დემონსტრანტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული დემონსტრანტები, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე პატიმრობაში დატოვა. ის არ დაეთანხმა დაცვის მხარეს, რომელიც აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ზომის – პატიმრობის 5 000-ლარიანი გირაოთი შეცვლას მოითხოვდა და სასამართლოს სხვა ალტერნატივებსაც სთავაზობდა.

პროკურორი, ნინო ჟვანია პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა. მისი მტკიცებით, სახეზეა პატიმრობის საფუძვლები: მოწმეებზე ზემოქმედება, მტკიცებულებების განადგურება, მიმალვის საფრთხე, ახალი დანაშაულის ჩადების რისკი.
მისი ერთ-ერთი არგუმენტი იყო ის, რომ მოწმეების სიაში მათ შორის ბრალდებულების ახლობლები არიან. მამ მიიჩნია, რომ დანაშაულებრივი ქმედებების გაგრძელების რისკიც არსებობს.

ადვოკატების თქმით, კითხვაზე “რატომ?” პროკურორს პასუხი არ აქვს გაცემული და ზოგადი მსჯელობით შემოიფარგლება, რაც პატიმრობის დასასაბუთებლად საკმარისი არ შეიძლება იყოს.
ბრალდების შინაარსი

თორნიკე თოშხუას და მინდია შერვაშიძეს გამოძიება ყოფილ ფეხბურთელზე, ბექა გოცირიძეზე თავდასხმას ედავება, რომელიც “ქართული ოცნების” მხარდამჭერია, რაც დასტურდება მისი საჯაროდ გამოქვეყნებული ვიდეოებითაც.

აქტივისტების განცხადებით, თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, რომლებიც რუსთაველის გამზირზე 1 აგვისტოს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით 16 აგვისტოს დააკავეს პარლამენტის წინ, პროვოკაციის მსხვერპლები არიან.

თვითმხილველების თანახმად, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ბექა გოცირიძე, რომელიც, აქტივისტების თქმით, პირადი მიმოწერის დროს ემუქრებოდა აქციის მონაწილეებს, რუსთაველზე მივიდა და იქ მყოფებს შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

აქციის მონაწილეების თქმით, დაპირისპირების დროს ბექა გოცირიძეს ამოუვარდა დანა, რომელიც მათ პატრულის თანამშრომლებს გადასცეს.
გამოძიება ამ ეტაპზე სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ეს ნიშნავს ძალადობას, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი ჩადენილი ჯგუფურად.

დაკავებული აქტივისტები ბრალს არ აღიარებენ. მათ ორ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. საპროცესო შეთანხმებაზე მხარეებს შორის მოლაპარაკება არ მიდის.

ორივე მათგანი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, თორნიკე თოშხუამ პროტესტის ნიშნად და ობიექტური გამოძიების მოთხოვნით საპატიმროში 21 დღე იშიმშილა.

ის მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურია. როგორც თორნიკე, ასევე მისი უფლებადამცველი მიიჩნევენ, რომ დამნაშავენი არიან არა თორნიკე თოშხუა და მინდია შერვაშიძე, არამედ ყოფილი ფეხბურთელი და ხელისუფლების მხარდამჭერი ბექა გოცირიძე, რომელიც 16 აგვისტოს რუსთაველის გამზირზე დანით მივიდა.
აღკვეთის ღონისძიების გადასიჯვა

თორნიკე თოშხუას ადვოკატის, დავით კუპრავას თქმით, გამოძიება უკვე დასრულებულია, შესაბამისად, მტკიცებულებების განადგურების საფრთხე აღარ არსებობს. მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის ვარაუდს კი პროკურატურა არგუმენტებით ვერ ასაბუთებს.

„პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანებმა, ამ საქმეზე სიმართლე დაამტკიცონ, რომ ისინი თავდამსხმელები და მოძალადეები არ არიან, სასამართლო პროცესების დასრულება ღირსების საკითხზე გადის და არა იმაზე, რომ ძალადობა და მუქარა გამოიყენონ ბექა გოცირიძის ჩვენების შესაცვლელად. ის[ბექა გოცირიძე] ყოველ დღე განცხადებას წერს და მჭიდრო კავშირი აქვს საგამოძიებო უწყებებთან… ერთი მოწმე ვერ დაუცვია სახელმწიფო სტრუქტურას?“, – აცხადებს თორნიკე თოშხუას ადვოკატი, დავით კუპრავა და აგრძელებს:

„მიმალვის საფრთხე რომ მქონდეს, ამისთვის გვჭირდება მოტივი, თუ მემუქრება 20 წლამდე პატიმრობა, მაშინ მყარია ბრალდების პოზიცია, რომ მოსალოდნელი მკაცრი სასჯელი ზრდის რისკს, რომ მიიმალო, თავი აარიდო. აქ საუბარია 126-ე მუხლზე….მიმალვის არგუმენტი არ შეიძლება იყოს ის, რომ ეს მუხლი ერთ-ერთ სასჯელად პატიმრობას ითვალისწინებს…. თორნიკე ნასამართლევი არ არის, სად ჩანს ახალი დანაშაულის ჩადენა? გამოვა ციხიდან და ხალხს დაუწყებს ცემას? ის არ უარყოფს, რომ კონფლიქტი მოხდა, რა მოხდა და როგორ ამაზე არსებითზე ვისმჯელებთ… მე გეუბნებით, არ უარვყოფთ ფაქტს, ამ ჩხუბის მონაწილე ვიყავი, რა არგუმენტი მაქვს, რომ იქ მყოფ მოწმეებზე, თვითმხილველეზე ზემოქმედება მოვახდინო? ვიდეოჩანაწერები არსებობს, ვისზე უნდა მოხდეს ზეგავლენა?”, – თქვა ადვოკატმა.

მან მოსამართლეს, ტავისი დაცვის ქვეშ მყოფის 5 000- ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება შესთავაზა, ალტერნატიულ ზომებთან ერთად, როგორიცაა ელექტრონული სამაჯური და განყოფილებაში სავალდებულო გამოცხადება.

ბრალდებული თორნიკე თოშხუა დაეთანხმა ადვოკატს და გააკრიტიკა პროკურორი ნინო ჟვანია.

„ნებისმიერი საკითხი და ბრალდების მდგენელი ისე ჩამოაყალიბა [პროკურორმა], თითქოს ამ ერთი დანაშაულით ჩემზე შექმილი აქვს შთაბეჭდილება, რომ მე ვარ კრიმინალი, გადაუსვა ხაზი ჩემს 37 წელს და მისი აღქმით, მე ვარ სისტემური სახის დამნაშავე, რომელიც თავისუფლების ყველა წამს და წუთს გამოიყენებს, რომ მოწმეებზე ზეწოლა მოახდინოს და მისი გონება დაკავებულია იმით, რომ დანაშაულის ჩადენას მიუძღვნას ის.

მინდა ყურადღება მიაქციოთ [მიმართავს მოსამართლეს – რ.თ], კრიმინალი ვარ თუ არა, ჩემი ცხოვრება შედგება თუ არა მსგავსი დანაშაულებისგან?… არ შეიძლება ეს მუხლი მიესადაგოს ნებისმიერ სიტუაციასა და მოქმედებას, უნდა იყოს აღქმული, შეფასებული და გაანალიზებული, არ შეიძლება 100-დან 100-ვეს ერთნაირი შედეგი დაუდგეს, სხვადასხვა დანაშაული და ქეისია. copy-paste-ით დაწერილი და გადმოტანილი დადგენლებებით არ შეიძლება ხელმძღვანელობდეს [პროკურატურა ]“- განაცხადა ბრალდებულმა თოშხუამ.

ადვოკატი ომარ ფურცელაძე ორივე ბრალდებულის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, ამ საქმეზე პირველის ხდომის მოსამართლემ მიმალვის საფრთხე იმთავითვე გამორიცხა და ახლა, მისთვის გაუგებარია, რა ახალი გარემოებები წარმოიშვა, როცა პროკურატურა პატიმრობის ერთ-ერთ საფუძვლად ისევ მიმალვის საფრთხეს ასახელებს.

რაც შეეხება სხვა საფუძვლებს, ომარ ფურცელაძის თქმით, მტკიცებულებების განადგურების საფრთხეც არ არსებობს, რადგან:

„საქმეზე უკვე დაშვებულია მტკიცებულებები და საქმის განუყოფელი ნაწილია, მათ შორის მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, დასაშვებად იქცა ცნობილი დაცვის მხარის მინუს ორი მოწმე და დაცვის მხარის მტკიცებულებები.. დასრულებულია გამოძიება და მტკიცებულებები მხოლოდ იმ მოცულობით შეიძლება გამოვიკვლიოთ, როგორც თქვენ დაამტკიცეთ. მტკიცებულებების განადგურების რისკი ანულირებულია”.

ომარ ფურცელაძის თქმით, საქმეში დევს მტკიცებულებები და გამოკითხვის ოქმები, რომელიც ადასტურებს, რომ ამ საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე “ქართული ოცნების” მხარდამჭერი ფეხბურთელი, ბექა გოცირიძე დაზარალებული კი არა მოძალადეა, ბრალდებულები კი მსხვერლები.

მისი სიტყვებით, მოსამართლემ უკვე დაუშვა მტკიცებულებებს შორის პოლიციელ კორნელი კირცხალიას ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ მას აქვს ბექა გოცირიძის დანა. საქმეში დევს – ბექა გოცირიძის გამოკითხვის ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ იყო შეიარაღებული, როცა თოშხუასა და შერვაშიძეს დაესხა თავს.

„ნივთიერ მტკიცებულებებში თქვენ ნახავთ დანას და შესაბამის დათვალიერების ოქმს, რომელშიც მონაწილეობდა გოცირიძე და ჩატარებულია კორნელი კირცხალიას მიერ. ამოღებულია დანა და დანიშნულია ექსპერტიზები…. საქმეში ყველა მტკიცებულებაა გამამართლებელი განაჩენისთვის“, – ამბობს ადვოკატი.

ადვოკატმა მოწმეებზე ზემოწმედების საფრთხისა და ახალი დანაშაულის ჩადენის რისკების გაბათილებაც სცადა.

ის, რომ მოწმეები უკვე გამოკითხულები არიან და მათი ჩვენებები საქმეში დევს, ადვოკატისთვის საკმარისია იმის სამტკიცებლად, რომ პატიმრობიდან გათავისუფლების შემთხვევაში ბრალდებულები მათზე ზეწოლას არ და ვერ შეეცდებიან. ამას გარდა, მისთვის მიუღებელია ადმინისტრაციული სახდელის გამოყენება განმეორებითი დანაშაულის ჩადენის რისკის დასასაბუთებლად, რაც დემონსტრანტების სასამართლო საქმეების დროს უკვე ტენდენციად იქცა.

„თორნიკე თოშხუა არის მოქმედი საჯარო მოხელე, რომელიც მისი დაკავების მომენტისთვის უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში გახლდათ, შემოსავლების სამსახურის მთავარი აუდიტოტი. ის ასრულებდა თავის მოვალეობას მშვიდად და დაკავების დროს, ის იყო მოქმედი საჯარო მოხელე და იმედია ისევ იქნება, რადგან გვჭირდება ასეთი მოქალაქეები.

მინდია შერვაშიძე არის ადამიანი, რომელსაც გაფორმებული ჰქონდა კონტრაქტი ძალიან მოცულობით სარემონტო სამუშაოებზე, ერთწლიანზე, რომლიდანაც ორი თვე იყო გასული, სამი შვილი ჰყავს და არ ყოფილა არასდროს სანამართლევი.. იქამდე სანამ მივიდოდა რუსთაველის გამზირზე თავისი სამოქალაქო პოზიციის დასაფიქსირებლად, მანამდე, დილიდან საღამომდე მუშაობდა მშენებლობაზე შიშველი ხელებით…..

რა მოლოდინია, რომ ისინი ჩაიდენენ ჯგუფურ დანაშაულს?

…. არ მინდა ვისაუბრო ადმინისტრაციულ სახდელზე, არასერიოზულია, სანამ აქ მოვიდოდი, წითელზე გავიარე და დამაჯარიმეს, ამის გამო პატიმრობის საჭიროება უნდა ამტკიცოთ და 9 თვე გამატარებინოთ გლდანში? ეს ხომ სისულელეა, ბოდიში მომითხოვია”, – თქვა ომარ ფურცელაძემ სასამართლო სხდომაზე.

მანაც გაიზიარა მეორე ადვოკატის პოზიცია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებაზე და გამოხატა მზაობა, რომ დაეთანხმოს მოსამართლის შეთავაზებას თანხის ოდენობასთან დაკავშირებით, მოუწოდა გამოიყენოს ალტერნატიული ზომებიც, რომ რისკების პრევენცია მოხდეს.

მინდია შერვაშიძე დაეთანხმა ადვოკატს და არაფერი დაუმატებია, თუმცა მოკლედ დაამატა თორნიკე თოშხუამ:

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე კოდექსი არ არის უცხო, ყოველგვარი პატივისცემის მიუხედავად, უფრო მნიშვნელოვანია, მათი ნდობა ჩემი სიტყვისადმი, მათი პატივისცემა, რაც დავიმსახურე მოქმედებებით. თავს უფლებას ვერ მივცემ, რომ ჩემი ნებისმიერი ქმედება შეფასდეს ჩემი ღირსების შელახვად და ამ ადამიანებს ვუღალატო….”.

რეპლიკის დროს, პროკურორმა ნინო ჟვანიამ თქვა, რომ „როცა რამდენიმე პირი ერთად ურტყამს ერთ პიროვნებას, უფრო არის წარმოდგენილი დანაშაულის ბოროტი ნება, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნება“. ამით მან დანაშაულის გაგრძელების საფრთხე დაასაბუთა.

მოსამართლე ნატო ხუჯაძემ თქვა, რომ პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს. მისი განმარტებით, სახეზეა პატიმრობის ყველა საფუძველი, არ არის გამოკვეთილი ახალი არსებითი გარემოება, რომელიც პატიმრობის შეცვლის საფუძველი გახდებოდა.

მისი თქმით, ერთ-ერთი არგუმენტია, ბრალდებულების „უარყოფითი დამოკიდებულება მართლწესრიგის ნორმებისადმი”. ის ფიქრობს, რომ არსებობს მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე.
მტკიცებულებების დასაშვებობა
წინასასამართლოს ხდომაზე მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების გარდა, საქმეზე მხარეების მიერ წარდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზეც იმსჯელა. ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უცვლელად დაერთო საქმეს, როგორც სადავო, რაც ნიშნავს, რომ მათ არსებითი განხილვის ეტაპზე გამოიკვლევენ.

მოსამართლე, დაეთანხმა პროკურორ ნინო ჟვანიას და დაცვის მხარის მოწმეთა სიიდან ამორიცხა ვლადიმერ ბეროზაშვილი და დავით ტყებუჩავა.

ბრალდებულების ადვოკატების თქმით, მათი მოწმით დაკითხვა მნიშვნელოვანი იყო, რადგან ისინი ფლობდნენ ინფორმაციას რუსთაველის გამზირზე მომხდარი ინციდენტის შესახებ, რა დროსაც ამ საქმეში დაზარალებულ ფეხბურთელს ბექა გოცირიძეს აღმოუჩინეს დანა და პოლიციას გადასცეს.

ორივე მათგანი მედიას საჯაროდ ესაუბრა და ადვოკატების თქმით, ფლობდნენ ინფორმაციას ინციდენტის დეტალებზე. დაცვის მხარეს ისინი ცალკე არ გამოუკითხავს.

ეს კითხვა ჰქონდა პროკურორსაც, რატომ არ დაკითხეს ისინი. ნინო ჟვანიამ მიიჩნია, რომ დაცვის მხარის მიდგომა არღვევდა შეჯიბრებითობის პრინციპს, რადგან პროკურატურა არ იყო ინფორმირებული სასამართლოში დაკითხვის შემთხვევაში, რას იტყოდნენ დაცვის მხარის მოწმეები, ვინაიდან საქმეში მათი დაკითხვის ოქმები არ იდოს.

„საპროცესო პრაქტიკის დარღვევა იქნება, თუ თქვენ ამორიცხავთ მათ მოწმეთა სიიდან. ისინი მოვლენ და ისაუბრებენ რასაც შეესწრნენ და ამ თემას როგორ უნდა გასცდნენ? პროკურორი ამბობს, რომ არ ვიცით, რაზე ისაუბრებენო და რაზე ისაუბრებენ ბატონო მოსამართლე, კენედის მკვლელობაზე ხომ არ ისაუბრებენ?”, – თქვა ადვოკატმა დავით კუპრავამ.

მოსამართლე დაეთანხმა პროკურორს და განაცხადა, რომ ბეროზაშვილიც და ტყებუჩავაც, არ უნდა იყვნენ მოწმეებს შორის, მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ინფორმაცია მედიას პირდაპირ ეთერში მიაწოდეს და ეს ვიდეო შემდეგ ადვოკატმა დაათვალიერა.

„ვიდეოს რომ მოუსმინა ადვოკატმა, ვერ გახდება საფუძველი, რომ ისინი შევიდნენ დასაკითხ პირთა სიაში. მოწმე იკითხება იმის საფუძველზე, რა ინფორმაცას ფლობს მოცემულ საქმეზე, მხარეს არ ჰყავს გამოკითხული ისინი, არ არის ცნობილი, რა იციან და ასევე არ აქვთ პასუხი, არის თუ არა ის თანახმა გამოკითხვაზე”, – თქვა მოსამართლემ.

წინასასამართლოს ხდომა ორი საათის დაგვიანებით დაიწყო. თბილისის საქალაქო სასამართლის #8 დარბაზი მალევე გადაივსო. დამსწრეების მსურველთა ნაწილმა ოთახში შესვა ვერ მოახერხა.

არსებითი განხილვის პირველი სხდომა 20 ოქტომბერს, 14:00-ზე დაინიშნა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის მსჯავრდებულებმა, მათ შორის ძიუდოისტმა გიგა ტატიაშვილმა და მორაგბე ნიკოლოზ ჟვანიამ სასჯელის ამოწურვის შემდეგ საპატიმრო დატოვეს

„ძლიერი საქართველო“ – “4-ში ვიწყებთ და 4-ში ვამთავრებთ“ – ბოიკოტის მომხრე ყველა პარტიის ლიდერის და პოლიტიკოსის ღია მხარდაჭერა უნდა შეფასდეს „პოლიტიკურ ავანტიურად“ – ვიწყებთ ამომრჩეველთან და არჩეულ დეპუტატებთან ერთად აქტიურ მუშაობას