უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, კირილ ბუდანოვი Le Monde-თან ინტერვიუში ამბობს, რომ რუსეთის საზღვაო ფლოტზე უკრაინის თავდასხმების გამო რუსები საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ ოჩამჩირაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე.
“ჩვენ რეგულარულად ვუტევთ მტრის საზღვაო ფლოტსა და საპორტო ობიექტებს, ამიტომ რუსებს მოუწიათ სწრაფად გადაეტანათ ყველაფერი სამხრეთ-აღმოსავლეთით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე ოჩამჩირაში საზღვაო ბაზის შექმნას ცდილობენ”, – ამბობს ბუდანოვი უკრაინული მედიის თარგმანის მიხედვით.
ბუდანოვის თქმით, შავი ზღვის ჩრდილოეთი ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშაა, ისევე როგორც გაზის წარმოების პლატფორმები.
“საზღვაო საექსპორტო დერეფნები, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ეკონომიკისთვის, რისკების მიუხედავად კვლავ ფუნქციონირებს”, – დასძინა ბუდანოვმა.
