ელჩების გაძევება კონტრპროდუქტიული იქნება – „ოცნება“ საგარეოში დიპლომატებთან შეხვედრის პარალელურად

საგარეო საქმეთა სამინისტროში ქართული მხარის უცხოელ დიპლომატებთან შეხვედრის დაწყების პარალელურად, „ქართული ოცნება“ კვლავ ადანაშაულებს ელჩებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევაში და საკუთარ ამომრჩეველს განუმარტავს, რატომ არ აძევებენ მათ.
„საქართველოს მოსახლეობის მოთხოვნა ამა თუ იმ ელჩის გაძევებასთან დაკავშირებით კონტრპროდუქტიული იქნება მანამ, სანამ ელჩების დანიშვნაზე „დიფ სთეითის“ მართული ევრობიუროკრატია იღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა პარტიის სახელით დღეს პარლამენტში ირაკლი კირცხალიამ, უმრავლესობის ლიდერმა.
„ცხადია, კონკრეტული ქვეყნის ელჩის გაძევება გამოიწვევს მთელ რიგ დიპლომატიურ სვლებს, რაც საქართველოსა და კონკრეტული ქვეყნების ურთიერთობაზე ნეგატიურად აისახება“, – განაცხადა მან.
„უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ჩვენ დავრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში მანამ, სანამ ევროპა „დიფ სთეითის“ გავლენისგან არ გათავისუფლდება“, – თქვა კირცხალიამ და დადო პირობა, რომ მისი გუნდი „ყველაფერს“ გააკეთებს იმისთვის, რომ „დიპ სტეიტის გავლენა არ გავრცელდეს საქართველოზე“.
მანამდე კირცხალიამ ჩამოთვალა ბოლო სამი წლის განმავლობაში განვითარებული მოვლენები, – დასავლელი პოლიტიკოსების და ელჩების კრიტიკა, მოწოდებები, ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კრიტიკული რეზოლუციები და დაკისრებული სანქციები. ამ ყველაფერს მან „არადიპლომატიური და არამეგობრული ქცევა“ და „ჩარევა“ უწოდა.
ამავე დროს, გააგრძელა შეთქმულების თეორია, რომ აღნიშნული ქმედებების საბოლოო მიზანს „საქართველოს შიდა საქმეებში უხეში ჩარევა და ქვეყნის „დიფ სთეითისთვის“ დაქვემდებარება წარმოადგენს“.
„იქიდან გამომდინარე, რომ ადრე თუ გვიან, ევროპაში „დიფ სთეითის“ გავლენა შესუსტდება, რისი ნიშნებიც მთელ რიგ ქვეყნებში და მათ მოსახლეობაში ნელ-ნელა იკვეთება, ვრჩებით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში, რამეთუ მიგვაჩნია, რომ დღეს არსებული ვითარება დროებითია“, – თქვა მან.
საგარეო საქმეთა სამინისტროში 11 საათზე დაიწყო საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა. მათ მაკა ბოჭორიშვილის პირველი მოადგილე, გიორგი ზურაბაშვილი მიიღებს.
საუბრის ძირითადი თემა „ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები და 4 ოქტომბერს განვითარებული მოვლენებია“.
„ქართული ოცნება“ ადამიანის უფლებების, მართლმსაჯულების, კარგი მმართველობისა თუ სხვა სფეროებში კრიტიკაზე პასუხად ხშირად ადანაშაულებს დასავლელ დიპლომატებს „ჩარევაში“. მათ შორის, მმართველი გუნდი აქტიურ დაპირისპირებაშია ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან, ასევე, გერმანიის ელჩ პეტერ ფიშერთან.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა