ოცნებაში ამბობენ, რომ მოსახლეობის მოთხოვნა ელჩების გაძევებაზე ჯერჯერობით კონტრპროდუქტიულია

ქართული ოცნების ოფისში ირაკლი კირცხალიამ ბრიფინგი გამართა, რომელზეც საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან დაკავშირებით ისაუბრა და გაიმეორა პარტიის პოზიცია, რომ ბოლო წლებში კონკრეტული ელჩების ქმედებები “გასცდა ყოველგვარ დიპლომატიურ საზღვრებს და სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევის აშკარა ნიშნებს შეიცავს”.
მან გაიმეორა ქართული ოცნების მტკიცება, რომ “დღეს არაერთი მოწინავე ევროპული სახელმწიფო, ისევე როგორც ევროკავშირი, მისი სტრუქტურები და ევრობიუროკრატია დიფ სთეითის გავლენის ქვეშაა, რაც არა მხოლოდ საქართველოს, არამედ, თავად ამ ქვეყნების მოსახლეობას და მომავალს, ასევე, მთლიანად ევროკავშირს, არაერთ სერიოზულ პრობლემას უქმნის და მრავალი საფრთხის წინაშე აყენებს”.
“რა თქმა უნდა, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა იმ სახელმწიფოთა წარმომადგენლების მხრიდან, ვისაც ჩვენ საქართველოს მეგობრებად მივიჩნევთ, თუმცა, საზოგადოებას, რომელიც სრულიად სამართლიანადაა აღშფოთებული და ქართული ოცნების მხრიდან გადამჭრელი ზომების მიღებას ითხოვს, გვსურს განვუმარტოთ, რატომ ვატარებთ მოთმინების პოლიტიკას და რატომ ვიკავებთ მკვეთრი გადაწყვეტილებების მიღებისგან, მათ შორის, ამა თუ იმ ქვეყნის ელჩის გაძევებისგან თავს”, – თქვა მან.
ის ამის მიზეზად მათ შორის ასახელებს – კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას, მოლაპარაკებების საკითხის “პოლიტიკური ვაჭრობის თემად ქცევას”, ევროკავშირისა თუ მისი სტრუქტურების მიერ სხვადასხვა დროს მიღებულ რეზოლუციებს, ასევე, ელჩებისა და ევროპელი პოლიტიკოსების განცხადებებს.
“ყოველივე ზემოაღნიშნულის მიუხედავად, როგორც ქართული, ისე საერთაშორისო საზოგადოება კარგად ხედავს, რომ ამ ელჩებთან, ქვეყნებთან, ორგანიზაციებთან თუ ინსტიტუტებთან, ვაგრძელებთ პროფესიულ ურთიერთობას და არ ვდგამთ იმ მკვეთრ ნაბიჯებს, რასაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოითხოვს.
ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში დღეს აშკარად იგრძნობა დიფ სთეითის გავლენა და არაერთი ევრობიუროკრატი სწორედ მათზე მუშაობს. შესაბამისად, იმ ფონზე, როდესაც ვხედავთ, თუ რამდენად უჭირს დღეს ევროპას, რამდენად დიდია იქ დიფ სთეითის გავლენა, რამდენად რთულ ვითარებაში ჩააყენეს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა და ზოგადად, ევროკავშირის სტრუქტურები – კონკრეტული ელჩების ქცევა ჩვენთვის გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან ევრობიუროკრატია სწორედ იმ ქვეყნების წარმომადგენლებით კომპლექტდება, რომელთა ელჩებიც ასე უხეშად და არადიპლომატიურად მოქმედებენ საქართველოში. […]