დანია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ შესაჩერებლად იმ ნავთობტანკერების მონიტორინგს აძლიერებს, რომლებიც დანიის წყლებში ტრანზიტით გადაადგილდებიან და კრემლს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარებიან, – ამის შესახებ დანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღშნიშნული.
განცხადების თანახმად, დანიური მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმ ძველ გემებს, რომლებსაც „ჩრდილოვანი ფლოტი“ ხშირად იყენებს და რომლებიც ეკოლოგიურ საფრთხეს ქმნიან.
დანიის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ მონიტორინგის გაძლიერების შედეგად შეგროვებული ინფორმაცია, შესაძლოა, „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ საბრძოლველად, მათ შორის სანქციების ქვეშ მყოფი კონკრეტული გემების სიის შემუშავებისთვის იქნას გამოყენებული.
დანიის გარემოს დაცვის მინისტრის, მაგნუს ჰეინიკეს განცხადებით, ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ტრანზიტით დიდი რაოდენობით მოძველებული ტანკერების ნავიგაცია შეინიშნება.
„ჩვენ ვაძლიერებთ გარემოსდაცვითი სტანდარტების დაცვის მონიტორინგს, რათა უფრო ეფექტურად ვებრძოლოთ ტანკერებსა და რუსულ „ჩრდილოვან ფლოტს“, – განაცხადა მაგნუს ჰეინიკემ.
ამასთან, დანიის მრეწველობის, ბიზნესისა და ფინანსთა მინისტრმა, მორტენ ბოდსკოვმა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის „საომარი მანქანის“ შეჩერების აუცილებლობაზე ისაუბრა.
„ჩვენ ვიყენებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ხელთ არსებობს. ჩვენი ხელისუფლება ახლა აძლიერებს კონტროლს დანიისა და დანიის წყლების დასაცავად“, – აღნიშნა მორტენ ბოდსკოვმა.
ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის ხელისუფლებამ ბენინის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო და რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ კუთვნილი ტანკერი დააკავა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, სწორედ ტანკერი „ბორაკაი“ იყოს დრონებით დანიის საჰაერო სივრცის დარღვევის ინციდენტთან კავშირში, რადგან ის დანიის ნაპირს გადიოდა.
1tv.ge
