ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა

ევროპარლამენტმა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის გამარტივებას მხარი დაუჭირა. საუბარია ახალ წესებზე, რომლის თანახმადაც, მესამე ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების პროცესი გამარტივდება.
გამარტივებული მექანიზმის ძალაში შესვლა დეკემბრის თვიდანაა მოსალოდნელი. მანამდე, 17 ნოემბერს დაგეგმილია საკითხზე კენჭისყრა ზოგად საქმეთა საბჭოში.
საკანონმდებლო ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ, უვიზო რეჟიმის შეჩერების მიზეზებს დაემატება:
· ევროკავშირის საგარეო ურთიერთობების გაუარესება მესამე ქვეყანასთან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ადამიანის უფლებებსა და ფუნდამენტურ თავისუფლებებს ან გაეროს წესდების სერიოზულ დარღვევებს
· ქვეყნის უვიზო რეჟიმის ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან შესაბამისობის ნაკლებობა
ცნობილია, რომ მექანიზმი ეხება 61 ქვეყანას, რომელთა მოქალაქეები ამჟამად შენგენის ზონაში უვიზოდ, მოკლე ვადით მოგზაურობენ.