რუსეთში მემარცხენე ფრონტის ლიდერი, სერგეი უდალცოვი “ტერორიზმის გამართლების” საქმესთან დაკავშირებით დააკავეს. უდალცოვი წინასწარ პატიმრობაში 15 თებერვლამდე დარჩება.
უდალცოვს ედავებიან რუსეთის სისხლის სამართლის იმ მუხლის დარღვევას, რომელიც ინტერნეტის გამოყენებით ტერორიზმის საჯარო გამართლებას მოიცავს. ეს მუხლის სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების 5-დან 7 წლამდე აღკვეთას.
სასამართლოს სხდომა თავდაპირველად ღია რეჟიმში დაიწყო, თუმცა შემდე დახურულ რეჟიმში გაგრძელდა.
უდალცოვი ირწმუნება, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრის მიზეზი გახდა უფის მარქსისტა წრის წევრების მხარდაჭერა. ამ წრეს 2020 წელს “ტერორისტული საზოგადოების” დაარსებას აბრალებდნენ,
აქტივისტს სჯერა, რომ მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა დაკავშირებულია მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებთან, რომლებიც მარტში გაიმართება.
“ჩვენ მხარს ვუჭერთ ვლადიმირ პუტინის ოპონენტებს. ვფიქრობ, ჩემი დაკავების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ესაა. როგორც ჩანს, დღეს რუსეთში აზრთა სხვადასხვაობის ადგილი საერთოდ არაა”. – თქვა უდალცოვმა.
რუსული ტელეგრამ-არხი 112 წერს, რომ უდალცოვის წინააღმდეგ საქმე ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტის გამო აღძრეს.
უდალცოვი პოლიტიკაში 1990-იანების ბოლოს ჩაერთო. ის თავიდანვე მემარცხენე მოძღაობაში, მშრომელთა რუსეთში გაწევრიანდა, ხოლო უკვე 1999 წელს მონაწილეობას იღებდა სახელმწიფო დუმის არჩევნებში პარტია სტალინური ბლოკის სახელით. 2004 წელს მან შექმნა მემარცხენე ფრონტი, რომელიც, მის ჩანაფიქრში, უნდა ყოფილიყო სხვადასხვა მემარცხენე მოძრაობების გამაერთიანებელი, სრულფასოვანი მემარცხენე პარტიის შექმნის მიზნით. 2000-იანების მეორე ნახევარში უდალცოვი აქტიურად მონაწილოებდა საპროტესტო აქციებში, როგორც მემარცხენე, ისე ლიბერალურ და ნაციონალისტურ დემონსტრაციებზე. ის არაერთხელ დაუკავებიათ.
ამას გარდა, 2011-13 წლებში უდალცოვი აქტიურად მონაწილეობდა ფართომასშტაბურ საპროტესტო აქციებში, გამოდიოდა თითქმის ყველა მრავალრიცხოვან აქციაზე და შედიოდა ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოში. 2012 წლის ოქტომბერში მის წინააღმდეგ აღიძრა საქმე მას შემდეგ, რაც არხ НТВ-ზე გავიდა პროპაგანდისტული ფილმი, “პროტესტის ანატომია 2”. გამოძიება ირწმუნებოდა, რომ უდალცოვი სხვა ბრალდებულებთან ერთად გეგმავდა მასობრივი არეულობების ორგანიზებას, რისთვისაც მან დასავლეთიდან მიღებული ფულით საწვრთნელი ბანაკების ქსელი დააარსა. 2014 წელს უდალცოვი დამნაშავედ ცნეს და 4-წლიანი პატიმრობა შეუფარდეს.
2017 წელს, მას შემდეგ, რაც უდალცოვი გათავისუფლდა, მემარცხენე აქტივისტი პოლიტიკურ საქმიანობას დაუბრუნდა. ის ამბობდა, რომ მხარს უჭერდა ყირიმის ანექსიასა და ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების მიერ დამოუკიდებლობის თვითგამოცხადებას. ამასთან ერთად უსვამდა ხაზს, რომ რჩებოდა ვლადიმირ პუტინის “მკაცრი კრიტიკოსი”. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე უდალცოვი რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის კანდიდატის, პაველ გრუდინინის რწმუნებული იყო. ნასამართლეობის გამო თავად არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლო. პოლიტიკური საქმიანობით უფრო მეტად დაკავდა მისი ცოლი, ანასტასია, რომელმაც კომუნისტური პარტიის სახელით 2019 წელს იყარა კენჭი, რათა მოსკოვის საქალაქო დუმის წევრი გამხდარიყო. უკვე 2021 წელს მონაწილეობა მიიღო სახელმწიფო დუმის არჩევნებში. ორივე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. 2022 წელს ანასტასიამ სახელმწიფო დუმის დეპუტატის მანდატი მიიღო, როდესაც მან ვალერი რაშკინის ადგილი დაიკავა.
გამოცემა Холод-თან საუბარში, უდალცოვმა 2023 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მხარდაჭერა გამოთქვა და თქვა, რომ “მსგავს გარდამტეხ მომენტებში საკუთარი ქვეყნის გვერდით უნდა იყო”.