გუშინ, 6 ოქტომბერს დააკავეს კიდევ 13 ადამიანი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ კიდევ ორი პირზე ძებნა გამოცხადებული.
“ნაციონალური მოძრაობის ცნობით” დაკავებულთაგან ოთხი – ალექსანდრე ხაბეიშვილი, სერგო მეგრელიშვილი, აბო ნავერიანი და კახა მჟავანაძე პარტიის წევრია.
კიდევ ერთი დაკავებულია გორელი აქტივისტი, ვახო ფიცხელაური. მისი სავარაუდო დაკავების შესახებ ინფორმაცია ოჯახმა ჯერ კიდევ შსს-ის ბრიფინგამდე გაავრცელა.
13-ვე დაკავებულის შესახებ ინფორმაცია შეაგროვა პარტია “ახალის” წევრმა, ადვოკატმა მარიკა არევაძემ. მისი ინფორმაციით, დანარჩენი დაკავებულები არიან:
· თორნიკე მჭედლიშვილი;
· დავით ჟღენტი;
· ბექა მაჭავარიანი;
· ალექსანდრე გოგოლაძე;
· ევა შაშვიაშვილი;
· გიორგი რურუა;
· დავით სტურუა;
· მანუჩარ მიქელაძე;
მათ ბრალს, სავარაუდოდ დღეს, 7 ოქტომბერს წარუდგენენ.
4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის შემდეგი მუხლებით:
· 317-ე – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობით შეცვლისკენ, ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (ითვალისწინებს პატიმრობას 3 წლამდე ვადით);
· 222-ე – სტრატეგიული, ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება, ან ბლოკირება (ითვალისწინებს პატიმრობას 2 წლამდე ვადით)
· 225-ე – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა, ან მასში მონაწილეობა (ითვალისწინებს პატიმრობას 6-დან 9 წლამდე ვადით)
· 187-ე – ნივთის დაზიანება, ან განადგურება (ითვალისწინებს პატიმრობას 1-დან 5 წლამდე).
ამავე საქმის ფარგლებში 4 ოქტომბრის აქციის დასრულებისთანავე, 5 ოქტომბრის ღამეს დააკავეს აქციის “საორგანიზაციო კომიტეტის” ხუთივე წევრ: პაატა ბურჭულაძე, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე.
ზოდელავას, ბურჭულაძესა, ნადირაძეს და ბერიძეს ბრალი წარდგენილი აქვთ შემდეგი მუხლებით:
· 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტი – სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად;
· 225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ბურჭულაძესა და ნადირაძეს, დამატებით, წარდგენილი აქვთ 317-ე მუხლი – მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ;
რაც შეეხება მანჯგალაძეს, გამოძიება მას ედავება 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას – ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა.
მათთვის აღკვეთს ღონისძიების შეფარდების სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში [11:30] მიმდინარეობს. პროკურორი ვაჟა თოდუა ხუთივე მათგანისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს. სხდომის თავმჯდომარეა მოსამართლე ლელა მარიდაშვილი.
5 ოქტომბერს, ბრიფინგი გაიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა, რომ აღმოაჩინეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე უნდა გამოეყენებინათ. მაღრაძის თქმით, მოხერხდა იმ პირთა წრის განეიტრალება, რომლებსაც სავარაუდოდ აღნიშნული საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები თბილისის ცენტრში უნდა გადმოეტანათ.
ამ საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენას ან შენახვას გულისხმობს და სამიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.
