ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას. მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე. მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის ადამიანები, რომლებმაც ბოლოს გეგმას გადაუხვიეს, – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მთავარია, ბრძოლა გაგრძელდეს და დაკავებულ ადამიანებს ჰქონდეთ განცდა, რომ გამარჯვება მალე გაფორმდება.
„მოსამართლე არის „ქართული ოცნების“ საკრებულოს ყოფილი წევრი, რომელიც სასამართლოზე აღვირახსნილად იქცეოდა, აყენებდა, ჩემი ღრმა რწმენით შეურაცხყოფას ადამიანებს და დამამცირებელ რეპლიკებს ისროდა. ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალება 2024 წლის 26 ოქტომბერს მოხდა, როდესაც არჩევნები გაყალბდა და ქვეყანამ დეკლარირების დონეზე, ევროპული განვითარების გზიდან გადაუხვია. 400-ზე მეტი ადამიანი არის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით, რომლებიც სამართალს, სანამ ივანიშვილია ხელისუფლებაში, ვერ ნახავენ. პოლიტიკური პატიმრებით ივსება ციხეები. საერთაშორისო იზოლაციაშია „ქართული ოცნება“ და ამით ქვეყანასაც ღუპავენ. იძულებითი ემიგრაციის წარმოუდგენელი ახალი ტალღაა. ამ ვითარებაში, შეუძლებელია, რომ ეს ხელისუფლება გამარჯვებული იყოს.
4 ოქტომბერს პროგრამა მინიმუმი და პროგრამა მაქსიმუმი იყო. მინიმუმი იყო – ბევრი ხალხის ქუჩაში გამოსვლა, ე.წ. არჩევნების დელეგიტიმაცია, ივანიშვილისთვის ვითარების რაღაც შირმის შექმნის საშუალება არ უნდა ყოფილიყო, თითქოს ქართველი ხალხი სტატუს-კვოს შეეგუა. რაც შეეხება მეორე გეგმას, ორგანიზატორები ფლობდნენ გეგმას, მათი ოჯახის წევრები ღიად საუბრობდნენ ღალატზე, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მათი მხრიდან მეტი განმარტება მოხდეს, რა ღალატს ჰქონდა ადგილი, ვინ არიან ის გავლენიანი ადამიანები, რომლებიც ამ გეგმის ნაწილი იყვნენ და ბოლოს შეცვალეს მიდგომები“, – განაცხადა ლევან სანიკიძემ.
ინფორმაციისთვის, მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლელა მარიდაშვილმა მიიღო.
ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად); 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) და 317-ე მუხლით (მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ლაშა ბერიძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 225-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა) წარედგინა, რაც სასჯელის ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
