შეერთებული შტატების გეგმას რუსული აქტივების კონფისკაციის თაობაზე, რუსეთის საგარეო უწყებამ “21-ე საუკუნის პირატობა უწოდა”. საუბარია დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის აქტივებზე, რომელთა გაყინვა უკრაინაში მოსკოვის მიერ 2022 წლის თებერვალში, არაპროვოცირებული და უკანონო ომის დაწყების გამო მოხდა.
მარია ზახაროვა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი დაიმუქრა, რომ მოვლენების ამ სცენარით განვითარების შემთხვევაში, მოსკოვი მკაცრად იძიებს შურს. აღნიშნული განცხადება მან 12 იანვარს გააკეთა.
ზახაროვამ დაადანაშაულა შეერთებული შტატები იმაში, რომ ვაშინგტონი რუსეთის სუვერენული აქტივების მოპარვის მიზნით, ერთგვარ „ლეგალურ საფარველს“ ქმნის. მისი თქმით, თეთრი სახლი ევროკავშირსაც იგივე ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებს. მოსკოვის აზრით, ეს საერთაშორისო კანონმდებლობის დარღვევას წარმოადგენს და ძირს გამოუთხრის გლობალურ ფინანსურ სისტემას.
ორი დღით ადრე, ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული მასალის მიხედვით, შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია მხარს უჭერს უკრაინასთან დაკავშირებით შემუშავებულ კანონპროექტს. “ბლუმბერგი” წერს, რომ დამტკიცების შემთხვევაში, კანონი ამერიკის მთავრობას საშუალებას მისცემს, ჩამორთმეული რუსული აქტივების ნაწილი უკრაინას გადასცეს, რუსეთის მიერ დანგრეული ტერიტორიების აღსადგენად.
მას შემდეგ რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა აკრძალეს ტრანზაქციები რუსეთის ცენტრალურ ბანკთან და ფინანსთა სამინისტროსთან. ამასთან ერთად, მათ დაბლოკეს დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის სუვერენული რუსული აქტივები დასავლეთში, რომელთა დიდი ნაწილი ევროპაში იყო.