საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და აზიის განვითარების ბანკის (ADB) საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა ხელი მოაწერეს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ბათუმი-სარფის გზის, დაახლოებით, 11 კილომეტრიანი, ძირითადად, ორზოლიანი ავტომაგისტრალის მშენებლობას.
გრძელვადიანი სესხის მოცულობა 306,6 მლნ ევროა. პროექტის ფარგლებში, ავტომაგისტრალი ბათუმის შემოვლითი გზის ხაზიდან დაიწყება და თურქეთთან სარფის სასაზღვრო გადასასვლელთან ახლოს მდებარედ გაგრძელდება. ძირითადი საინჟინრო მახასიათებლები მოიცავს 7.6 კილომეტრიან ორმხრივ გვირაბსა და 1.47 კილომეტრიან ხიდს ჭოროხის მდინარეზე, რომელიც ტრანსევროპული მაგისტრალის სტანდარტების შესაბამისად აშენდება.
სტრატეგიულად, პროექტი ხელს შეუწყობს რეგიონულ ინტეგრაციასა და ვაჭრობას, ასევე, საგრძნობლად შემცირდება მგზავრობის დრო და გაუმჯობესდება საგზაო უსაფრთხოების ნორმები.
ხელმოწერის ცერემონიამდე აღნიშნული პროექტის მნიშვნელობასა და ზოგადად, აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა და ინფრასტრუქტურის მინისტრებმა, ლაშა ხუციშვილმა და რევაზ სოხაძემ და აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, ლესლი ბეარმან ლამმა.
მინისტრებმა აზიის განვითარების ბანკის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორს მადლობა გადაუხადეს ADB-ის მიერ გაწეული მხარდაჭერისათვის და იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა კვლავ აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრას, ასევე, დაესწრნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, ფინანსთა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებისა და აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლები.
