CIU-ს პროფესორებმა ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საერთაშორისო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

2-3 ოქტომბერს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „განათლება და მეცნიერება ს ეპოქაში: ინოვაციები, კვლევები და საერთაშორისო თანამშრომლობა“ – გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, კონფერენციის მონაწილეებს მიესალმნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი და სხვა საპატიო სტუმრები.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს მიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა კახაბერ კორძაიამ, რომელმაც აქცენტი ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით საუნივერსიტეტო აქტივობებზე გააკეთა.
„გლობალური ტრანსფორმაციის პირობებში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისთვის ხელოვნური ინტელექტის გამოყენება არ არის უბრალოდ ტექნოლოგიური ტენდენციის გაცნობიერება, ეს არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი. ჩვენ გვჯერა, რომ ცოდნის მომავალი სწორედ ადამიანური და ხელოვნური ინტელექტის სინერგიაში იკვეთება“, – აღნიშნა კახაბერ კორძაიამ.
კონფერენციის მეორე დღეს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან მოხსენებებით წარდგნენ სამართლის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ხატიძე თემით: „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება განათლების სფეროში: სამართლებრივი და ეთიკური მოსაზრებები“, ინფორმაციული ტექნოლოგიების ქართული და ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი, პროფესორი გიორგი კაკაშვილი თემით: „ განათლებაში: ჰუმანურ-ტექნოლოგიური თანამშრომლობის ახალი ეპოქა“ და მედიის მიმართულების პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ზაზა ცოტნიაშვილი თემით: „ხელოვნური ინტელექტი თანამედროვე საუნივერსიტეტო სივრცეში“.
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია მიზნად ისახავდა ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული და სტრატეგიული ზეგავლენის განხილვას განათლების სისტემებზე, სამეცნიერო კვლევებსა და ინსტიტუციური განვითარების პროცესებზე.
კონფერენციის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს „ჰორიზონტი ევროპა“ საქართველოს ეროვნული ოფისი.