალები, მით უმეტეს ახალგაზრდები, არ მოდიან პოლიტიკაში და რატომ?

მე, მაგალითად, მყავს გუნდი და ყოველდღე ვიზრდებით. ძალიან მალე დავაანონსებთ კიდეც, რომ გავაკეთებთ ახალ პარტიას აუცილებლად. ჩვენ არ ვართ ადამიანები, რომლებიც ახლა უცებ დადგებიან და იტყვიან, რომ აგერ, შევქმენით პოლიტიკური პარტია და მორჩა.

ჩვენ ჯერ ვმუშაობთ შიდა საკითხებზე, ზუსტად იმ იდეაზე, რაც იქნება ჩვენი პარტიის ხედვა, ვმუშაობთ პროექტებზე სხვადასხვა მიმართულებით, თუ რა შეიძლება გაკეთდეს ამ ქვეყანაში და როგორ და ამის მერე ვაპირებთ იმის თქმას, რომ პარტია შევქმენით.

როცა ვიტყვით, რომ გუნდი ვართ, გუნდს უამრავი მიმართულებით უნდა გვქონდეს ნამუშევარი. დღეს რომ პოლიტიკური პროცესი არ მიდის საქართველოში, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ადამიანები არ ერთიანდებიან, არ მუშაობენ ერთად.

ვრცლად